Facebook Twitter
ბს-328-318(კ-09) 24 ნოემბერი, 2009 წელი

ბს-328-318(კ-09) 24 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს «...», დირექტორი _ გ. გ-შვილი, წარმომადგენლები _ მ. ღ-ძე, ნ. გ-შვილი

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 10 აპრილს შპს «...» დირექტორმა _ დ. კ-შვილმა სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹43 საგადასახადო მოთხოვნისა და საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლების წარმოშობის შესახებ 2006 წლის 15 მარტის შეტყობინების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მითითებით, სადავო საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, მოსარჩელეს უკანონოდ დაერიცხა გადასახადები, რადგან 2003 წლის 31 დეკემბრის ზონალური საგადასახადო ინსპექციის შედარების აქტის მიხედვით, შპს «...» მოგების გადასახადში ერიცხებოდა ზედმეტობა 1514 ლარი, ხოლო 2004 წლის ბალანსით მოგების გადასახადის სახით ერიცხებოდა 563 ლარი, რაც უნდა გამოკლებოდა ზედმეტობას. აღნიშნულის მიუხედავად აღმოჩნდა ნარჩენი – 2463,07 ლარი. საწარმოს ზედმეტობა ერიცხებოდა ასევე ეკონომიკური საქმიანობის გადასახადში 1100 ლარი, რომელიც მისივე მიმართვის საფუძველზე, 2002 წლის დეკემბერში გადატანილ იქნა დღგ-ში, თუმცა საწარმოს კვლავ ერიცხება ნარჩენი.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ფაქტები დასტურდება თელავის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 10 აგვისტოს ¹171 ბრძანების შესაბამისად კონტროლის განყოფილების მთავარი საგადასახადო ინსპექტორის მიერ ჩატარებული გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით, რომლის მიხედვით, შპს «...» დღგ-ს, მოგების, სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის გადასახადებში დაერიცხა ძირითადი გადასახადი 1929 ლარი, ჯარიმა _ 482 ლარი, რაც არ დაფიქსირდა შესაბამის ბარათებზე. საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 18 ოქტომბრის ¹3907-მ და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის ბრძანებების თანახმად, თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადასახადის გადამხდელთან შემოწმების (აუდიტის) სამმართველოს მთავარი ინსპექტორების მიერ 2004 წლის 1 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე პერიოდის შემოწმების შესახებ შედგენილი აქტის შესაბამისად, საგზაო ფონდის გადასახადთან დაკავშირებით საწარმოს დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი _ 3385 ლარი, სანქცია _ 642 ლარი, საურავი _ 2758 ლარი, სულ 7785 ლარი, რაც გატარდა გადასახადის გადამხდელის ბარათზე.

ამდენად, მოსარჩელის მითითებით, 2002 წლის 1 იანვრისათვის შპს «...» დღგ-ში ერიცხება ნარჩენი _ 5981,25 ლარი, საურავი – 949,63 ლარი, ქონების გადასახადში _ 222,2 ლარი, საურავი _ 357,24 ლარი, ხოლო ზედმეტობები არასასოფლო-სამეურნეო გადასახადში _ 7916 ლარი და მოგების გადასახადში – 1514,28 ლარი. 2002 წლის 23 აპრილს საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის გადასახადში გადახდილი აქვს 11000 ლარი.

თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2005 წლის 26 დეკემბრის ¹281 §1 ბრძანებით დადგინდა, რომ დღგ-ს ბარათზე შეცდომით იყო გადატანილი კომპიუტერულ ბაზაში ნაშთები, კერძოდ, ორჯერ გატარდა ეკონომიკური საქმიანობის ბარათიდან დღგ-ს ბარათზე 11000 ლარი და მოგების გადასახადის ბარათიდან _ 1514 ლარი. ამავე ბრძანების თანახმად, შესწორებები უნდა შესულიყო საწარმოს ბარათებზე, რის შესაბამისად, მოგების გადასახადის ბარათზე უნდა შემცირებოდა ძირითადი გადასახადი _ 3028 ლარი, სამეწარმეო საქმიანობის გადასახადში _ 22000 ლარი, სულ ძირითადი გადასახადი უნდა შემცირებულიყო 25028 ლარით, ხოლო ეკონომიკური და მოგების გადასახადებში არსებული ზედმეტობები უნდა გადატანილიყო დავალიანების დასაფარავად.

ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, საწარმოს უკანონოდ ერიცხება გადასახადი და საურავი. საგადასახადო ინსპექციამ დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე და 71-ე მუხლების მოთხოვნები. საგადასახადო კოდექსის 52.3 მუხლის თანახმად, საგადასახადო ინსპექცია ვალდებული იყო ზედმეტად გადახდილი თანხა დაებრუნებინა, ან მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, გადაეტანა სხვა გადასახადების ანგარიშში, რაც არ შესრულდა. საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ინსეპქციის უფროსის ბრძანების თანახმად, უნდა მომხდარიყო ბარათებზე შესწორების შეტანა (იხ. ს.ფ. 1-4).

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹43 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობა (იპოთეკის) უფლების წარმოშობის შესახებ 2006 წლის 15 მარტის შეტყობინება (იხ. ს.ფ. 30-32).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 39-40).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექცია (იხ. ს.ფ. 66).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თელავის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 71-74).

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹43 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობა (იპოთეკის) უფლების წარმოშობის შესახებ 2006 წლის 15 მარტის შეტყობინება, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «...» აყვანილია აღრიცხვაზე საგადასახადო ინსპექციაში. თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2004 წლის 10 აგვისტოს ¹171 ბრძანების შესაბამისად, საზოგადოებაში ჩატარდა გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის თანახმად, 2001 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 აგვისტომდე შპს «...» დღგ-ს, მოგების, სოციალურ და ეკონომიკური საქმიანობის გადასახადში დაერიცხა ძირითადი გადასახადი _ 1929 ლარი, ჯარიმა 482 ლარი, რაც არ დაფიქსირდა შესაბამის ბარათებზე. საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 18 ოქტომბრის ¹3907 ბრძანების საფუძველზე და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, 2004 წლის 1 აგვისტოდან 2004 წლის დეკემბრამდე პერიოდის შემოწმების შესახებ თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადასახადის გადამხდელთა შემოწმების (აუდიტის) სამმართველოს მთავარი ინსპექტორების მიერ 2004 წლის 20 დეკემბერს შედგენილი აქტის თანახმად, საწარმოს დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი 3385 ლარი, სანქცია 642 ლარი, საურავი 3785 ლარი, რაც გატარდა გადამხდელის ბარათზე. გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 31 დეკემბრის შედარების აქტის თანახმად, შპს «...» მოგების გადასახადში ზედმეტობა ერიცხებოდა 1514 ლარი. თელავის საგადასახადო ინსპექციაში 2004 წლის ბალანსით მოგების გადასახადში ერიცხებოდა 563 ლარი, რომელიც უნდა გამოკლებოდა ზედმეტობას, რაც არ შესრულდა.

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ საწარმოს აღმოაჩნდა ნარჩენი მოგების გადასახადში 2463,07 ლარი, რაც არასწორია, ასევე ზედმეტობა ეკონომიკური საქმიანობის გადასახადში 1100 ლარი, რომელიც გადატანილ იქნა დღგ-ში, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, ეკონომიკური საქმიანობის გადასახადში კვლავ ირიცხება ნარჩენი.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «...» 2002 წლის 1 იანვრისათვის დღგ-ში ერიცხება ნარჩენი: ძირითადი გადასახადი _ 222,2 ლარი, საურავი _ 357,24 ლარი, ხოლო ზედმეტობები არასასოფლო დანიშნულების მიწის გადასახადში 810,53 ლარი, სოციალურ გადასახადში 7916 ლარი და მოგების გადასახადში 1514,28 ლარი. 2002 წლის 23 აპრილს საწარმომ გადაიხადა სამეწარმე საქმიანობის გადასახადი 1100 ლარი.

რაიონული სასამართლოს მითითებით, თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2005 წლის 26 დეკემბრის ¹281 ბრძანებით დადასტურდა, რომ დღგ-ს ბარათზე შეცდომით იყო გადმოტანილი კომპიუტერულ ბაზაში ნაშთები, ორ-ორჯერ იყო გატარებული ეკონომიკური საქმიანობის ბარათიდან დღგ-ს ბარათზე 11000 ლარი და მოგების გადასახადის ბარათიდან დღგ-ს ბარათზე 1514 ლარი, რის საფუძველზეც უნდა შემცირებულიყო ძირითადი გადასახადი 25028 ლარი. ეკონომიკურ გადასახადში არსებული ზედმეტობა 1514,28 ლარი გადატანილი უნდა ყოფილიყო დავალიანების დასაფარავად.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნის უსწორობა დადასტურებული იყო საგადასახადო ინსპექციის უფროსის ბრძანებით, რაც არ შეასრულეს საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირებმა.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საგადასახადო ინსპექცია ვალდებული იყო დარიცხულ თანხასთან შედარებით ზედმეტად გადახდილი თანხა დაებრუნებინა, ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით გადაეტანა სხვა გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში, რაც არ შესრულდა (იხ. ს.ფ. 92-93).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არ გამოიკვლია მტკიცებულებები. თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 26 დეკემბრის ბრძანების პირველი პუნქტი შესრულდა საგადასახადო ორგანოს მიერ და პირად ბარათებზე განხორციელებულია შესწორებები, ხოლო ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირად ბარათებზე კორექტირება არ განხორციელდა (იხ. ს.ფ. 96-97).

თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – შპს «...» შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარემ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები და მიუთითა, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2005 წლის 26 დეკემბრის ¹281 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «...» მოთხოვნა, მაგრამ აღნიშნული ბრძანება არ შესრულდა და საწარმოს ბარათებზე არ გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერები. აღნიშნულის შესაბამისად, შპს «...» კვლავ მიმართა საგასახადო ინსპექციას. 2006 წლის 24 მარტის ¹82 ბრძანებით გადამხდელთა მომსახურეობის სამმართველოს უფროსს დაევალა შსპ «...» ბარათებზე ცვლილებების შეტანა.

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, საგადასახადო კოდექსის 52.3 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო დაებრუნებინა ზედმეტად გადახდილი თანხა ანდა საწარმოს მოთხოვნით გადაეტანა სხვა დავალების ვალდებულებათა ანგარიშში, რაც არ შესრულდა, ასევე საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის საფუძველზე არ მოხდა საგადასახადო ინსპექციის უფროსის ბრძანების შესწორებათა დარიცხვა (იხ. ს.ფ. 149-156).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (იხ. ს.ფ. 131-133).

თელავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ შპს «...» და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 149-156).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ ჩატარებული გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით, შპს «...» დღგ-ს, მოგების, სოციალურ და ეკონომიკური საქმიანობის გადასახადებში დაერიცხა ძირითადი გადასახადი 1929 ლარი, ჯარიმა 482 ლარი, რაც არ დაფიქსირდა შესაბამის ბარათებზე. 2004 წლის 20 დეკემბერს საგადასახადო დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმებით საგზაო ფონდის გადასახადთთან დაკავშირებით, შპს «...» დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი, სანქცია და საურავი, სულ 7785 ლარი, რაც გატარდა გადამხდელის ბარათზე.

თელავის ზონალური საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 31 დეკემბრის შედარების აქტით შპს «...» მოგების გადასახადში ზედმეტობა ერიცხება 1514 ლარი. თელავის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის ბალანსით კი, მოგების გადასახადში ერიცხება 563 ლარი, რომლის გამოკლებაც ზედმეტად დარიცხულ თანხაზე არ მომხდარა.

2002 წლის 1 იანვრისათვის შპს «...» დღგ-ში ერიცხება ნარჩენი ძირითადი გადასახადი _ 5981,25 ლარი, საურავი _ 949,63 ლარი, ქონების გადასახადი _ 222,2 ლარი, საურავი _ 357,24 ლარი, ხოლო ზედმეტობები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში _ 810,53 ლარი. სოციალურ გადასახადში – 7916 ლარი და მოგების გადასახადში _ 1514, 28 ლარი. 2002 წლის 23 აპრილს გადახდილია სამეწარმეო საქმიანობის გადასახადში 11000 ლარი.

შსპ «...» საჩივრის საფუძველზე თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 26 დეკემბრის ¹281 §1 ბრძანებით განისაზღვრა საწარმოსათვის მოგების გადასახადის ბარათზე 25.12.04 წლის ძირითადი გადასახადის _ 22000 ლარის, სულ 25028 ლარის შემცირება, ასევე ეკონომიკური საქმიანობის გადასახადში არსებული ზედმეტობის – 11000 ლარისა და მოგების გადასახადში არსებული ზედმეტობის – 1514,28 ლარის დავალიანების დასაფარავად გადატანა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 68.1 მუხლით და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 26 დეკემბრის ¹281 §1 ბრძანების შესაბამისად, არ განახორციელა შპს «...» პირად ბარათზე შესწორებითი დარიცხვა და შესაბამისად, სავარაუდო დარიცხვის გაუქმება (იხ. 169-174).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

კასატორის მითითებით, თელავის რეგიონალური ცენტრის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათები და მისცა ახსნა-განმარტება იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდა ბარათებზე 2005 წლის 26 დეკემბრის ¹281 §1 ბრძანების შესაბამისად. ამასთან, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 მარტის ¹82 ბრძანებით ცვლილება შევიდა ¹281 §1 ბრძანებაში, რომელიც გატარდა საწარმოს ბარათზე 2006 წლის 7 აპრილს. მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხების სხვა გადასახადებში გადატანასთან დაკავშირებით, კასატორმა მიუთითა, რომ «გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის ¹228 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 10.5 მუხლის შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადის ანგარიშში გადატანისათვის საგადასახადო ინსპექციის მიერ ყველა სახის გადასახადის ანგარიშში გადატანისათვის საგადასახადო ინსპექციის მიერ ყველა სახის გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათის მიხედვით ხდება გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტების შემოწმება, მათი მონაცემების ბარათის მონაცემებთან შედარება, შესაბამისი შედარების აქტის შედგენა და ფორმდება დასკვნა ზედმეტობის არსებობის შესახებ». ამავე ბრძანების 19.1 მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის (გადამხდელის) გადასახადების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების ჩატარება აუცილებელი წესით სავალდებულოა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში.

ამდენად, ზედმეტად გადახდილი თანხების სხვა გადასახადების ანგარიშში გადატანა განიხილება ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად დადგენილი წესით გაფორმებული შედარების აქტის წარმოდგენის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, საწარმოს ბარათებზე განხორციელდა ყველა ცვლილება და არ არსებობს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. ს.ფ. 181-188; 202-209).

თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ შპს «...» შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2005 წლის 26 დეკემბრის ¹281 §1 და 2006 წლის 24 მარტის ¹82 ბრძანებების გამოცემის მიუხედავად, საწარმოს ბარათებზე კვლავ შეცდომით მოხდა ცვლილებების გატარება.

შპს «...» 2002 წლის 23 აპრილს გადაიხადა ეკონომიკური საქმიანობის გადასახადი, ხოლო 2002 წლის 25 მაისს მიმართა გურჯაანის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას, აღნიშნული თანხა ჩაეთვალა დღგ-ს გადასახადში, რაც შესრულდა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლის მიერ და დაფიქსირდა შედარების აქტში 2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მაგრამ შემდეგში იმავე მუშაკის მიერ თელავის საგადასახადო ინსპექციის ბაზაში მონაცემთა გადატანის დროს დაშვებულ იქნა შეცდომა და აღნიშნული თანხა ორჯერ გატარდა დღგ-ს ბარათზე. შპს «...» ითხოვდა აღნიშნული შეცდომის გასწორებას. 2005 წლის 26 დეკემბრის ¹281 §1 ბრძანების შესაბამისად, ბარათებიდან ორივე გატარება გაუქმდა, რამაც წარმოშვა დღგ-ს ბარათზე ნარჩენი დავალიანება და საურავები. 11000 ლარის ეკონომიკური საქმიანობის გადასახადში გადატანის შემდეგ ჩამოიწერა თელავის საგადასახადო ინსპექციის შემოწმების შედეგად ეკონომიკური საქმიანობის გადასახადში დარიცხული თანხა, ხოლო დარჩენილი 10348 ლარიდან დაიფარა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გადასახადზე დარიცხული საურავი – 4091,48 ლარი, დარჩენილი 5857 ლარი გადატანილ იქნა გაუქმებულ გადასახადში, რითაც აღნიშნული თანხა დაიკარგა.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, საგადასახადო სამსახურმა 2005 წლის 26 დეკემბრის ¹281 §1 ბრძანების შესაბამისად, არ განახორციელა საწარმოს პირად ბარათზე შესწორებული დარიცხვა და შესაბამისად, სავარაუდო დარიცხვის გაუქმება (იხ. ს.ფ. 221-226).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 236-242).

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება დავის მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ მხარეებს მისცა ვადა სადავო საკითხთან დაკავშირებით საქმის გარემოებების ხელახლა გადახედვისა და მხარეებს შორის შესაძლო შეთანხმების მიღწევის მიზნით (იხ. სხდომის ოქმი).

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა აცნობეს სასამართლოს მათ შორის შეთანხმების მიღწევის შესახებ, რის შედეგადაც კასატორმა დააზუსტა კასაციის განაცხადი, ნაწილობრივ უარი თქვა საკასაციო საჩივრის მოთხოვნაზე და მოითხოვა თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹43 საგადასახადო მოთხოვნისა და საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლების წარმოშობის შესახებ 2006 წლის 15 მარტის შეტყობინების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით (იხ. სხდომის ოქმი).

მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა კასატორის დაზუსტებულ განაცხადს და ნაწილობრივ ცნო საკასაციო საჩივარი (იხ. სხდომის ოქმი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კასაციის დაზუსტებული განაცხადის ფარგლებში საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹43 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლების წარმოშობის შესახებ 2006 წლის 15 მარტის შეტყობინება და მოპასუხეს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა შორის სადავო საკითხის ხელახლა გადახედვისა და არგუმენტების ურთიერთშეჯერების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოხატა ნება სადავო საკითხის ხელახლა განხილვისა და შესაბამისი ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.

ამდენად, კასატორმა ფაქტობრივად ნაწილობრივ უარი თქვა საკასაციო საჩივრის მოთხოვნაზე _ გაუქმებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «...» სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულიყო, კერძოდ, კასატორმა დააზუსტა კასაციის განაცხადი და მოითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობა, რათა სადავო საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახლა იქნეს განხილული, რითაც ფაქტობრივად ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მოწინააღმდეგე მხარე საკასაციო სასამართლოს სხდომაზე დაეთანხმა კასაციის განაცხადს და ცნო იგი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება და კასაციის დაზუსტებული განაცხადი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ადმინისტრაციული ორგანო გამოხატავს ნებას, რათა კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად განიხილოს სადავო საკითხი, რაც მოსარჩელის ინტერესებს მოცემულ სტადიაზე აკმაყოფილებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დაშვებულია უზუსტობა, გადასახადის გადამხდელის ბარათებზე შეცდომით მოხდა დარიცხული საგადასახადო დავალიანებების აღრიცხვა, რამაც წარმოშვა ცდომილებებლი საგადასახადო ადმინისტრირების პროცესში.

ამდენად, კასატორმა – სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოხატა ნება ხელახლა იქნეს გამოკვლეული საქმის გარემეობები და მათი შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ, რაც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹43 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლების წარმოშობის შესახებ 2006 წლის 15 მარტის შეტყობინება და მოპასუხეს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-3 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹43 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლების წარმოშობის შესახებ 2006 წლის 15 მარტის შეტყობინება და მოპასუხეს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.