¹ბს-334-321(კ-09) 1 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «...» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
01.12.06წ. შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 27.09.06წ. ¹2175 ბრძანების გაუქმება და მის პირად ბარათზე ზედმეტობის, 24 351.08 ლარის აღდგენა მოითხოვა. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 16.11.06წ. ¹2888 ბრძანების გაუქმებაც მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.07.07წ. გადაწყვეტილებით შპს «...» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 27.09.06წ. ¹4062 საგადასახადო მოთხოვნა, ამავე ინსპექციის ¹2175 ბრძანება, შპს «...» შესაგებლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ» ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 16.11.06წ. ¹2888 ბრძანება და ბათუმის საგადასახადო ინსპექციას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შპს «...» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...». კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს «...» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს «...» დაეკისროს 760 ლარისა და 31 თეთრის სახელმწიფო ბაჟის გადახდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.