ბს-340-327(2კ-09) 23 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოპასუხე) – აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტი
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – დ. კ-ძე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.08წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. კ-ძემ 09.02.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე – აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2006 წლის 31 იანვრიდან მსახურობდა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურში რეკლამების კოორდინატორის თანამდებობაზე. მოპასუხის მიერ 04.12.06წ. გამოცემული ბრძანებით ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ეცნობათ რეორგანიზაციისა და შტატების ან მოსამსახურეთა რიცხოვნობის შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. აჭარის ა/რ მთავრობის 26.12.06წ. ¹100 დადგენილებით ცვლილება შევიდა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის დებულებაში და მის სტრუქტურულ ქვეგანაყოფებში აღარ იქნა გათვალისწინებული საფინანსო-საბუღალტრო სამსახური, მაგრამ ახალი სტრუქტურის მიხედვით დეპარტამენტს დაემატა ბუღალტერია და მარკეტინგის სამსახური. მარკეტინგის სამსახურის ფუნქციას რეკლამების განთავსება წარმოადგენდა, რასაც დ. კ-ძე ახორციელება საფინანასო-საბუღალტრო სამსახურში. დ. კ-ძე დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.01.07წ. ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 97-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, თუ მას არ ახლდა შტატების შემცირება. მოსარჩელის შტატი არ შემცირებულა, იმავე ფუნქციის განსახორციელებლად შეიქმნა მარკეტინგის სამსახური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.01.07წ. ¹34 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.03.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.01.07წ. ¹34 ბრძანება და მოპასუხე მხარეს - დ. კ-ძის მარკეტინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის, აღდგენილ სამუშაოზე გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.03.07წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. კ-ძის მოთხოვნა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო იძულებითი განაცდურის შესახებ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერთი თვის ხელფასის – 550 ლარის ანაზღაურება დაევალა. აღნიშნული გადაყვტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.08.08წ. განჩინებით ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო პალატის 26.11.07წ. გადაწყვეტილება და საქმეზე განსჯადობით განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საკასაციო სასამართლომ არ გაზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ დ. კ-ძე არ იყო საჯარო მოხელე, ხოლო დეპარტამენტი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაცია აღმასრულებელი ხელისუფლების დეწესებულებაა და მასში საქმიანოდა საჯარო სამსახურად ითვლება, არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ დ. კ-ძის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებაზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი ვერ გავრცელდება. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დავა არაგანსჯადმა სასამართლომ განიხილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.03.07წ. გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.01.07წ. ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ერთი თვის ვადაში, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. კ-ძის დასაქმებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დეპარტამენტში რეალურად არ განხორციელებულა შტატების შემცირება, რადგან რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა იგივე რაოდენობის საშტატო ერთეული რა ოდენობითაც იყო რეორგანიზაციამდე. უწყების რეორგანიზაცია გულისხმობდა გარკვეული თანამდებობების გაუქმებას, ახალი შტატების დაშვებას და უწყების სხვა სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც არ ნიშნავდა დაწესებულების ლიკვიდაციას. რეორგანიზაცია არ წარმოადგენდა მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს, თუ მას არ მოჰყვა შტატების შემცირება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არასწორად იქნა აღდგენილი მარკეტინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ვინაიდან ის გათავისუფლდა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის რეკლამების კოორდინატორის თანამდებობიდან.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი საშტატო ერთეულების რაოდენობრივი ჯამის უცვლელობა, არ ნიშნავს რომ რეალურად არ განხორციელებულა შტატების შემცირება, შტატების ნაწილი გაუქმდა და ახალ საშტატო განრიგში შეიქმნა ცალკეული თანამდებობები, რაც გაუქმებული შტატების შემცირებას ნიშნავს. დ. კ-ძემ წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისთვის სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან მის სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდში ყოველთვიურად 700 ლარის დაკისრება მოითხოვა. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და არ პასუხობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, სასამართლოს უნდა ემსჯელა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის გამოყენებაზე და მის საფუძველზე დაეკმაყოფილებია მოთხოვნა იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 31.01.06წ. ¹05 ბრძანებით დ. კ-ძე დაინიშნა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურში რეკლამების კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 04.12.06წ. ¹68 ბრძანებით –აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – დეპარტამენტის მოსამსახურეებს ეცნობათ მოსალოდნელი რეორგანიზაციის, ასევე სტრუქტურული ცვლილებების გამო თანამდებობათა და/ან მოსამსახურეთა რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.01.07წ. ¹34 ბრძანებით დ. კ-ძე გათავისუფლდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის რეკლამების კოორდინატორის თანამდებობიდან, გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მიეთითა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 97-ე მუხლის პირველი პუნქტი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.03.07წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.01.07წ. ¹34 ბრძანება დ. კ-ძის სამუშაოდან გათავისულების შესახებ და აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაევალა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა – შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. კ-ძის დასაქმების და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
«საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად გამოცხადების შემთხვევაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალება ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმადაც სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოხელეს აუნაზღაურდება გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 06.12.05წ. გადაწყვეტილება, საქმე ¹ბს-1230-805(კ-05)). მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სას-კის 32.4 მუხლის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად აღარ არსებობდა ადმინისტრეციული ორგანოსათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა თავისთავად გულისხმობს ახალი აქტის გამოცემამდე, მიუხედავად იმისა თუ რა აქტი იქნება გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, შესაბამისად, სასკ-ის 32,4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა წარმოაგენდა არა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ აქტის გამოცემის, არამედ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე დავალებული აქტის გამოცემამდე იძულებით განაცდურის ანაზღაურებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ აქტის ბათილად ცნობისათის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების დასაბუთებას და ემყარება იმ მოსაზრებას, რომ რეორგანიზაცია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად არ წარმოადგენს მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს, თუ ასეთ რეორგანიზაციას არ მოჰყოლია შტატების შემცირება, ხოლო დაწესებულების რეორგანიზაციისას შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე არასწორად იქნა აღდგენილი მარკეტინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ვინაიდან სადავო ბრძანებით იგი გათავისუფლდა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის რეკლამების კოორდინატორის თანამდებობიდან. სააპელაციო პალატამ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნო აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.01.07წ. ¹34 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმის გამოსაკვლევ გარემოებათა მითითების გარეშე, დაავალა ახალი აქტის გამოცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლის გარკვევის დავალება არ წარმოადგენს სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 26.12.06წ. ¹100 დადგენილებით ცვლილებები იქნა შეტანილი ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის დებულებაში და სტრუქტურულ ქვედანაყოფში აღარ არის გათვალისიწნებული საფინანსო-საბუღალტრო სამსახური, მაგრამ ახალი სტრუქტურის მიხედვით დეპარტამენტს დაემატა ბუღალტერია და მარკეტინგის სამსახური. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, იმ შემთხვევაში თუ დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. კანონის 97-ე მუხლის მიხედვით მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია საშტატო განრიგი განისაზღვრა კვლავ 45 ერთეულით, მაგრამ მოხდა დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების გაყოფა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სტატუსის შეცვლა (ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამოყალიბებით). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ძველი და ახალი საშტატო განრიგებით შტატების რაოდენობა ჯამში განსაზღვრული იყო 45 ერთეულით, ამასთანავე დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შტატების შემცირებას არ ჰქონია ადგილი, ვინაიდან სასამართლოს არ უმსჯელია დ. კ-ძის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის – საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის რეკლამების კოორდინატორის თანამდებობის სანაცვლო საშტატო ერთეულის შემოღებაზე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უსაფუძვლოა მარკეტინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა, ვინაოდან სადავო ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლებულია არა სამსახურის უფროსის, არამედ დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის რეკლამების კოორდინატორის თანამდებობიდან, ამდენად, სააპელაციო პალატა ფაქტობრივად დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 76-ე, 77-ე მუხლების დარღვევით დაავალა მოპასუხეს დ. კ-ძის დაწინაურება, რეკლამების კოორდინატორის თანამდებობას შეეცვალა სტატუსი, რასაც მოჰყვა ფუნქციონალურ-კომპეტენციური მოთხოვნების გაზრდა, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დეპარტამენტის დებულებაში აჭარის ა/რ მთავრობის 13.06.07წ. ¹64 დადგენილებით შეტანილი ცვლილებისა და განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად რეკლამების კოორდინატორის ფუნქციას ამჟამად მარკეტინგის და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასრულებს, რომელიც დეპარტამენტის თავჯდომარის 19.06.07წ. ¹39 ბრძანებით დამტკიცებული სამსახურის დებულების შესაბამისად, სარეკლამო საქმიანობის გარდა სხვა ფუნქციებსაც ასრულებს (მარკეტინგული კვლევა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ლიცენზირებული ტელეპროდუქციის მოძიება, შესყიდვა, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინირება, სატელიტური სიგნალისა და პირდაპირი ჩართვების, ტრეინინგების ორგანიზება და სხვ.). სააპელაციო პალატას არ დაუდგენია რიგითი საშტატო ერთეულის სხვა რომელი თანამდებობის უფლებამოსილებაში შედის რეკლამების კოორდინაციის ფუნქცია, ამასთანავე საშტატო რიცხოვნობის ჯამში იმავე რაოდენობით განსაზღვრა, რაც ძველი საშტატო განრიგით იყო დადგენილი, ცალსახად არ ადასტურებს დ. კ-ძის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობის არსებობას. საქმეზე უნდა დადგინდეს რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული რეკლამის კოორდინატორის თანამდებობის ფუნქციონალური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეულის არსებობა, მისი სტატუსი, უნდა გაირკვეს აქვს თუ არა ადგილი დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართ ფუნქციონალურ-კომპეტენციური მოთხოვნების გაზრდას და სტატუსშეცვლილ თანამდებობაზე დ. კ-ძის აღდგენის შესაძლებლობა. სააპელაციო პალატის მიერ არ არის დასაბუთებული აგრეთვე ის, თუ რატომ სცილდება აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სასამართლო კომპეტენციას და სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, რატომ განეკუთვნება იგი მხოლოდ ადმინისტრაციის უფლებამოსილებათა რიგს.
გაურკვეველია სააპელაციო პალატის 05.12.08წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწიში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სხვა რაიმე ნაწილი არ გააჩნია, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.02.07წ. გადაწყვეტილებით დ. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა სრულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ პასუხობს სსკ-ის 249-ე მუხლის მოთხოვნებს, არის წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახალი არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი და დ. კ-ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.08წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.