Facebook Twitter

ბს-34-34(კ-09) 2 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი – სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო”; წარმომადგენელი – ზ. ლ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ძე

სარჩელზე მოპასუხე - თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი – თ. ბ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 28 მაისს მ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ პ. ნ. ძე ე-ევმა უანდერძა უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. ¹9-ში. პ. ე-ევი გარდაიცვალა 2005 წლის 4 დეკემბერს. მის მიერ სამკვიდრო მიღებულ იქნა ფაქტობრივი ფლობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-1424-ე მუხლების შესაბამისად, რეგისტრირებულია და ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე.

2006 წლის 17 აპრილს განცხადებით მიმართა სანოტარო ბიუროს პ. ე-ევის შინაურული ანდერძის საფუძველზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით, ნოტარიუსის დადგენილებით ჩატარდა ანდერძის ექპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ანდერძი შედგენილი იყო ნამდვილად პ. ე-ევის მიერ. ამასთან, სხვა პირს არ წარუდგენია განცხადება აღნიშნული სამკვიდროს მიღების ან მიღების ფაქტის დადასტურების შესახებ.

საცხოვრებელი სახლი პ. ე-ევს მიღებული ჰქონდა ორდერით, რომლის საფუძველზეც 1995 წლის 20 ივლისს სანოტარო წესით გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელიც იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამი თვის ვადაში, კერძოდ კი 1995 წლის 26 ივლისს წარადგინა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, რითაც მას წარმოეშვა საკუთრების უფლება აღნიშნულ ქონებაზე. ამდენად, პ. ე-ევის მიერ საკუთრების უფლებით პრივატიზებულ იქნა ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹9-ში მდებარე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი ფართი 37 კვ.მ. და სარდაფი 6კვ.მ. ტექბიუროს ბეჭედი უტყუარი დასტურია იმისა, რომ პ. ე-ევს თავისდროულად აქვს ჩაბარებული პრივატიზაციის ხელშეკრულება ტექბიუროში, თუმცა გაირკვა, რომ საჯარო რეესტრის ტექბიუროს არქივში აღნიშნული ხელშეკრულება არ ინახება. შესაბამისად, პ. ე-ევის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის, რის გამოც ვერ ხერხდება ანდერძით დატოვებული საკუთრების მიღება.

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 19 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა სანოტარო აქტი “სამკვიდროს მისაღებად განაცხადების წრმოდგენის შესახებ”, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, დადასტურდა მის მიერ სამკვიდროს მიღება და ამავე სანოტარო აქტით მიენიჭა ზოგადი ხასიათის მემკვიდრის უფლებები, კერძოდ: მამკვიდრებლის სახელით მართოს სამკვიდრო ქონება, აქტივები და პასივები, შეასრულოს ვალდებულებები და რაც მთავარია, ამ სანოტარო აქტის მე-4 პუნქტით და მე-5 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით მიენიჭა უფლება წარმოადგინოს სამკვიდრო მასა ყველა სამართლებრივ ურთიერთობაში და უზრუნველყოს სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონების რეგისტრაცია. აღნიშნულის საფუძველზე 2008 წლის 22 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება ¹01005017977, სადაც ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე. განცხადებაზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 25 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ დამატებით წარმოსადგენია კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგნილი სამკვიდრო მოწმობა.

ვინაიდან, არ გააჩნდა სრული სამკვიდრო მოწმობა, 2008 წლის 5 მარტს ხელახალი განაცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ამჯერად უკვე მოითხოვა ნოტარიუსის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი 2008 წლის 22 თებერვლის სანოტარო აქტის და პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე …... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაცია მამკვიდრებლის – პ. ე-ევის სახელზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 26 მარტს გამოტანილი იქნა ¹882008044436-06 დადგენილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. სარეგისტრაციო სამსახური წარმოების შეწყვეტის მიზეზად უთითებდა, რომ დაინტერესებულმა პირმა ვერ უზრუნველყო რეგისტრაციის შეჩერების ვადაში რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრა.

მოსარჩელის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარი და უკანონოა ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2008 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების პასუხად წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 5 მარტის დამატებითი განცხადება, სადაც შეცვლილი იქნა თავდაპირველი მოთხოვნა და მოთხოვნილ იქნა უძრავი ქონების არა მოსარჩელის, არამედ მამკვიდრებლის – პ. ე-ევის სახელზე რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურს საერთოდ არ უმსჯელია შეცვლილ (დაზუსტებულ) მოთხოვნაზე და უსაფუძვლოდ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება შEჩერების საფუძვლების არაღმოფხვრის მოტივით. თუ სამსახურმა დაზუსტებული განცხადება მიიჩნია ახალ (დამოუკიდებელ) განცხადებად, მაშინ მასზე მიღებული უნდა ყოფილიყო არსებითი, ცალკე გადაწყვეტილება. ხოლო თუ 2008 წლის 5 მარტის განცხადება მიღებული იქნა, როგორც დაზუსტებული განცხადება, მაშინ სარეგისტრაციო სამსახურს თავის 2008 წლის 26 მარტის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასევე არსებითად უნდა ემსჯელა პ. ე-ევის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.

მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “კ” ქვეპუნქტის და “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-2 მუხლის “კ” ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე პ. ე-ევის საკუთრების უფლების დამდგნი დოკუმენტი – სანოტარო წესით დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება (რომელიც დადგენილ ვადაში წარდგენილი იყო ტექბიუროში). მას სანოტარო დოკუმენტის შესაბამისად გააჩნია ყოველგვარი რწმუნება მამკვიდრებლის ამ ქონებაზე, მათ შორის უფლება მოითხოვოს რეგისტაცია. გადახდილია სარეგისტრაციო მოსაკრებელი. ამდენად, სახეზეა კანონით გათვალისწინებული ყველა საფუძველი პ. ე-ევის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონოა.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებამდე მოსარჩელემ ერთჯერადად გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2008 წლის 14 მაისის ¹01/11-2574/1146/გ გადაწყვეტილებით საჩივარი ასევე არ დაკმაყოფილდა. სააგენტომ საერთოდ არ იმსჯელა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაშვებულ უკანონობაზე. კერძოდ, მასზედ, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა არ იმსჯელა შეცვლილ მოთხოვნაზე უძრავი ქონების პ. ე-ევის სახელზე აღრიცხვის შესახებ. სააგენტო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ვინაიდან პ. ე-ევი გარდაცვლილია, მისი უფლებაუნარიანობა შეწყვეტილია და არ შეიძლება მის სახელზე აღირიცხოს საკუთრების უფლება. აღნიშნული მსჯელობა საფუძველს მოკლებულია, რადგან წარდგენილ იქნა სანოტარო დოკუმენტი, რომლითაც მ. გ-ძეს ენიჭებოდა უფლება განეხორციელებინა პ. ე-ევის სამკვიდრო ქონების რეგისტრაცია. გარდა ამისა, საჯარო რეესტრი წარმოადგენს მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოს და მას კანონით უფლება არა აქვს შევიდეს წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებით კვლევაში.

მოსარჩელის მითითებით, რესგიტრაციას ხელს ვერ შეუშლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლითაც გარდაცვლილ ფიზიკურ პირს უწყდება უფლებაუნარიანობა, რადგან პ. ე-ევმა თავისი ნება აღნიშნულ უძრავ ნივთზე გამოხატა თავის სიცოცხლეში – მოახდინა ბინის პრივატიზაცია და დადგენილ ვადაში რეგისტრაციაში გაატარა საკუთრების უფლება ძველი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად იმ დროისათვის არსებულ სარეგისტრაციო ორგანოში – ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში. თავის სიცოცხლეშივე, ანუ სრულ უფლებაუნარიანობის და ქმედუნარიანობის პირობებში უანდერძა მას ეს ქონება. 2008 წლის 22 თებერვლის სანოტარო აქტით “ზოგადი ხასიათის მემკვიდრეობის შესახებ” კანონიერად მიენიჭა უფლება ემართა სამკვიდრო ქონება და გაეტარებინა რეგისტრაციაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულით კი, ილახება კანონიერი უფლება ნაანდერძევი ქონების მისაღებად, რომელიც მამკვიდრებლის მიერ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრის წინამორბედ მარეგისტრირებელ ორგანოში – ტექბიუროში და მასთან მიმართებაში არავის რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 მარტის ¹882008044436-06 სარეგისტრაციო წაერმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 14 მაისის ¹01/11-2574/1146 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას პ. ე-ევის სახელზე საკუთრების უფლებით აღერიცხა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹9-ში, საცხოვრებელი ფართით 37 კვ.მ და სარდაფი - 6 კვ.მ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 მარტის ¹882008044436-06 დადგენილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 14 მაისის ¹01/11-2574/1146 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, კანონმდებლობით დადგენილი წესით განეხორციელებინა ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹9-ში მდებარე უძრავი ქონების პ. ე-ევის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას’’. იმავე კანონის მე-2 მუხლის “ზ’’ პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ან ქმედება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის’’ “კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მოიაზრება “ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძარვ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას’’.

ვინაიდან სახეზეა სათანადო (სანოტარო) ფორმით დამოწმებული უძრავი ქონების პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელიც დადგენილ ვადაში წარდგენილი იქნა იმ პერიოდისათვის არსებულ მარეგისტრირებელ ორგანოში – ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, ზემოაღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლოს მოსაზრებით, პ. ე-ევს საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლება წარმოეშვა ხელშეკრულების რეგისტრაციის დღეს – 1995 წლის 26 ივლისს. გამომდინარე აქედან, სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. ე-ევის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებით არ ხდება გარდაცვლილზე რაიმე უფლებაუნარიანობის მინიჭება და აღნიშნული არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლს.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების – პ. ნ. ძე ე-ევის 2005 წლის 30 აპრილით დათარიღებული ანდერძისა და სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარმოდგენის შესახებ 2008 წლის 19 თებერვლის მოწმობის ერთლობლივი ანალიზის შესაბამისად, მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს განსახილველ სამართალურთიერთობაში მოსარჩელე მ. გ-ძის “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება.

სასამართლოს მითითებით საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ 2008 წლის 19 თებერვალს ნოტარიუს ლ. ი-ელის მიერ გაცემულ იქნა სანოტარო აქტი, რომლითაც მ. გ-ძეს მიენიჭა სამკვიდრო ქონებაში შემავალი უძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფის უფლებამოსილება. “ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ნოტარიატი წარმოადგენს საჯარო სამართლებრივ ინსტიტუტს, ხოლო ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. ვინაიდან ზემოაღნიშნული სამართლებივი დოკუმენტის კანონიერების საკითხი სათანადო წესით მოპასუხეთა მიერ ეჭვქვეშ არ ყოფილა დაყენებული, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მარეგისტრირებელი ორგანოს (საჯარო რეესტრი) ვალდებულებას წარმოადგენდა აღესრულებინა მოსარჩელის ის მოთხოვნა, რომლის უფლებამოსილებაც მას გააჩნდა საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული სანოტარო აქტის საფუძველზე.

სასამართლომ ასევე გაიზიარა განმარტება მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უკანონოდ იქნა უარი ნათქვამი სარეგისტრაციო წარმოებაზე, დაინტერესებული პირის მიერ რეგისტრაციის შეჩერების ვადაში რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტების არ წარმოდგენის მოტივით. მ. გ-ძის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2008 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტლების პასუხად წარდგენილ იქნა 2008 წლის 05 მარტის დამატებითი განცხადება, სადაც შეცვლილი იქნა თავდაპირველი მოთხოვნა და მოთხოვნილი იქნა უძრავი ქონების არა მოსარჩელის, არამედ მამკვიდრებლის – პ. ე-ევის სახელზე რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურს საერთოდ არ უმსჯელია შეცვლილ (დაზუსტებულ) მოთხოვნაზე და უსაფუძვლოდ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება შეჩერების საფუძვლების არაღმოფხვრის მოტივით. თუ სამსახურმა დაზუსტებული განცხადება მიიჩნია ახალ (დამოუკიდებელ) განცხადებად, მაშინ მასზე მიღებული უნდა ყოფილიყო არსებითი, ცალკე გადაწყვეტილება, ხოლო თუ 2008 წლის 05 მარტის განცხადება მიღებულ იქნა როგორც დაზუსტებული განცხადება, მაშინ სარეგისტრაციო სამსახურს თავის 2008 წლის 26 მარტის გასაჩივრებულ გადაწყეტილებაში ასევე არსებითად უნდა ემსჯელა პ. ე-ევის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილის სარეგისტრაციო სამსახურმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზირა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება – დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო” საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეზე დადგენილად ცნობის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: აწ გარდაცვლილმა პ. ე-ევმა პროცესუალურ მოწინააღმდეგეს მ. გ-ძეს უანდერძა უძრვი ქონება – საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹9-ში. მ. გ-ძის მიერ სამკვიდრო მიღებული იქნა ფაქტობრივი ფლობით, რეგისტრირებულია და ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე.

საცხოვრებელი ბინა პ. ე-ევს მიღებული ჰქონდა ორდერით, რომლის საფუძველზეც 1995 წლის 20 ივლისს გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, ხელშეკრულება დარეგისტრირდა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, თუმცა გაირკვა, რომ ტექბიუროს არქივში აღნიშნული ხელშეკრულება არ ინახებოდა.

შესაბამისად, პ. ე-ევის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის, რის გამოც ვერ მოხდა მემკვიდრის მიერ ანდერძით დატოვებული უძრავი ქონების საკუთრებაში მიღება.

2008 წლის 22 თებერვალს მ. გ-ძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლის საფუძველზეც მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მის სახელზე.

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, სამკვიდრო მოწმობის წარუდგენლობის მოტივით.

2008 წლის 5 მარტს მ. გ-ძემ ხელახალი განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ამჯერად მოითხოვა ნოტარიუსის მიერ შედგენილი 2008 წ. 22 თებერვლის სანოტარო აქტისა და პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგიტრაცია მამკვიდრებლის – პ. ე-ევის სახელზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წ. 26 მარტის ¹88200804443606 დადგენილებით მ. გ-ძის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ მოტივით, რომ განმცხადებელმა დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლოს მოტივაციას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ზემოაღნიშნული დადგენილების უკანონობის თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს ქ. თბილისში, ... ქ. 9-ში მდებარე უძრავი ქონების აწ გარდაცვლილ პ. ე-ევის საკუთრებაში დარეგისტრირების კანონიერი საფუძველი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ მარეგულირებელ ორგანოს.

სსიპ “საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოზე”, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოზე, ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ იმ სახის ქმედება, რომლის განხორციელების შესაძლებლობაც მას უშუალოდ კანონის საფუძველზე აქვს მინიჭებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა და არ მიუთითა იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც კასატორს მისცემდა სამკვიდრო ქონების აწ გარდაცვლილი პირის სახელზე დარეგისტრირების უფლებას.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღებისას არ დაუდგენია, რითი შემოიფარგლებოდა კასატორის ფუნქციები წინამდებარე საკითხის გადაწყვეტის პროცესში. კერძოდ, “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 13.11 მუხლის შესაბამისად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავ ნივთზე არ არის აღრიცხული სახელმწიფო ან სხვა პირის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უძრავ ნივთებზე ინფორმაციის ან ცნობა-დახასიათების გაცემისას მიუთითოს, რომ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული. ხოლო “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2005 წლის 22 დეკემბრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 62-ე მუხლის 32 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ სამკვიდრო უძრავი ქონებაა, რომელზეც საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მის თაობაზე არ არის დაცული მონაცემები ტექნიკური აღრიცხვის არქივში, სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის ნოტარიუსის მიერ მოთხოვნილი უნდა იქნეს შესაბამისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი და საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) მონაცემებს იმის თაობაზე, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ეს უძრავი ქონება ასევე არ არის აღრიცხული ტექნიკური აღრიცხვის არქივში; ბ) მონაცემებს უძრავ ქონებაზე ყადაღისა და სხვა უფლებრივი დატვირთვის შესახებ.

აღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კერძოდ იმ ვითარებაში, როდესაც მამკვიდრებლის სახელზე უძრავი ქონება რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები ტექნიკურ აღრიცხვის არქივში დაცული არ არის, საჯარო რეესტრის ფუნქცია შემოიფარგლება მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციული შინაარსის დოკუმენტის გაცემით, რომელიც დაადასტურებს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში და ამასთან, არ არის აღრიცხული ტექნიკური აღრიცხვის არქივში. ხოლო რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობის გაცემას საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ნოტარიუსის ფუნქციას და მის მიერ გაცემული სანოტარო აქტი შემდგომში უნდა იქცეს უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის საფუძვლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-ძეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან კანონშესაბამისად ეთქვა უარი უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვამდე, რის გამოც არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წ. 19 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. მ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.