ბს-347-334(კ-08) 21 იანვარი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი (მოპასუხე) – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი თ. გ-ე (მინდობილობა 16.01.09წ., ¹2-10/28, 22.12.08წ. ¹2-27/183)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ. კ-ე, წარმომადგენელი შ. ქ-ე (რწმუნებულება 20.01.09წ. ¹1-369)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გატარების დავალდებულება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.08წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. კ-ემ 18.10.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ქობულეთის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 23.08.06წ. ¹71 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 აბზაცის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საიჯარო ხელშეკრულების კვლავ რეგისტრაციაში გატარების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის 23.08.06წ. ¹71 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქობულეთის რაიონის გამგეობის 28.03.01წ. ¹45 დადგენილება, რომლის საფუძველზეც 28.03.01წ. ზ. კ-სა და ქობულეთის რაიონის გამგეობას შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება 10 წლის ვადით, 3.0 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე და რეგისტრირებული იყო ქობულეთის რაიონის მიწის სარეგისტრაციო სამსახურში, სარეგისტრაციო ნომრით ¹45. დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული იყო, რომ ქობულეთის რაიონის მიწის მართვის სამსახურის ცნობით, საიჯარო მიწის ფართობი არ გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ, არ ასრულებდნენ იჯარით აღებულ ვალდებულებებს და ბიუჯეტში არ იხდიდნენ სათანადო გადასახადებს, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან ქობულეთის რაიონის გამგეობის მიწის მართვის სამსახურის მიერ ქობულეთის რაიონის გამგებელზე 24.03.06წ. მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღიარებულ იქნა კეთილსინდისიერ ფერმერად და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების კარგ შემსრულებლად, ხოლო ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 28.09.06წ. ¹7008 ცნობის მიხედვით საგადასახადო დავალება არ ერიცხებოდა. ამასთან, ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სხვა პირისათვის იჯარის ობიექტის გადაცემის თაობაზე ერთი წლით ადრე მოიჯარის შეტყობინებას, მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მეიჯარის ვალდებულებას შეადგენს იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოიჯარის წერილობითი შეტყობინება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გამგეობის ასეთი ქმედებით, ფერმერული საქმიანობის ხელშეშლასთან ერთად, მოსარჩელეს მიადგა ფინანსური ზარალი, რადგან პირუტყვის მოშენებაზე გაწეული ჰქონდა სოლიდური კაპიტალდაბანდება. ამასთან, საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა ხდება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, რომლის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ანიჭებდა უფლებას პირდაპირი მიყიდვის ფორმით მოეხდინა ხსენებული საიჯარო მიწის პირად საკუთრებაში გადაყვანა, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიზანმიმართულად ართმევდა აღნიშნული კანონით მინიჭებულ უფლებას. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლა არათუ ასეთი ფორმით, არამედ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც კი, სკ-ის 604-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია თუ მეურნეობის იჯარა მოიჯარის მეურნეობისათვის წარმოადგენს საარსებო საფუძველს და მიწის ნაკვეთი სასიცოცხლოდ აუცილებელია მოიჯარის მეურნეობის შესანარჩუნებლად და იჯარის მოშლა, თუნდაც ხელშეკრულების შესაბამისად, მოიჯარისა ან მისი ოჯახისათვის იმდენად მტკივნეულია, რომ მას არა აქვს გამართლება თვით მეიჯარის პატივსადები ინტერესებითაც კი.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 13.09.07წ. გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონის გამგეობის 23.08.06წ. ¹71 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 აბზაცით ჩამოყალიბებული შინაარსი - ქობულეთის რაიონის გამგეობის 28.03.01წ. ¹45 დადგენილებით, ქალაქ ქობულეთში დ. აღმაშენებლის გამზირის ¹357-ში მცხოვრებ ზ. კ-ე 3,0 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის გამოყოფის თაობაზე ძალადაკარგულად გამოცხადების ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ზ. კ-სა და ქობულეთის რაიონის გამგეობას შორის 3,0 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის გამოყოფის თაობაზე საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციაში გატარება.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 13.09.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.08წ. განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 13.09.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სზაკ-ის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სზაკ-ის 2.1 მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეში დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ზ. კ-ე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ქობულეთის რაიონის გამგეობის 23.08.06წ. ¹71 დადგენილება, რის გამოც მოპასუხის ვალდებულებას შეადგენდა სზაკ-ის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარჩელის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა, რაც ქობულეთის რაიონის გამგეობის მიერ არ განხორციელებულა. ამასთანავე, გამგეობის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ მითითებული კოდექსის 98-ე მუხლი, ვინაიდან ზ. კ-ეს წაერთვა უფლება, წარმოედგინა მტკიცებულებანი და შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, რის გამოც მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სასამართლოს მიერ ბათილად იქნა მიჩნეული. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სზაკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები თუ 581-ე _ 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 561-ე მუხლის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. გარდა აღნიშნულისა, მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, მეიჯარემ ერთი წლით ადრე უნდა აცნობოს მოიჯარეს სხვა პირისათვის იჯარის ობიექტების გადაცემის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. კ-ე არ ყოფილა გაფრთხილებული იჯარის ხელშეკრულების მოშლის შესახებ კანონით დადგენილი წესით და ქობულეთის რაიონის გამგეობის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ მითითებული ნორმები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.08წ. განჩინება 19.05.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ 23.08.06წ. ¹71 დადგენილებით მოიშალა ხელშეკრულება მოსარჩელესთან, სადავო ობიექტის არადანიშნულებისამებრ და არამიზნობრივად სარგებლობის გამო. ხელშეკრულება მოიშალა ობიექტის არადანიშნულებისამებრ და არამიზნობრივად სარგებლობის გამო. მოსარჩელე ხელშეკრულებით ვალდებული იყო, ჩაეტარებინა საირიგაციო სამუშაოები, თხრილების, არხების გაწმენდა, ასევე უნდა დაეცვა ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების მოთხოვნები, რომლის გაუტარებლობის შემთხვევაში და მოცემული სამუშაოების შეუსრულებლობაში პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრებოდა იჯარით გაცემული მიწის ჩამორთმევა. კასატორმა ასევე განმარტა, რომ, მართალია, სახელმწიფო ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობით განხორციელებულ გეგმას, თუმცა თუ საფრთხე ემუქრება სახელმწიფო ქონებას, მოხდება კანონის წესით სახელმწიფო საკუთრების დაცვა და შენარჩუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის “ე” ქვეპუნქტი და უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.05.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით, 07.07.08წ. მოსაზრება წარმოადგინა ზ. კ-ემ, რომელმაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. 15.10.08წ. განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტის მომზადებისა და გამოცემის წესების აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა განჩინებაში ყურადღებას ამახვილებს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების წესების დარღვევაზე, ამასთანავე, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული ასეთი დარღვევის არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში აქტის მომზადების წესების დაუცველობა, არ იძლეოდა 601 მუხლის საფუძველზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს, საამისოდ საჭიროა გასაჩივრებული აქტის მატერიალური კანონმდებლობის დარღვევის დადგენა. სადავო აქტის მატერიალური კანონიერების გარკვევა საჭიროებდა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადგენას. სააპელაციო საჩივარში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნავდა, რომ სადავო დადგენილების გამოცემა განაპირობა გამოყოფილი ფართის არადანიშნულებისამებრ და არამიზნობრივად სარგებლობა, სახნავი მიწის ნაკვეთის საძოვრად გამოყენება. ქობულეთის რაიონის გამგეობისა და ზ. კ-ეს შორის 28.03.02წ. დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების 4.1 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, არადანიშნულებისამებრ იჯარის ობიექტის გამოყენება წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, ხელშეკრულების 3.11 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად დანიშნულებით ობიექტის გამოყენება წარმოადგენს მოიჯარის ვალდებულებას. ამდენად მოიჯარის მიერ იჯარის ქირის გადახდის ფაქტის დადგენა არ წარმოადგენდა სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტის საკმარის პირობას. მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ძირითად მოტივს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მოვლის და გამოყენების წესების დარღვევა, ნაკვეთის არამიზნობრივად გამოყენება, კერძოდ სახნავი მიწის ნაკვეთის საძოვრად გამოყენება. საქმეზე დადგენას საჭიროებდა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენების ფაქტი, რისთვისაც საჭირო იყო იჯარის ობიექტის – მიწის ნაკვეთის გეგმის, ექსპლიკაციის, აღწერილობითი ოქმის გამოთხოვა, რითაც ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად განისაზღვრება საიჯარო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულება. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 28.03.01წ. ¹45 დადგენილებით, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა სადავო აქტით, მოსარჩელეს იჯარით 10 წლით ვადით გადაეცა სახნავი ფართობი, ხოლო მოსარჩელის მტკიცებით ნაკვეთს იყენებს პირუტყვის მოსაშენებლად. ამდენად, საქმეზე არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. პირველმა ინსტანციამ ისე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაავალა 3,0 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის გამოყოფის თაობაზე ზ. კ-სა და ქობულეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციაში გატარება, რომ საქმეში არ ჩართო ამ მოთხოვნის მიმართ მოპასუხედ სარეგისტრაციო სამსახური, რომელიც არც სააპელაციო სასამართლოს მიერ იქნა საქმეში მხარედ მოწვეული. სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ხელშეკრულების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე სათანადო მოპასუხედ მოსარჩელის თანხმობით უნდა ჩაერთოთ ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა სრულად გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ იძლევა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საქმის ხელახალი განხილვისას საქმეზე უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ ის თუ რამდენად მიზნობრივად იყენებდა ზ. კ-ე საიჯარო ფართს. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საჯარო რეესტრში საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრციაში გატარებას, სსკ-ის 85-ე მუხლით განსაზღვრული წესით არასათანადო მოპასუხე – ქობულეთის რაიონის გამგეობა უნდა შეიცვალოს სათანადო მოპასუხით – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგიტრაციო სამსახურით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საქმის მითითებულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.08წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.