ბს-352-336(კ-06) 25 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ს-ძის უფლებამონაცვლის – ვ. ს-ძის წარმომადგენლის ი. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 17 ივნისს ნ. ს-ძის წარმომადგენელმა ი. ბ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა 2005 წლის 18 მაისს ჩატარებული იძულებითი აუქციონის აქტის და მისი შედეგების გაუქმება, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ 3-4).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. შ.ფ 46-48)
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ძის რწმუნებულმა ი. ბ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 50-52).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მარტის განჩინებით ნ. ს-ძის რწმუნებულის ი. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; Uუცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 86-90).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ძის რწმუნებულმა ი. ბ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ 97-99)
საქართველოს უზენაესი სასამარლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივნისის განჩინებით ნ. ს-ძის სარჩელზე საქმის წარმოება შეჩერდა კასატორის გარდაცვალების გამო.
საქართველოს უზენაესი სასამარლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინებით Nნ. ს-ძის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება მისი ძმა – ვ. ს-ძე და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის განჩინებით ნ. ს-ძის უფლებამონაცვლის – ვ. ს-ძის წარმომადგენლის ირმა ბანძელაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს ვ. ს-ძის წარმომადგენელმა ი. ბ-ძემ, ზ. ჯ-შვილის წარმომადგენელმა მ. გ-ძემ და იმერეთის სააღსრულებო ბიურომ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საპროცესო საქმის განხილვის შედეგზე. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტი. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
მოწინააღმდეგე მხარეებმა ზ. ჯ-შვილმა და იმერეთის სააღსრულებო ბიურომ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებებში აღნიშნეს, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, რამდენადაც სახეზე არ იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები (იხ.ს.ფ. 354, ტ. II)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ს-ძის უფლებამონაცვლის – ვ. ს-ძის წარმომადგენლის ი. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ ნ. ს-ძის უფლებამონაცვლის – ვ. ს-ძის წარმომადგენლის ი. ბ-ძის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ნ. ს-ძის უფლებამონაცვლის – ვ. ს-ძის წარმომადგენლის ი. ბ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. ს-ძის უფლებამონაცვლის – ვ. ს-ძის წარმომადგენლის ი. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ ნ. ს-ძის უფლებამონაცვლის – ვ. ს-ძის სახელზე ი. ბ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, ი. ბ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-ძის უფლებამონაცვლის – ვ. ს-ძის წარმომადგენლის ი. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორის _ ნ. ს-ძის უფლებამონაცვლის – ვ. ს-ძის სახელზე ი. ბ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, ი. ბ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.