ბს-358-343(კ-09) 14 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 17 დეკემბერს შპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის და რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი ინსპექტორის დავით სანიკიძის მიმართ.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის გასარკვევად შემოწმებულ იქნა შპს ,,...”. შემოწმების აქტით შპს ,,...” დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 20753 ლარის გადახდა. აქტის თანახმად დარიცხული გადასახადის გამოთვლა მოხდა 1998 წლის 11 ნოემბერს შპს ,,...” და თბილისის მეტროპოლიტენს შორის დადებული ¹9 ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც შპს ,,...” თბილისის მეტროპოლიტენის წინაშე კისრულობდა ვალდებულებას, შეესრულებინა ელექტრომომარაგების ტელემართვის სისტემისათვის მოწყობილობების საპროექტო, სამონტაჟო და გამართვის სამუშაოები. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 169809 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ შემოწმების აქტით დარიცხული თანხის ძირითადი ნაწილი ინსპექტორის მოსაზრებით წარმოადგენდა ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხის არასწორ გადაანგარიშებას აშშ დოლარიდან ეროვნულ ვალუტაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 1 აპრილის აქტის ბათილად ცნობა, ფინანსთა სამინისტროსა და რუსთავის საგადასახადო ინსპექციისათვის 20688 ლარის უკან დაბრუნების დაკისრება და მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...” სასარჩელო განცხადება მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი ინსპექტორის დ. ს-ძის მიმართ, გადაეგზავნა უფლებამოსილ რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...” და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 30 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,...”.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა რუსთავის საგადასახადო ინსპექცია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...” საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...” და მისი რუსთავის საქალაქო სასამართლოსადმი დაბრუნების ნაწილში გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 თებერვლის განჩინებით შპს ,,...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 29 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია); შპს ,,...” უფლებამონაცვლედ დაგენილ იქნა შპს ,,...”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ძალაში შესვლიდან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი (არარეზიდენტის შემოსავლების და რეკლამის გადასახადით დაბეგვრის ნაწილის გარდა) რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 1 აპრილის შემოწმების აქტი ყველა თანმდევი შედეგით; შპს ,,...” სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.