Facebook Twitter
ბს-361-346(კ-09) 30 აპრილი, 2009 წ

ბს-361-346(კ-09) 30 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 15 სექტემბერს ქ. თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე ა. ჩ-ევამ მოპასუხე თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა მიწის მართვის დეპარტამენტის მიწის გამოყენებისა და დაცვის ადმინისტრაციული კომისიის 2003 წლის 30 ივლისის დადგენილების ბათილად ცნობა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ევას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ევამ და მოითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ა. ჩ-ევას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ევამ და მოითხოვა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით ა. ჩ-ევას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ევას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 28 ივლისის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ¹მმ 001530 და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 28 ივლისის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ¹მმ 001530 და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 13 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2009 წლის 30 მარტს ა. ჩ-ევას წარმომადგენელმა მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.