ბს-36-36(კ-09) 30 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ ე. მ-ძე
წარმომადგენელი _ დ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, წარმომადგენელი _ გ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ მთავრობა, წარმომადგენელი _ ო. დ-ძე
მესამე პირი _ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანო _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ე. მ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების _ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ, მესამე პირის _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
საქმის გარემოებები:
ე. მ-ძე 2006 წლის მაისიდან მუშაობდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების ... თანამდებობაზე. მას მუშაობის პერიოდში შენიშვნა ან საყვედური არ მიუღია, ხოლო კარგი მუშაობისათვის რამდენჯერმე მიიღო პრემია. 2008 წლის იანვარში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს, რომლითაც მას მოახსენა ხელვაჩაურის რაიონში ხე-ტყის უკანონო ჭრის თაობაზე. ამასთან, მოითხოვა კომისია სატყეო-სამეურნეო უბნების შესამოწმებლად. ხელვაჩაურის განყოფილების უფროსმა გ. კ-შვილმა 2008 წლის 24 იანვარს შუამდგომლობით მიმართა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს, თითქოს მოსარჩელე 2007 წლის დეკემბერსა და 2008 წლის იანვარში არ ცხადდებოდა სამუშაოზე და ამ საფუძვლით მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლება. 2007 წლის 7 თებერვალს მოსარჩელეს ჩაჰბარდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის ბრძანება მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული ბრძანება ე. მ-ძემ გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობაში, მაგრამ მთავრობის 2008 წლის 18 მარტის ბრძანების თანახმად, უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის მითითებით, მას სამუშაო არ გაუცდენია და ზემომითითებულ პერიოდში კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. მისი სამუშაოდან დათხოვნა მოხდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსის პირადი ინტერესით, რამდენადაც მოსარჩელემ სამმართველოს უფროსს აცნობა რაიონის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის თაობაზე. ამასთან, აჭარის ა/რ მთავრობის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ასევე, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2008 წლის 5 თებერვლის ¹01-02/16 ბრძანება გამოცემულ იქნა ისე, რომ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული წარმოება, არ მოუთხოვიათ ფაქტზე ახსნა-განმარტება, არ ყოფილა შედგენილი რაიმე სახის აქტი მუშაობაში ნაკლოვანი მხარეების შესახებ. მოწმეებმა, რომლებიც ხელვაჩაურის განყოფილების მუშაკები იყვნენ, იძულებით და დაშინებით მისცეს ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის საწინააღმდეგო ჩვენებები, რომ, თითქოს ის სისტემატურად აცდენდა სამსახურს. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე მხარეს არ გააჩნდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ე. მ-ძე სამუშაოს აცდენდა და არ ცხადდებოდა. ასეთი არც ადმინისტრაციული წარმოების დროს ყოფილა წარდგენილი და სათანადოდ გამოკვლეული.
სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:
გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს /იხ.ს.ფ. 1-7; 15-21/.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში 2008 წლის 24 იანვარს გაიგზავნა სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსის შუამდგომლობა ე. მ-ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობისათვის, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულის გამო, ე. მ-ძეს არაერთხელ ჰქონდა მიღებული სიტყვიერი შენიშვნა. მოპასუხის მტკიცებით, ეს გარემოება დადასტურდა სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების 2008 წლის 30 იანვრის კორესპონდენციითაც, სადაც ე. მ-ძის სამუშაოზე სისტემატურ გამოუცხადებლობას ადასტურებდნენ ამავე განყოფილების სხვა საჯარო მოხელეები. კორესპონდენციაში მითითებული გარემოებები გადამოწმებულ იქნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ, კერძოდ, ხელვაჩაურის განყოფილებაში 2008 წლის 4 თებერვალს ჩატარდა თათბირი. სხდომაზე განყოფილების საჯარო მოხელეების მიერ კვლავ დადასტურდა ე. მ-ძის სამსახურში სისტემატური გამოუცხადებლობის ფაქტი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე, 93-ე და 99-ე მუხლების საფუძველზე, ე. მ-ძე სამუშაოდან გათავისუფლდა სამსახურებრივი მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობისათვის /იხ. სხდომის ოქმი/.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე აჭარის ა/რ მთავრობამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ე. მ-ძის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე 2008 წლის 20 თებერვლის ¹13 ბრძანებით დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ე. მ-ძეს გაეგზავნა შეტყობინება და მიეცა შესაძლებლობა თავისი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების წარდგენისათვის. ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2008 წლის 6 მარტს, რომელსაც მოსარჩელე ესწრებოდა. ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო დასაბუთება იმისა, თუ რატომ უნდა ჩათვლილიყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბრძანება ბათილად, ვერ წარადგინა ვერანაირი დოკუმენტი, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა ბრძანების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ე. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ე. მ-ძე 2006 წლის მაისიდან მუშაობდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების ... თანამდებობაზე. მას მუშაობის პერიოდში შენიშვნა ან საყვედური არ მიუღია, ხოლო კარგი მუშაობისათვის რამდენჯერმე მიიღო პრემია. ხელვაჩაურის განყოფილების უფროსმა გ. კ-შვილმა 2008 წლის 24 იანვარს შუამდგომლობით მიმართა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს, რომლითაც აცნობა, რომ ე. მ-ძე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ, იგი დროულად არ ცხადდებოდა თავის სამუშაო ადგილზე, რის გამოც ვერ ახერხებდა მოქალაქეთა დროულ მიღებასა და მათი თხოვნა-საჩივრების განხილვას. 2008 წლის 30 იანვარს ხელვაჩაურის განყოფილების უფროსმა _გ. კ-შვილმა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის სახელზე დამატებით გააგზავნა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც აღნიშნა, რომ ე. მ-ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა გამოიხატა, როგორც სამუშაოზე მისი გამოუცხადებლობით, ისე თათბირებზე არდასწრებით, რის გამოც ვერ ხერხდებოდა მისთვის დავალების დროულად მიცემა და საფრთხე ექმნებოდა იმ სამუშაო პროცესების განხორციელებას, რომელიც დაკისრებული ჰქონდა ხელვაჩაურის განყოფილებას. 2008 წლის 4 თებერვალს ამავე განყოფილებაში შედგა თათბირი, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა საკითხი ე. მ-ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შესახებ. აღინიშნა, რომ მას არაერთხელ ჰქონდა მიღებული სიტყვიერი შენიშვნა, რაც დადასტურდა განყოფილების საჯარო მოხელეების მიერ. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის _ ი. კ-აკის მიერ 2008 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა ბრძანება ე. მ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვით, ე. მ-ძის სამსახურში გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულ შეუსრულებლობად.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ე. მ-ძის მიმართ დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, გამოიკვლია ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოპასუხის მიერ დადგენილ იქნა, რომ ე. მ-ძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა, როგორც სამუშაოზე მისი გამოუცხადებლობით, ისე სამუშაო თათბირებზე არდასწრებით, რითაც ხელი შეეშალა იმ სამუშაო პროცესების განხორციელებას, რომელიც დაკისრებული ჰქონდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიულ ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილებას.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99.3 მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლონ მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად არღვევდა სამსახურებრივ მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ე. მ-ძის სამუშაოზე დიდი ხნის განმავლობაში სისტემატური გამოუცხადებლობა სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად შეაფასა, რაც სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რადგან ეს არ ყოფილა ე. მ-ძის მიერ სამუშაოზე ერთჯერადი გამოუცხადებლობა, ან ერთი პერიოდის განმავლობაში ერთჯერადად რამდენიმე დღით გამოუცხადებლობა, არამედ, როგორც აღინიშნა, ე. მ-ძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისტემატურად აცდენდა სამსახურს, რითაც ზიანი ადგებოდა სამმართველოს მუშაობას. ამდენად, სასამართლოს დასკვნით, არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო ე. მ-ძის მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2008 წლის 18 მარტის ¹24 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.1 მუხლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა მისი კანონწინააღმდეგობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია /იხ. ს.ფ. 198-203/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით არაკანონიერი იყო და ექვემდებარებოდა გაუქმებას. საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომის დისციპლინის უხეშ დარღვევას. მოპასუხეების მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი სახის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აპელანტი არ ცხადდებოდა სამუშაოზე, არ იყო წარდგენილი სათანადო აქტები ე. მ-ძის სამუშაოზე გამოუცხადებლობისა და დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შესახებ. ასევე არ იყო წარდგენილი სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით სამუშაოს გაცდენის მონაცემები. საქმეში წარდგენილი სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების 2008 წლის 4 თებერვლის ¹01-16/01 სხდომის ოქმის თანახმად, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე ესწრებოდა თათბირს და დასვა საკითხი ტყეებში არსებული უკანონო ჭრების გამოვლენის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ. ამავე ოქმით უტყუარადაა დადასტურებული, რომ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილებაში ზემოაღნიშნული თათბირის გარდა სხვა თათბირი 2008 წელს არ ჩატარებულა, რასაც მოწმობდა მოცემული ოქმის ნუმერაცია.
აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებით არ არის დადგენილი, თუ რა სახის უხეში დარღვევები ჩაიდინა მან, რომელ რიცხვში არ გამოცხადდა სამუშაოზე, რა დავალება არ შეასრულა, რომელ მოქალაქეს შეეშალა ხელი მისი ქმედებით და რა ზარალი მიადგა ორგანიზაციას. ყოველივე ზემოაღნიშნული და საქმეში წარდგენილი ფაქტები ბანკის პრემიებისა და ხელფასის დარიცხვის ამონაწერის შესახებ უტყუარად ადასტურებდა, რომ 2007 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლების დღემდე, ანუ 2008 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, სრულყოფილად ჰქონდა მას დარიცხული ხელფასი ყველა სამუშაო დღეების მიხედვით. ამასთან, კარგი მუშაობისათვის მიღებული ჰქონდა პრემია სამჯერ და არ გაუცდენია არასაპატიო მიზეზით არც ერთი სამუშაო დღე /იხ. ს.ფ. 212-223/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ე. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ე. მ-ძე 2006 წლის მაისიდან მუშაობდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების ... თანამდებობაზე. ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსმა გ. კ-შვილმა 2008 წლის 24 იანვარს შუამდგომლობით მიმართა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს ე. მ-ძის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, იმ მიზეზით, რომ იგი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ, დროულად არ ცხადდებოდა სამსახურში, რის გამოც ვერ ახერხებდა მოქალაქეთა დროულ მიღებასა და მათი თხოვნა-საჩივრების განხილვას, არ ესწრებოდა თათბირებს, რის გამოც ვერ ხერხდებოდა მასზე დავალების დროულად მიცემა და საფრთხე ექმნებოდა იმ სამუშაო პროცესის განხორციელებას, რომელიც ეკისრებოდა ხელვაჩაურის განყოფილებას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ე. მ-ძის მიმართ დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99.3 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლონ მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საფუძველს იყო მოკლებული აპელანტის მოთხოვნა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2008 წლის 5 თებერვლის ¹01-03/16 ბრძანების გაუქმების შესახებ” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე” აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2008 წლის 18 მარტის ¹24 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია /იხ. ს.ფ. 272-278/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში, შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გამოიკვლია და სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სადავო ბრძანება ეფუძნება დაინტერესებული პირის _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსის _ მ. კ-შვილის 2008 წლის 24 იანვრის შუამდგომლობას მოსარჩელის მიერ სამუშაოს შეუსრულებლობის გამო, სამუშაოდან გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ, რომელსაც იმ დროისთვის არავითარი დასაბუთება არ ახლდა. კასატორის აზრით, დაწესებულებაში სწორი მართვისა და მენეჯმენტის პირობებში თანამშრომლის სამსახურში გამოცხადება უნდა ხდებოდეს ე.წ. “ტაბელის” ან სპეციალური, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის მეშვეობით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. ამასთან, ე. მ-ძისათვის არავის უცნობებია, რომ ზემდგომ ორგანოში განსახილველად გაიგზავნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა მოსარჩელე გაეთავისუფლებინათ. ამ უკანასკნელს კი არ მიეცა შესაძლებლობა, შესაბამისი მტკიცებულებები წარედგინა ადმინისტრაციული წარმოების ამ ეტაპზე და დაეცვა მისი უფლებები.
კასატორის მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქმის წარმოების წესები არ იცნობს ისეთ დოკუმენტს, როგორიცაა განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომელსაც ხელს აწერენ სხვა თანამშრომლები. აღნიშნულ მოხსენებით ბარათში დამატებულია კიდევ ერთი ბრალდება, რომ მოსარჩელე არ ესწრებოდა თათბირებს, მაშინ, როცა სასამართლოს მიერ მტკიცებულებად მიჩნეული 2008 წლის 4 თებერვლის ¹01-16/01 სხდომის ოქმით დგინდება, რომ ე. მ-ძე ესწრებოდა თათბირს, ხოლო აღნიშნული ოქმის ნუმერაციის მიხედვით, ეს იყო ერთადერთი თათბირი, რომელიც ჩატარდა 2008 წელს. ამდენად, სხვა თათბირები არ ჩატარებულა და შესაბამისად, ვერც მოსარჩელე დაესწრებოდა მათ /იხ. ს.ფ. 287-294/.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განჩინებით ე. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ე. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე. მ-ძე მუშაობდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების ... თანამდებობაზე, ხოლო აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსმა _ გ. კ-შვილმა 2008 წლის 24 იანვარს შუამდგომლობით (ს.ფ. 36) მიმართა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს, რომლითაც აცნობა, რომ ე. მ-ძე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ, იგი დროულად არ ცხადდებოდა თავის სამუშაო ადგილზე (ხშირ შემთხვევაში, მთელი დღის განმავლობაში), რის გამოც ვერ ახერხებდა მოქალაქეთა დროულ მიღებასა და მათი თხოვნა-საჩივრების განხილვას, ხოლო ამასთან დაკავშირებით, მას არაერთხელ ჰქონდა მიღებული სიტყვიერი შენიშვნა, რის გამოც ზიანი ადგებოდა იმავე განყოფილების ადმინისტრაციას და აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპებს. გ. კ-შვილმა ხსენებული შუამდგომლობით აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის წინაშე იშუამდგომლა, რომ მას თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ე. მ-ძე. 2008 წლის 30 იანვარს აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსმა _ გ. კ-შვილმა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს, 2008 წლის 24 იანვრის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, დამატებით წარუდგინა მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 66), რომელშიც აღნიშნა, რომ ე. მ-ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა გამოიხატებოდა, როგორც სამუშაოზე მის გამოუცხადებლობაში, ისე თათბირებზე არდასწრებაში (რასაც დაადასტურებდნენ ამ განყოფილების თანამშრომლები), რის გამოც ვერ ხერხდებოდა მისთვის დავალების დროულად მიცემა და საფრთხე ექმნებოდა იმ სამუშაო პროცესების განხორციელებას, რომლებიც დაკისრებული ჰქონდა ამ განყოფილებას. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების 2008 წლის 4 თებერვლის სხდომაზე (ს.ფ. 67-69 _ სხდომის ოქმი ¹01-16/01), რომელსაც ესწრებოდა ე. მ-ძე, მოისმინეს აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსის _ გ. კ-შვილის მოხსენება იმის თაობაზე, რომ ე. მ-ძე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დროულად არ ცხადდებოდა სამსახურში (ხშირ შემთხვევაში, მთელი დღის განმავლობაში), რის გამოც ვერ ახერხებდა მოქალაქეთა მიღებას და მათი განცხადებების განხილვას, მას არაერთხელ ჰქონდა მიღებული სიტყვიერი შენიშვნა, აღნიშნული გარემოება კი დადასტურებულ იქნა ამ განყოფილების კონკრეტული საჯარო მოხელეების მიერ.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების შესაბამისად, ასევე დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2008 წლის 5 თებერვლის ¹01-03/16 ბრძანებით (ს.ფ. 30-31) აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსის მოადგილე ე. მ-ძე 2008 წლის 5 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის, 93-ე მუხლისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2008 წლის 5 თებერვლის ¹01-03/16 ბრძანებაზე ე. მ-ძემ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2008 წლის 18 მარტის ¹24 ბრძანებით (ს.ფ. 104-105) არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გამოიკვლია და სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. მ-ძის მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობაზე მითითებულია მოცემულ საქმეში წარმოდგენილ მთელ რიგ მტკიცებულებებში, კერძოდ: აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსის _ გ. კ-შვილის 2008 წლის 24 იანვრის შუამდგომლობაში; აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსის _ გ. კ-შვილის 2008 წლის 30 იანვრის მოხსენებით ბარათში; აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების 2008 წლის 4 თებერვლის ¹01-16/01 სხდომის ოქმში. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების ... ე. მ-ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2008 წლის 5 თებერვლის ¹01-03/16 ბრძანებაში მიეთითა სწორედ დასახელებულ სამ მტკიცებულებაზე. გარდა ამისა, იმავე ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტზე, 93-ე მუხლზე, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და მასში გარკვევით აღინიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენდა სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა, რაც იმავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, იყო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2008 წლის 18 მარტის ¹24 ბრძანებაშიც აღინიშნა, რომ, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, ე. მ-ძე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ, არ ცხადდებოდა სამსახურში (ხშირ შემთხვევაში, მთელი დღის განმავლობაში), რის გამოც ვერ ახერხებდა მოქალაქეთა დროულ მიღებასა და განცხადებების განხილვას, რაც იწვევდა ამ განყოფილების მუშაობის შეფერხებას, ხოლო ე. მ-ძემ ვერ წარადგინა აღნიშნულის საპირისპირო კონკრეტული მტკიცებულება და აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანება კანონის დარღვევით არ იყო მიღებული.
ე. მ-ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2008 წლის 5 თებერვლის ¹01-03/16 ბრძანების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლზე, რომელშიც ჩამოთვლილია დისციპლინური გადაცდომის სახეები, რომლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, რომლის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, ერთ-ერთ ასეთ ზომას წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ხსენებული კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება ე. მ-ძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომის გამოყენება, მაგრამ მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების არარსებობა არ გამორიცხავს შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას, კერძოდ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოუყენებლად მოხელის სამსახურიდან პირდაპირი გათავისუფლების შესაძლებლობა დადგენილია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის გამოყენებისათვის სახეზე უნდა იყოს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევა. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულია სამსახურიდან გათავისუფლების ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შემთხვევები. პრაქტიკაში სავსებით შესაძლებელია, რომ სახეზე არ იყოს მოხელის მიერ თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით სამსახურის მიტოვება, მაგრამ მოხელე სისტემატურად, 5 დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში, პერიოდულად არ ცხადდებოდეს სამსახურში და არსებობდეს მოხელის მიერ სამსახურში სისტემატური, პერიოდული გამოუცხადებლობის დადასტურებული ფაქტები, რაც სამართლებრივად, შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა და იგი ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც სამსახურში 5 დღეზე მეტი ხნით დენადი გამოუცხადებლობა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოხელის ქმედების “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაკვალიფიცირებისას უფლებამოსილია, მოახდინოს ამ პუნქტის ნორმის დამოუკიდებლად რეალიზება, ანუ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის ნორმა ამ კანონში, განსახილველი კუთხით, შეტანილია სწორედ იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მოხელის ქმედებაში არ არის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადების ნორმის შემადგენლობა, თუმცა რეალურად, სახეზეა მოხელის მიერ სამსახურში სისტემატური, პერიოდული, კერძოდ, 5 დღეზე ნაკლები ხნით გამოუცხადებლობა, რაც იურიდიულად, ქმნის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის ცალკე, დამოუკიდებელ შემადგენლობას.
საკასაციო სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმდენად, რამდენადაც მოსარჩელე ე. მ-ძე სარჩელით სადავოდ ხდიდა მოწმეების _ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების კონკრეტული მუშაკების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელის საწინააღმდეგოდ მიცემულ ჩვენებებს და ამტკიცებდა, რომ მათ ჩვენებები მისცეს იძულებით და დაშინებით, რაზეც მიუთითებდა საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის სხდომაზეც, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ, სასამართლო სხდომაზე დაკითხა კონკრეტული მოწმეები, კანონით დადგენილი, ჩვენების სისწორის უზრუნველყოფის საპროცესო მექანიზმის გამოყენებით _ ყველა მოწმის გაფრთხილებით შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 370-371-ე მუხლებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაზედაც მათ ჩამოერთვათ ხელწერილები. მოწმეებმა _ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსმა და თანამშრომლებმა სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს, რომ ე. მ-ძე პერიოდულად, სისტემატურად, Mმთელ რიგ შემთხვევებში არ ცხადდებოდა სამსახურში. ამდენად, ამ ეტაპზე, შეუძლებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში კვლავ ეჭვქვეშ დადგეს საქალაქო სასამართლოში მოწმეების მიერ მოცემულ საქმეზე მიცემული ჩვენებების სისწორე. აღნიშნული ლოგიკურად გამორიცხავს ე. მ-ძის მიერ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრების გაზიარებასაც იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებების მიმცემი მოწმეები იყვნენ ზეწოლის ქვეშ. ამავე სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ე. მ-ძეს ზედიზედ 5 დღით კი არ გაუცდენია სამსახური, არამედ სამსახურს პერიოდულად აცდენდა ზედიზედ 2-3 დღით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ისე ადმინისტრაციული სამართალწარმოების _ ამ საქმის მასალების ერთობლიობით კომპლექსურად არის დადასტურებული ე. მ-ძის მხრიდან სამუშაოზე არა დიდი ხნის განმავლობაში დენადი, არამედ სწორედ სამსახურში სისტემატური, პერიოდული გამოუცხადებლობა, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სწორად შეაფასეს, როგორც ე. მ-ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ კასაციის მიზეზად იმაზე მითითებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქმის წარმოების წესები არ იცნობს ისეთ დოკუმენტს, როგორიცაა განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომელსაც ხელს აწერენ სხვა თანამშრომლები. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსის _ გ. კ-შვილის 2008 წლის 30 იანვრის მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სწორედ გ. კ-შვილი, როგორც ამ მოხსენებითი ბარათის ავტორი, ხოლო ამავე განყოფილების სხვა თანამშრომლები მოხსენებითი ბარათის ტექსტსა და გ. კ-შვილის ხელმოწერას შორის (და არა ამ ბარათზე გაკეთებული) ხელმოწერებით, ამავე ბარათის ტექსტის შესაბამისად, ადასტურებენ ამ მოხსენებით ბარათში მოყვანილ მტკიცებას ე. მ-ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის თაობაზე და შესაბამისად, ხსენებული თანამშრომლები არ წარმოადგენენ დასახელებული მოხსენებითი ბარათის ავტორებს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ე. მ-ძის მიმართ დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელე სამსახურიდან შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევდა სამსახურებრივ მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საფუძველს არის მოკლებული ე. მ-ძის მოთხოვნა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2008 წლის 5 თებერვლის ¹01-03/16 ბრძანების გაუქმების შესახებ” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე” აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2008 წლის 18 მარტის ¹24 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლზე (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი), რომლის თანახმად, თუ ამ თავით (თავი XIII _ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით) სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავში კი მოცემულია ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი და მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ამავე კოდექსის VII თავში (ადმინისტრაციული წარმოება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში) შემავალი 103-ე მუხლის (ადმინისტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში) პირველ ნაწილშიც მითითებულია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით. ხსენებული კოდექსის 106-ე მუხლით რეგლამენტირებულია კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, აგრეთვე _ მდივანი, თუ ის მონაწილეობდა ოქმის შედგენაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოხსენებული ნორმების შეჯერებით, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისათვის ხსენებული კოდექსი ითვალისწინებს სპეციალურ ნორმებს, მაგრამ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება, როგორც სპეციალური წარმოება, არ არის განყენებული, ნორმატიულად და პროცედურულად აბსოლუტურად გამიჯნული წარმოება და იგი იმავდროულად, ხორციელდება ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებების კანონით დადგენილ ლეგალურ ფარგლებში რეალიზებითაც, ადმინისტრაციული წარმოების იმ სახის, კერძოდ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით, რომელსაც, მათ შორის, ეძღვნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავი, რადგან ამ კოდექსის 185-ე მუხლის ნორმა არ შეიცავს რაიმე მითითებას ამავე კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებების მხოლოდ ნაწილის გამოყენებაზე. ამასთან, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანო არ დგას ადმინისტრაციული წარმოების სახის არჩევანის წინაშე, რადგან აღნიშნული კანონითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლში, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ არის მითითებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და ამავდროულად, ამავე მუხლში არ არის ბლანკეტური მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII და IX თავების დებულებებზე, რომლებიც, შესაბამისად, ითვალისწინებს ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების სახეებს. აღნიშნული ასევე დასტურდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლისა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილების ნორმებით, რომლებითაც ხსენებული თავებით დადგენილი წესების შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისაგან განსხვავებით (შესაბამის შემთხვევაში, სასამართლო სხდომის ოქმი), ადმინისტრაციული წარმოების სხდომის ოქმზე სხდომის თავმჯდომარის ხელმოწერის არარსებობა, თავისთავად, არ წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების სხდომის ოქმზე სხდომის თავმჯდომარის მხოლოდ ხელმოუწერლობა დამოუკიდებლად ვერ გახდება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან ამგვარ საფუძველს საჯარო სამართლის სფეროში შემავალი შესაბამისი მატერიალურ-საკანონმდებლო აქტი _ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის სხდომაზე აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული მოსმენის 2008 წლის 6 მარტის ¹1 ოქმი ხელმოწერილია და სახეზეა ტექნიკური ხარვეზი.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, მოცემულ საქმეში წარმოდგენილია აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული მოსმენის 2008 წლის 6 მარტის ¹1 ოქმის ასლი (ს.ფ. 38-43), რომელზეც არ არის სხდომის თავმჯდომარის ხელმოწერა და ამ ასლზე არის მხოლოდ სხდომის მდივნის ხელმოწერა, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ დააფუძნებს ე. მ-ძის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების უკანონობას და ვერ ჩაითვლება იმავე საჩივრის განხილვის შედეგად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2008 წლის 18 მარტის ¹24 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ისინი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისად, არ არსებობს ხსენებული აქტების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წამოუყენებია რაიმე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საფუძვლად შეიძლებოდა დასდებოდა მისი საკასაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილებას. გასაჩივრებული აქტების კანონიერება გამორიცხავს ე. მ-ძის სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა და ამ საქმეზე მიიღო კანონიერი განჩინება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ე. მ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243.2, 257-ე, 389-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.