¹ბს-365-350(კ-09) 31 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 21 თებერვალს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის თემის გამგეობამ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და გ. მ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 0,35 ჰა მიწის ნაკვეთზე მცხეთის რაიონის სოფ. ... მცხოვრები გ. მ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრში 2005 წლის 11 აპრილს განხორციელებული ჩანაწერის გაუქმება და გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთის მოსარჩელისთვის დაბრუნება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ თ. მ-შვილი, ა. მ-შვილი, კ. მ-შვილი და ნ. მ-შვილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის განჩინებით მოპასუხე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით მოსარჩელე მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის თემის გამგეობა შეიცვალა უფლებამონაცვლით _ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის და გ., თ., ა., ნ. და კ. მ-შვილების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთზე გ., თ., ა., ნ. და კ. მ-შვილების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერის, მისი ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად ცნობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთზე გ., თ., ა., ნ. და კ. მ-შვილების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და თ. მ-შვილების წარმომადგენლებმა მ. ძ-შვილმა და თ. გ-შვილმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. და თ. მ-შვილების წარმომადგენლების _ მ. ძ-შვილისა და თ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 12 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 აპრილის განჩინებით მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2009 წლის 23 ივნისს, 14.00 საათზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ივლისის სხდომაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც გამოიხმო სარჩელი. იმავე სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხეების) _ გ. და თ. მ-შვილების წარმომადგენელმა თ. გ-შვილმა თანხმობა განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სარჩელის გამოხმობაზე.
2009 წლის 30 ივლისს მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხემ) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მან თანხმობა განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სარჩელის გამოხმობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო სარჩელის გამოხმობის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ხსენებული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი (საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში) შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში (საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში) მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რის შემდეგაც სარჩელის გამოხმობა დასაშვები გახდა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს, სარჩელი გამოიხმოს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების დროს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განცხადებით გამოიხმო სარჩელი, რასაც დაეთანხმნენ მოპასუხეების _ გ. და თ. მ-შვილების წარმომადგენელი თ. გ-შვილი და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმის მოთხოვნას, რის გამოც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი განუხილველი უნდა დარჩეს და იგი დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831-ე მუხლებით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება;
3. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და გ., თ., ა., კ. და ნ. მ-შვილების მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველი და იგი დაუბრუნდეს მოსარჩელეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.