Facebook Twitter

ბს-376-361(კ-09) 28 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი/მ ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 28 მაისს ი/მ ნ. ქ-ძემ სარჩელით მიმართა შუახევის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 12 მაისს მონაწილეობა მიიღო შუახევის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მილების მიწოდების თაობაზე ჩატარებულ ტენდერში, სადაც გაიმარჯვა, რის შემდეგაც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, დროულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მიიღო შესაბამისი ანაზღაურება. ვინაიდან, მიწოდებული მილები სრულად არ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნილებას, რაიონის გამგებლის პირადი თხოვნით, ი/მ ნ. ქ-ძემ დამატებით შეიტანა 9805 ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის სასმელი წყლის პოლიეთილენის მილები, რომლებიც დასაწყობებულ იქნა შუახევის დაბის საკრებულოს შენობის საწყობში. აღნიშნული მილების ღირებულება, გამგებლის დაპირებით, უნდა ანაზღაურებულიყო ერთი თვის ვადაში, მაგრამ, მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის მოთხოვნისა, თანხა არ ანაზღაურდა. ერთი წლის შემდეგ გამგებელი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ხოლო ახალმა გამგებელმა მოსარჩელეს წერილობით უთხრა უარი თანხის გადახდაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ქონება გამგეობას შემოსავალში არ აუღია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 9805 ლარის დაკისრებას.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას ი/მ ნ. ქ-ძის სასარგებლოდ 9805 ლარის გადახდა დაეკისრა.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა შუახევის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ ნ. ქ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ნ. ქ-ძემ. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ი/მ ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 490.25 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 343.17 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. ი/მ ნ. ქ-ძის წარმომადგენელ გ. კ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ ი/მ ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 343.17 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.