ბს-380-365 (კ-09) 21 ოქტომბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი – გულნარა ილინა
კასატორები –ჯ. გ-ძე, მ. კ-ძე, დ. კ-ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1) ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული
დაგეგმარების სამსახური
2) ამხანაგობა ,,...”,
3) შპს ,,...” (მოპასუხეები)
დავის საგანი – მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და არსებითად განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჯ. გ-ძემ 2007 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის, ამხანაგობა ,,...” და შპს ,,...” მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 6 დეკემბრის ¹257/06 მშენებლობის ნებართვისა და მასთან დაკავშირებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; მოპასუხეთათვის სოლიდარულად მატერიალური ზიანის სახით 200 000 აშშ დოლარის დაკისრება; საცხოვრებელი ფართის იპოთეკის ხელშეკრულებით სარგებლობით აღიარებისათვის ბანკებიდან გამოტანილი სესხის პროცენტის გადახდა ყოველთვიურად 438,41 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებამდე; ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით 72 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა და სახლის პერსპექტიული განვითარების დაკარგვისათვის 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა და ამხანაგობა ,,...” მიერ სს ,,...” ბათუმის ფილიალში სანოტარო დეპოზიტზე დადებული 15 000 ლარი დაუბრუნდა შემტანს უკან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. გ-ძემ, მ. კ-ძემ და დ. კ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ძის, მ. კ-ძისა და დ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება; მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. გ-ძის, მ. კ-ძისა და დ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ამხანაგობა ,,...” უკან დაუბრუნდა მის მიერ სს ,,...” ბათუმის ფილიალში სანოტარო დეპოზიტზე დადებული 15 000 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 6 დეკემბერს გაიცა ¹01-22/523 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე; დასახელებულ ბრძანებაში მითითებულია, რომ ამხანაგობა ,,...” განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹140-144-ში მრავალბინიანი სახლის მშენებლობის თაობაზე. საქმეში ასევე წარმოდგენილია ქალაქ ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ასლი. საქმეში წარმოდგენილია ინჟინერ-კონსტრუქტორების _ ბ. კ-სა და ო. შ-ძის მიერ 2007 წლის 13 აპრილს შედგენილი დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯ. გ-ძის სახლი შედგება ორი, ძველი და ახალი ნაწილებისაგან. ახალი ნაწილის მიშენებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ე.წ. ჯდენის ნაკერის მოწყობა, რაც არ განხორციელებულა. სახლის ორივე ნაწილის კედლები ერთმანეთს ეხება, უშუალო კონსტრუქციულ შეხებაშია აგრეთვე სახლის ნაწილების საძირკვლები, რაც განაპირობებს საძირკვლების არათანაბარ ჯდენას. მიშენების ასეთი გადაწყვეტა ტექნიკურად არ არის სწორი და ამ შემთხვევაში შენობის ძველ და ახალ ნაწილებს შორის ბზარის გაჩენა გარდაუვალია, რამაც თავი იჩინა კონკრეტულ შემთხვევაში. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სახლის მიშენებული ნაწილი დაუსრულებელია, რაც იმას მოწმობს, რომ იგი სრულად არ არის დატვირთული და შემდგომში საანგარიშო დატვირთვების გაზრდასთან ერთად ბზარის სიგანე გაიზრდება. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მშენებარე სახლსა და ჯ. გ-ძის სახლს შორის მოწყობილია ე.წ. შპუნტოვანი რიგი 159 მმ-იანი ლითონის მილებით 19 მ სიგრძეზე, ჩაღრმავება 4,5 მ, რაც მთლიანად გამორიცხავს საძირკვლის ძირის დონეზე წარმოშობილი წნევების გავრცელებას მომიჯნავე ტერიტორიაზე, მითუმეტეს, რომ შპუნტოვანი რიგი და მშენებარე საცხოვრებელი სახლის საძირკვლები დაფუძნებულია მაღალი სიმტკიცის გრუნტებზე. შპუნტოვანი რიგი მთლიანად გამორიცხავს ჯ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის საძირკვლების ქვეშ არსებული გრუნტის გამორეცხვას მშენებარე საცხოვრებელი სახლის ქვაბულიდან წყლის ამოტუმბვის დროს, მითუმეტეს, რომ ჯ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის საძირკვლის დაფუძნების ფარგლებში გავრცელებულია თიხოვანი გრუნტები. დასახელებული დასკვნის შესაბამისად, ჯ. გ-ძის საცხოვრებელი სახლისა და მომიჯნავედ მშენებარე საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლით დადგინდა, რომ ჯ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის არსებულ და მიშენებულ ნაწილებს შორის ბზარის გაჩენა გამოწვეულია მიშენების დარღვევით განხორციელების მიზეზით და მის ფორმირებაში არავითარ გავლენას არ ახდენს მომიჯნავედ მშენებარე საცხოვრებელი სახლი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია ჯ. გ-ძის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ჩატარებული ¹კ 2024/15 ექსპერტიზის დასკვნის ასლი, რომლის თანახმად ქ. ბათუმში, ... ქ. ¹147-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანება შესაძლოა გამოეწვია მის მიმდებარედ ... ქ. ¹140,142,144-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ქვაბულის მოწყობის სამუშაოების წარმოებისას საძირკვლის გამორეცხვით გამოწვეულ დამატებით დეფორმაციებს.
მოცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზისათვის უცნობია, თუ რამდენად სწორად წარმოებდა პროექტით და საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით გათვალისწინებული სამუშაოები, ამასთანავე, უცნობია, ორსართულიან სახლს გააჩნდა თუ არა იმ დასკვნის შედგენის დროისათვის არსებული დაზიანებები მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის დაწყებამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ორსართულიანმა სახლმა ქვაბულის ამოღების შემდგომ მიიღო დაზიანებები, აღნიშნულს გამოიწვევდა მიწის სამუშაოების არასწორი წარმოება და გრუნტის საძირკვლის ამორეცხვა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 24 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს კატეგორიულ მითითებას იმის შესახებ, რომ ჯ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის ბზარების გაჩენა გამოიწვია მრავალსართულიანი ბინის მშენებლობამ. ამასთან, დასკვნა შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ ექსპერტიზისათვის უცნობია, არსებობდა თუ არა ბზარები მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის დაწყებამდე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური სამსახურის 2008 წლის 21 აპრილის ექსპერტის დასკვნა ¹476/5-ის თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ ჯ. გ-ძის სახლზე გაკეთებული მინაშენი სამშენებლო კანონების დარღვევითაა წარმოებული, კერძოდ, ძველ და ახალ ნაგებობას შორის არ არსებობს სადეფორმაციო ნაკერი, არ არის მონოლითური კავშირი ფუნდამენტებსა და სარტყელთა შორის, რამაც გამოიწვია ერთმანეთთან შეუთავსებლობა, ორი სხვადასხვა სიმძიმის ნაგებობების საძირკვლების არათანაბარი ჯდენა. მინაშენი უნდა დანგრეულიყო და ახალი რკინა-ბეტონის კარკასი უნდა მიბმულიყო ძველ შენობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ შენობა მდებარეობს მუდმივ ვიბრაციულ ზონაში და იგი დევს რბილპლასტიკურ და წყალგაჯერებულ გრუნტზე, აუცილებლობას წარმოადგენდა სამშენებლო ტექნოლოგიების დაცვა. ამ დასკვნის თანახმად მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ჯ. გ-ძის სახლის აშენებისას სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას; არ არსებობს სადეფორმაციო ნაკერი ძველ და ახალ მიშენებულ რკინა-ბეტონის კარკასს შორის, არ იკითხება პროექტის კვანძების მოწყობის დეტალები, კარკასულ ელემენტებში, სვეტებსა და რიგელის კოჭებში ბეტონი ჩაწყობილია ვიბრირების გარეშე. ყველა ეს მიზეზი საკმარისია იმისათვის, რომ აღნიშნულ შენობას გააჩნდეს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარები. დასახელებულ დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ... ქ.¹140-142-144-ში მიმდინარე მშენებლობა, რომელიც დამთავრების სტადიაშია, ჯ. გ-ძის სახლიდან დაშორებულია 1,5 მეტრით. სამეზობლო საზღვართან გრუნტში ჩარჭობილია 159 მმ-იანი ლითონის მილების მიჯრითი წყება, რაც განლაგებულია 19 გრძივ მეტრზე. შპუნტები მოწყობილია სამშენებლო ტექნოლოგოების სრული დაცვით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹147-ში მდებარე ორსართულიანი სახლის დაზიანებები სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით მიზეზობრივ კავშირში არ არის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹140-142-144-ში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობასთან; ქ. ბათუმში, ... ქ. ¹147-ში მდებარე სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული ქ. ბათუმში, ... ქ. ¹140-142-144-ში მშენებარე სახლის მშენებლობასთან; ქ. ბათუმში, ... ქ. ¹147-ში მდებარე მშენებარე სახლის დაზიანებების აღმოფხვრა შესაძლებელია სპეციალური სამშენებლო სამუშაოების გამოყენებით (გრუნტის ცემენტიზაცია, გრუნტის სილიკატიზაცია და სხვა); ქ. ბათუმში, ... ქ. ¹140-142-144-ში მიმდინარე მშენებარე სახლის პროექტი შეესაბამება სამშენებლო ნორმებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე ჩატარებული არც ერთი ექსპერტიზით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ჯ. გ-ძის სახლზე ბზარების წარმოქმნა გამოიწვია ამხანაგობა ,,...” მიერ ნაწარმოებმა მშენებლობამ. მართალია, ¹კ 2024/15 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია ვარაუდზე იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹147-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანება შესაძლოა გამოეწვია მის მიმდებარედ ... ქ. ¹140,142,144-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ქვაბულის მოწყობის სამუშაოების წარმოებისას საძირკვლის გამორეცხვით გამოწვეულ დამატებით დეფორმაციებს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მშენებლობის ნებართვის გაცემისას სრულად და ყოველმხრივ იქნა შესწავლილი საქმის გარემოებები. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე მუხლები და ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა ყველა სასარჩელო მოთხოვნა, როგორიცაა კრედიტის გამოტანით დარიცხული პროცენტების გადახდევინება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, სახლის საბაზრო ღირებულების შემცირებისათვის თანხის გადახდის დაკისრება უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. გ-ძემ, მ. კ-ძემ და დ. კ-ძემ და მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კასატორების მოსაზრებით, მიმდინარე მშენებლობასა და ჯ.გოგიტიძის სახლის დაზიანებას შორის არსებობს უტყუარი მიზეზობრივი კავშირი, რაც გახდა მატერიალური ზიანის მიყენების საფუძველი,საცხოვრებელმა სახლმა დაკარგა პერსპექტიული განვითარების პერსპექტივა, წარმოებული მშენებლობის გამო მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული მისი რეალური საბაზრო ღირებულება.
კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო შემდეგი გარემოებები: 1995 წლისათვის როდესაც დამტკიცდა ჯ.გოგიტიძის სახლის პროექტი მშენებლობის ნებართვისათვის მერია პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს არ ითხოვდა, როგორც ამას მიუთითებს თავის დასკვნაში ექსპერტი დ. გ-ძე. სააპელაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მიუთითებს მოპასუხე შპს ,,...” წარმომადგენლის მიერ შედგენილ და სასამართლოში წარმოდგენილ ცნობებს, რომლებსაც კასატორთა მოსაზრებით არ შეიძლება პროცესუალურად მტკიცებულების სახე გააჩნდეს.
კასატორები თვლიან, რომ საქმეში მოიპოვება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საექსპერტო დასკვნა და რომ საქმისათვის გადაწყვეტილების გამოსატანად არ არსებობდა მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნები, რომლებიც დასაბუთებულად, კატეგორიულად დაადგენდა ჯ. გ-ძის სახლის დაზიანების მიზეზებს, არსებობს მხოლოდ ვიზუალური დაკვირვებების შედეგად შედგენილი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ჯ. გ-ძის, მ. და დ. კ-ძეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 6 დეკემბერს გაიცა ¹01-22/523 ბრძანება მშენებლობის ნებართვის მიცემის თაობაზე; საქმეში წარმოდგენილია ინჟინერ-კონსტრუქტორების _ ბ. კ-ძისა და ო. შ-ძის 2007 წლის 13 აპრილის დასკვნა, რომლის თანახმად მშენებარე სახლსა და ჯ. გ-ძის სახლს შორის მოწყობილია ე.წ. შპუნტოვანი რიგი 159 მმ-იანი ლითონის მილებით 19 მ სიგრძეზე, ჩაღრმავება 4,5 მ, რაც მთლიანად გამორიცხავს საძირკვლის ძირის დონეზე წარმოშობილი წნევების გავრცელებას მომიჯნავე ტერიტორიაზე, მითუმეტეს, რომ შპუნტოვანი რიგი და მშენებარე საცხოვრებელი სახლის საძირკვლები დაფუძნებულია მაღალი სიმტკიცის გრუნტებზე. შპუნტოვანი რიგი მთლიანად გამორიცხავს ჯ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის საძირკვლების ქვეშ არსებული გრუნტის გამორეცხვას მშენებარე საცხოვრებელი სახლის ქვაბულიდან წყლის ამოტუმბვის დროს, მითუმეტეს, რომ ჯ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის საძირკვლის დაფუძნების ფარგლებში გავრცელებულია თიხოვანი გრუნტები. ჯ. გ-ძის სახლი შედგება ორი, ძველი და ახალი ნაწილებისაგან. ახალი ნაწილის მიშენებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ე.წ. ჯდენის ნაკერის მოწყობა, რაც არ განხორციელებულა. სახლის ორივე ნაწილის კედლები ერთმანეთს ეხება, უშუალო კონსტრუქციულ შეხებაშია აგრეთვე სახლის ნაწილების საძირკვლები, რაც განაპირობებს საძირკვლების არათანაბარ ჯდენას. მიშენების ასეთი გადაწყვეტა ტექნიკურად არ არის სწორი და ამ შემთხვევაში შენობის ძველ და ახალ ნაწილებს შორის ბზარის გაჩენა გარდაუვალია, რამაც თავი იჩინა კონკრეტულ შემთხვევაში. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სახლის მიშენებული ნაწილი დაუსრულებელია, რაც იმას მოწმობს, რომ იგი სრულად არ არის დატვირთული და შემდგომში საანგარიშო დატვირთვების გაზრდასთან ერთად ბზარის სიგანე გაიზრდება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 24 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს კატეგორიულ მითითებას იმის შესახებ, რომ ჯ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის ბზარების გაჩენა გამოიწვია მრავალსართულიანი ბინის მშენებლობამ. ამასთან, დასკვნა შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ ექსპერტიზისათვის უცნობია, არსებობდა თუ არა ბზარები მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის დაწყებამდე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით კატეგორიულად არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ჯ. გ-ძის სახლზე ბზარების წარმოქმნა გამოიწვია ამხანაგობა ,,...” მიერ ნაწარმოებმა მშენებლობამ. სააპელაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹147-ში მდებარე ორსართულიანი სახლის დაზიანებები სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით არ არის მიზეზობრივ კავშირში ქ. ბათუმში, ... ქ. ¹140-142-144-ში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობასთან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა მოცემული დავის გადასაწყვეტად სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი; ამ ნორმის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღდეგო, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ან ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დელიქტური პასუხისმგებლობის ღონისძიებები, საქმის მასალებით დადასტურებული უნდა იქნეს მოპასუხის მიერ განხორციელებული არამართზომიერი ქმედების ფაქტი; ეს ქმედება განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით უნდა იქნეს ჩადენილი; მოპასუხეს ზიანი უნდა მიადგეს სწორედ ასეთი ქმედების შედეგად და მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელეთათვის მიყენებულ ზიანს შორის. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელეთათვის ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისას სრულად და ყოველმხრივ იქნა შესწავლილი საქმის გარემოებები, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისად სწორად მიიჩნია ასევე მოსარჩელეთა დანარჩენი მოთხოვნებიც უსაფუძვლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც ჯ. გ-ძის, მ. და დ. კ-ძეების საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. გ-ძის, მ. და დ. კ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.