ბს-381-366(კ-09) 16 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. პ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2008 წლის 4 ივნისს ლ. პ-იანმა შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თ. ც-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 27.04.07 ინდივიდუალური აქტის თ. ც-ძეზე მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობა. (იხ. ს.ფ. 1-2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით ლ. პ-იანის შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა. (იხ.ს.ფ. 50-52).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. პ-იანმა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 56-57).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ლ. პ-იანის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. (იხ. ს.ფ 84-85)
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. პ-იანს უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე. (იხ. ს.ფ 192-198)
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-იანმა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და თავისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ 203-213)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ლ. პ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 333-343).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-იანმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე (იხ. ს.ფ. 361-370).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით ლ. პ-იანის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინა თ. ც-ძის წარმომადგენელმა ვ. გ-ძემ, რომლის განმარტებით არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები და იგი მიჩნეული უნდა იქნას დაუშვებლად. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ მიწის ნაკვეთზე მისი ინდივიდუალური საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი არის მიწაზე გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტები, მეტიც სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გააჩნია, როგორც ლ. პ-იანს ასევე, თ. ც-ძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. პ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის ლ. პ-იანის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ლ. პ-იანის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ. პ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. პ-იანის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ლ. პ-იანს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. პ-იანის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ ლ. პ-იანს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.