¹ბს-390-375(2კ-09) 22 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
05.07.06წ. შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და თელავის საგადასახადო ინსპექციის 02.06.06წ. ¹113 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა. 18.08.06წ. შპს «...» შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და თელავის საგადასახადო ინსპექციის 02.06.06წ. ¹113 საგადასახადო მოთხოვნის მხოლოდ დღგ-ს ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 21.08.06წ. გადაწყვეტილებით შპს შპს «...» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თელავის საგადასახადო ინსპექციის 02.06.06წ. ¹113 საგადასახადო მოთხოვნა ბათილად იქნა ცნობილი 10 524.74 ლარის დღგ-ს ნაწილში, მოგების, საშემოსავლო და სოციალური გადასახადი ნაწილში თელავის საგადასახადო ინსპექციის 02.06.06წ. ¹113 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, მოპასუხეს შპს «...» სასარგებლოდ დაეკისრა 212 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 02.06.06წ. ¹113 საგადასახადო მოთხოვნა 10 524.74 ლარის დღგ-ს ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს «...» 2004 წლის სექტემბრის თვის დამატებითი ღირებულების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახა სერია აა 99 ¹0033445 ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით გადასახდელი დღგ-ს თანხა. ხსენებული დეკლარაციის მიხედვით გადასახდელმა დღგ-ს თანხამ სულ 20 267.3 ლარი შეადგინა, ხოლო საგადასახადო კრედიტის, 17 809.02 ლარის გათვალისწინებით გადასახდელმა გადასახადმა _ 3004.57 ლარი, რაც გადახდილი იქნა შპს «...» მიერ(ს.ფ. 138, 139-ის პირველი და მეორე გვერდები).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.