ბს-39-39(კ-09) 23 დეკემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოპასუხე) _ შპს «...»
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.08წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ფიქსირებული გადასახადი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის – ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 20.12.05წ. ¹479 ბრძანების საფუძველზე ფოთის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო აუდიტის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა საზოგადოებაში ჩაატარა გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც შეეხო 2004 წლის 2 იანვრიდან 2005 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდს. 04.01.06წ. გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით მოსარჩელეს გადასახდელად დაერიცხა ძირითადი თანხა - 5715 ლარი, ჯარიმა – 37329 ლარი და საურავი - 4298 ლარი, სულ დარიცხულმა თანხამ 47341 ლარი შეადგინა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ, შემოწმება ჩატარდა არაობიექტურად, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით და მოითხოვა შემოწმების აქტის გაუქმება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბუღალტერთან არსებული დოკუმენტაციით დადასტურებული 2004 წლის საიჯარო ხელშეკრულებით მიღებული შემოსავალი 1200 ლარი ასახული იყო შპს «...» შემოსავლებში და შესაბამისად, გადახდილ იქნა კუთვნილი გადასახადის ბიუჯეტში, აღნიშნულის მიუხედავად შემმოწმებელმა იგივე თანხა არაკანონიერად მიაკუთვნა "ბაზრის ორგანიზებისათვის" კუთვნილ გადასახადს და მოახდინა ერთი და იმავე თანხის ორმაგი დაბეგვრა. შპს «...» არც წესდებითა და არც რაიმე სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტაციით არ ყოფილა ბაზრის ორგანიზატორი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ საგადასახადო ორგანოს შპს «...» სახელზე არ შეუდგენია შესაბამისი საინვენტარიზაციო აქტი, სადაც მითითებული იქნებოდა უმოქმედო და მოქმედი სავაჭრო ადგილების რაოდენობა და დასარიცხი თანხა. შპს «...» რომც ყოფილიყო ბაზრის ორგანიზატორი, მას არ შეეძლო განესაზღვრა მთელ ბაზრობებზე მოქმედი სავაჭრო ადგილების რაოდენობა, რომლის მიხედვით განხორციელდა დასაბეგრი შკალის შეცვლა. შპს «...» სხვა ბაზრობებისაგან საკმაოდ დაშორებულია და მათ შორის გადის საავტომობილო გზა. მოსარჩელის აზრით, არაკანონიერია მოპასუხის მიერ დაკისრებული ჯარიმა სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის, რადგან მიწის ნაკვეთი იჯარის ხელშეკრულებით ფიზიკურ პირებზე იყო გაცემული, რომლის შემოსავალი აისახა შპს «...» მოგება-ზარალის ანგარიშზე და სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება მას არ გააჩნდა. მოსარჩელემ ასევე მიიჩნია, რომ მას არასწორად დაეკისრა დღგ-ს შესახებ ყოველთვიური დეკლარაციის წარუდგენლობისთვის დარიცხული ჯარიმა 200 ლარის ოდენობით ნაზარდი ჯამით. საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით დეკლარაციის წარუდგენლობაზე ან დაგვიანებით წარდგენაზე ჯარიმა ერიცხება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით და არა ნაზარდი ჯამით. ამდენად, 15600 ლარი დარიცხული იქნა უკანონოდ. 2005 წლის დეკემბრის თვის დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდა საგადასახადო ინსპექციაში, რის გამოც მოსარჩელე არ ეთანხმება 2400 ლარის დარიცხვას. მოსარჩელე არ ეთანხმება აგრეთვე ნაზარდი ჯამით სოციალური გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარუდგენლობისათვის 15600 ლარის და საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციების წარუდგენლობისთვის 2400 ლარის დარიცხვას, ვინაიდან 2005 წლის დეკემბრის დეკლარაცია ჩაბარებულია დროულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ფოთის საგადასახადო ინსპექციის 04.01.06წ. გასვლითი საკონტროლო საგადასახადო შემოწმების აქტისა და 28.02.06წ. საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა და ¹04-01/54 საგადასახადო შეტყობინების მოქმედების შეჩერება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 30.10.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 04.01.06წ. გასვლითი საკონტროლო საგადასახადო შემოწმების აქტი და 28.02.06წ. საგადასახადო მოთხოვნა შპს «...» 41161 ლარის დარიცხვის ნაწილში, მოსარჩელეს გადასახდელად დარჩა 6180 ლარი. ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციის 28.02.06წ. საგადასახადო მოთხოვნით 04.01.06წ. გასვლითი საკონტროლო საგადასახადო შემოწმების აქტით შპს «...» დაერიცხა საგადასახადო დავალიანება 47341 ლარი. საგადასახადო ინსპექციამ დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციის წარუდგენლობისათვის საზოგადოებას დაარიცხა 2005 წლის 1 თებერვლიდან 2006 წლის იანვრის ჩათვლით ჯარიმა ნაზარდი ჯამით თვეში 200 ლარის ოდენობით, სულ _ 15600 ლარი. აღნიშნული სასამართლომ მიიჩნია არასწორად და განმარტა, რომ დეკლარაციის წარუდგენლობის ან დაგვიანებით წარდგენისათვის ჯარიმა ერიცხება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით და არა ნაზარდი ჯამით, ამასთანავე, 2005 წლის დეკემბრის დეკლარაცია მოსარჩელის მიერ წარდგენილია საგადასახადო ინსპექციაში. 2005 წელს საზოგადოებას შემოსავალი არ ჰქონია და საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილის თანახმად, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ გააჩნდა, შესაბამისად, ჯარიმა და საურავი არ უნდა დარიცხოდა. სასამართლოს განმარტებით, შპს «...» არასწორად დაერიცხა ნაზარდი ჯამით სოციალური გადასახადი 15 600 ლარის ოდენობით, ვინაიდან 2005 წელს შპს «...» ხელფასი არ გაუცია, ხოლო ნულოვანი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება შპს «...» არ გააჩნდა. შემოწმების აქტის მიხედვით, ასევე დარიცხულია, საგადასახადო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ჯარიმა გაანგარიშების წარუდგენლობისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით, სულ _ 2400 ლარი. აქტში აღნიშნულია, რომ 2004_2005 წლებში საზოგადოების მიერ ხელფასის გაცემა არ მომხდარა და ასეთ შემთხვევაში შპს «...» საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, არ იყო ვალდებული წარედგინა გაანგარიშება.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შპს «...» მიერ საყოფაცხოვრებო სახლის წინ მდებარე მიწის ნაკვეთი გაცემული იყო იჯარის ხელშეკრულებით ფიზიკურ პირებზე და ამ ობიექტიდან მიღებული შემოსავალი აისახებოდა შპს «...» მოგება-ზარალის ანგარიშზე. შესაბამისად, იგი არ იყო ვალდებული, გამოეყენებინა საკონტროლო სალარო აპარატი. "მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობისაგან თავისუფლდებიან პირები მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც გამოიყენება მკაცრი ანგარიშსწორების ფორმის ქვითრები, ხოლო შპს «...» მიერ მოიჯარეებთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა მკაცრი ანგარიშსწორების ქვითრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებაზე არასწორად იქნა დაკისრებული ჯარიმა სალარო აპარატის გამოუყენლობისათვის 500 ლარის ოდენობით და სალარო აპარატის გაანგარიშების წარუდგენლობისათვის 1800 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს «...» გადასახდელი დარჩა ძირითადი თანხა – 5715 ლარი, საგზაო გადასახადი – 443 ლარი, ქონების გადასახადი – 22 ლარი, სულ - 6180 ლარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს «...» და ფოთის საგადასახადო ინსპექციამ. შპს «...» სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილება, რომელზეც უარი ეთქვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ფოთის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც შპს «...» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.07წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი, დაკმაყოფილდა შპს «...» სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 30.10.06წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს «...» გადასახდელად დაეკისრა 6180 ლარი, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.07.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.07წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს «...» იჯარით ჰქონდა გაცემული 13 ფიზიკურ პირზე მიწის ნაკვეთი. ის ფაქტი რომ საყოფაცხოვრებო სახლის წინ არსებული შპს «...» საკუთრებაში მყოფი ფართი იჯარით გაცემული იყო 13 პირზე, რომლებიც მეიჯარეს უხდიდნენ იჯარის ქირას ყოველდღიურად (დღეში – 1 ლარი), საჭიროებდა იმის გარკვევას თუ რა იყო რეალურად გაცემული იჯარით, მიწის ნაკვეთი თუ სავაჭრო ადგილი.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა 13.06.97წ. საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 50-ე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ერთიანი ფიქსირებული გადასახადის გადახდა რიგი გადასახადების (დღგ-ის, მოგების, ეკონომიკური საქმიანობისა და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების) სანაცვლოდ იყო იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის არა ალტერნატიული, არამედ იმპერატიული მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელი არ იყო უფლებამოსილი ფიქსირებული გადასახადის ნაცვლად გადაეხადა ის გადასახადები, რომელთა სანაცვლოდაც იყო შემოღებული ფიქსირებული გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს «...» მიერ მიწის ნაკვეთის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლის (1200 ლარის) ასახვა 2004 წლის შემოსავალში, შემოსავლის მოგების გადასახადით დაბეგვრა თავისთავად არ გამორიცხავდა სადავო პერიოდში ფიქსირებული გადასახადის დაკისრების შესაძლებლობას. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობას ასევე არ გამორიცხავდა ის გარემოება, რომ არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქმიანობის შინაარსს (სავაჭრო ადგილების გაქირავებას) და არა ინვენტარს, ვინაიდან ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენდა არა მხოლოდ სტაციონალური, არამედ არასტაციონალური სავაჭრო ადგილებიც. ამდენად, ინვენტარიზაციის ჩატარება არ წარმოადგენდა ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადით დაბეგვრის სავალდებულო პირობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ არ იყო საკმარისად დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს «...» არ წარმოადგენდა ბაზრის ორგანიზატორს.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას მოსარჩელის მიერ ბაზრის ორგანიზების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრისაგან თავის არიდების მიზნით, საჭირო იყო ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი ფიქსირებული, კომბინირებული გადასახადისა და იმ გადასახადებს შორის სხვაობის დადგენა, რომელიც ერთიანი ფიქსირებული გადასახადის სანაცვლოდ გადახდილი ჰქონდა მოსარჩელეს.
საკასაციო სასამარლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით რომ არ იყო გარკვეული ფიქსირებული გადასახადის ობიექტი, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ბაზრის ორგანიზების საკითხი, ვერ იქნებოდა საკმარისად დასაბუთებულად მიჩნეული აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის იმ ნაწილის გაუქმება, რომელიც შეეხებოდა სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის და სალაროს აპარატის გაანგარიშების წარუდგენლობისათვის ჯარიმის დაკისრებას. დავის აღნიშნული ასპექტების მჭიდრო ურთიერთკავშირის გამო, საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ იყო საკმაოდ დასაბუთებული.
საკასაციო პალატა დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ნულოვანი საგადასახადო ვალდებულების არსებობა დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან გადასახადის გადამხდელის გათავისუფლების საფუძველია. საგადასახადო კოდექსის 273.59 მუხლის შესაბამისად, ბაზრის ორგანიზატორობისათვის დაწესებული ფიქსირებული გადასახადის თანხის 74 პროცენტი ჩაითვლებოდა დამატებული ღირებულების გადასახადში, 22 პროცენტი – მოგების, ხოლო 4 პროცენტი – საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ანგარიშში. ამავე მუხლის 58-ე ნაწილის თანახმად, გადასახადი ბაზრის ორგანიზებისათვის გადაიხდება ბაზრის ორგანიზატორის მიერ ყოველთვიურად, შესაბამისი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე, რისთვისაც გადამხდელებს საგადასახადო ორგანოში უნდა წარედგინათ დეკლარაცია (273.58 მუხ.). იმ შემთხვევაში, თუ შპს «...» ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს წარმოადგენდა, მას უნდა წარედგინა შესაბამისი საგადასახადო დეკლარაცია. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო პალატამ ისე გაათავისუფლა მეწარმე სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ქონების გადასახადის გადახდისაგან, რომ არ მიუთითებია გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.08წ. გადაწყვეტილებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი, ფოთის საქალაქო სასამართლოს 30.10.06წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციის გასვლითი საკონტროლო საგადასახადო შემოწმების აქტში, რომელიც შეეხო 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდას, აღინიშნა, რომ შპს «...» 2004 წელში 13 ფიზიკურ პირთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება მისი კუთვნილი მიწის ფართის გაქირავების თაობაზე, რისთვისაც მას ყოველთვიურად მოიჯარეები უხდიდნენ საიჯარო ქირას _ დღეში ერთი ლარის ოდენობით. იქვე აღინიშნა, რომ 2004 წელს საზოგადოების მიერ დაფიქსირებული იყო 13 სავაჭრო ადგილი _ დახლი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გაქირავებულ მიწის ფართობებზე მოწყობილ იქნა სავაჭრო დახლები, ანუ რეალურად ქირავდებოდა მიწის ფართზე არსებული დახლები, რისთვისაც შპს იღებდა 1 დახლზე 1 ლარს. შპს «...» ესაზღვრებოდა აგრარული ბაზარი იმგვარად, რომ ფაქტობრივად ისინი ერთ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდნენ, რომელთა მიზანი იყო სხვადასხვა სახის პროდუქციის ვაჭრობის წარმართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «...» წარმოადგენდა საზოგადოებას, რომელიც ეწეოდა ბაზრების ორგანიზებას.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შპს «...» 2004 წელს მოსახლეობისათვის ფინანსური მომსახურების გაწევისას უნდა გამოეყენებინა საკონტროლო სალარო აპარატი, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია შპს «...» ჯარიმის, სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის 500 ლარის და სალარო აპარატის გაანგარიშების წარუდგენლობისათვის ყოველთვიურად 200 ლარის, სულ 1800 ლარის დაკისრება. პალატამ აგრეთვე მიუთითა საგადასახადო კოდექსის (ძველი რედაქცია) 273-ე მუხლის 59-ე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ბაზრის ორგანიზატორობისათვის დაწესებული ფიქსირებული გადასახადის თანხის 74 პროცენტი ჩაითვლებოდა დამატებული ღირებულების გადასახადში, 22 პროცენტი – მოგების, ხოლო 4 პროცენტი – საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ანგარიშში, აგრეთვე მიუთითა ამავე მუხლის 58-ე ნაწილზე, სადაც განმარტებულია, რომ გადასახადი ბაზრის ორგანიზებისათვის გადაიხდება ბაზრის ორგანიზატორის მიერ ყოველთვიურად, შესაბამისი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე, რისთვისაც გადამხდელებს საგადასახადო ორგანოში უნდა წარედგინათ დეკლარაცია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შემოწმების აქტი შპს «...» მიერ დეკლარაციის წარუდგენლობისათვის დაკისრებული გადასახადის თაობაზე კანონშესაბამისი იყო. მართებულად იქნა მიჩნეული აგრეთვე სოციალური გადასახადების დეკლარაციის წარუდგენლობისათვის და დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობისათვის დარიცხული ჯარიმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ შპს «...» მიერ გაქირავებულ იქნა მხოლოდ მიწის ნაკვეთი და არა სავაჭრო ადგილები, შესაბამისად, შპს «...» არ წარმოადგენდა ბაზრის ორგანიზატორს. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და შესაბამისად, მას არ ევალებოდა 2005 წლის ყოველთვიური დეკლარაციების და გაანგარიშებების წარდგენა. მისივე განმარტებით 2005 წელს შპს «...» დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ ჰქონდა, ხოლო 04.01.06წ. შემოწმების აქტში შემმოწმებელი აღნიშნავდა, რომ 2004-2005 წლებში საზოგადოების მიერ ხელფასის გაცემა არ მომხდარა, იგივეა აღნიშნული სოციალურ გადასახადთან დაკავშირებით. კასატორი თვლის, რომ დღგ-ის, სოციალური და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებისა და გაანგარიშებების წარუდგენლობისათვის საჯარიმო თანხების დარიცხვა უკანონო იყო. კასატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თუ ის იქნებოდა ბაზრის ორგანიზატორი, მაშინ მას წარსადგენი ექნებოდა მხოლოდ ერთი ბაზრის ორგანიზებისათვის დეკლარაცია და არა სხვა რომელიმე დეკლარაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.05.09წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ შპს «...»იჯარით ჰქონდა გაცემული საყოფაცხოვრებო სახლის წინ შპს «...» საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 13 ფიზიკურ პირზე, რომლებიც მეიჯარეს უხდიდნენ იჯარის ქირას ყოველდღიურად (დღეში – 1 ლარი) ფაქტიურად გამოყენებელ დღეზე. შპს «...» 2004 წელს 13 ფიზიკურ პირთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება მისი კუთვნილი მიწის ფართის გაქირავების თაობაზე. საქმის მასალების საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 2004 წელს გაქირავებული მიწის ფართობებზე მოწყობილი იყო 13 დახლი, ფართი გამოყენებული იყო ბაზრობისათვის, ფართის გამოყენებას აკონტროლებდა შპს «...». ამასთანავე, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურის, ტრანსპორტის, ადმინისტრაციული ზედამხედვლობისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის 16.10.07წ. ¹219 ცნობით (ტ. II, ს.ფ. 21) და მასზე დართული ნახაზით ირკვევა, რომ შპს «...» საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სახლი მდებარეობს ქ. ფოთში, ... ქ. ¹11-ში, აგრარული ბაზრის (... ქ. ¹13) და შპს «...» (... ქ. ¹9) კუთვნილ შენობას შორის. ამდენად დადგენილია, რომ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთი და მის მეზობლად მდებარე აგრარული ბაზარი წარმოადგენენ ერთ სავაჭრო კომპლექსს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ სსკ-ის 407.2 მუხლით გათვალისწინებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოდგენილა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. 13.06.97წ. საგადასახადო კოდექსში 21.12.01წ. კანონით ცვლილებების შეტანის შედეგად საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 50-ე ნაწილის თანახმად ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან ბაზრების ორგანიზებას, მათი საქმიანობის ამ ნაწილში დღგ-ს, მოგების, ეკონომიკური საქმიანობისა და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ნაცვლად იბეგრებოდნენ ფიქსირებული კომბინირებული გადასახადით ბაზრის ორგანიზებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს «...» წარმოადგენს ბაზრის ორგანიზატორს, რომელიც 2004 წლის პერიოდში (2005 წლიდან საზოგადოება არ არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი) ექვემდებარებოდა ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრას.
ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა ყურადრებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს «...» მიერ მიწის ნაკვეთის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი (1200 ლარი) ასახულია 2004 წლის შემოსავალში და შპს-ს მიერ არის გადახდილი მოგების გადასახადი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.07.08წ. განჩინებით სააპელაციო პალატას მიეთითა, რომ ორმაგი დაბეგვრისაგან თავის არიდების მიზნით, საჭირო იყო ერთიანი ფიქსირებული გადასახადისა და იმ გადასახადებს შორის სხვაობის დადგენა, რომელიც ფიქსირებული გადასახადის სანაცვლოდ გადახდილი აქვს მოსარჩელეს. საკასაციო სასამართლოს ეს მითითება არ იქნა შესრულებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს მიერ, ორმაგი დაბეგვრისაგან თავის არიდების მიზნით, დადგენილ უნდა იქნეს, ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი ფიქსირებული, კომბინირებული გადასახადისა და იმ გადასახადებს შორის სხვაობა, რომელიც ერთიანი ფიქსირებული გადასახადის სანაცვლოდ გადახდილი აქვს მოსარჩელეს. აღნიშნულის შესაბამისად კორექტირებას საჭიროებს ბაზრის ორგანიზებისათვის ძირითადი და დეკლარაციის წარუდგენლობისათვის საჯარიმო და საურავის თანხები.
სასამართლოს არ გამოუთხოვია 04.01.06წ. გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის დანართები, რის გამოც გაურკვეველია ყოველთვიური დეკლარაციის წარუდგენლობისათვის საჯარიმო თანხის დაკისრების კანონიერება. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დეკლარაციის წარუდგენლობისათვის სადავო აქტებით დაკისრებული თანხების ოდენობაზე, ნაზარდი ჯამით საჯარიმო თანხის გამოთვლის დასაშვებობაზე.
დაუსაბუთებელია აგრეთვე გასაჩივრებული გადაწყვეტილება სალარო-აპარატის გამოუყენებლობისათვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების მიზანს შეადგენს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვიანობის მოწესრიგება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ბაზრის ორგანიზებისათვის ფიქსირებული გადასახადის გამოყენება გამორიცხავდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების საჭიროებას, ვინაიდან ამ სახის გადასახადის გადამხდელს ყოველთვიურად ფიქსირებული გადასახადი უნდა გადაეხადა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელე შპს «...» იყო ბაზრის ორგანიზატორი, სადავო პერიოდში მოქმედი ,,მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ” 26.08.03წ. კანონის მე-7 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების აუცილებლობისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც არიან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები. ამდენად, გარკვევას საჭიროებს ფასიანი მომსახურების გაწევისას საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენებისათვის დაჯარიმება ეხებოდა მხოლოდ ბაზრის ორგანიზებასთან დაკავშირებულ მომსახურეობას, თუ სხვა სახის ფასიან მომსახურებასაც. უკანასკნელის დადგენის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების დარიცხვის მართლზომიერების დადგენისათვის უნდა გაირკვეს კანონმდებლობით დადგენილი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების აუცილებლობისაგან განმათავისუფლებელი სხვა გარემოებების არსებობა, კერძოდ მკაცრი ანგარიშსწორების დოკუმენტაციის გამოყენების არსებობა, რომელზედაც მიუთითებდა მოსარჩელე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა, სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების პირობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.08წ. გადაწყვეტილება და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.08წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.