ბს-394-378(კ-08) 22 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი(მოსარჩელე) _ გ. ჯ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.08წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
14.03.07წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ჯ-იანმა და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსაგან მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის, 14400 ლარის, ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკონკურსო კომისიის 30.12.03წ. გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, ... ქუჩის ¹32-ში მდებარე 44.87 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის კონკურსის წესით იჯარით გაცემის შესახებ ჩატარებული აუქციონის შედეგებით ცნობილი იქნა გამარჯვებულად. მიუხედავად აღნიშნულისა, სამმართველო არ ასრულებს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას და არ აძლევს საიჯარო ფართით სარგებლობის საშუალებას. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.04.06წ. გადაწყვეტილებით ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა გაეფორმებინა საიჯარო ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით ქ. ქუთაისში, ... ქუჩის ¹32-ში მდებარე 44.87 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მისი არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოპასუხე ორგანიზაციას არ შეუსრულებია სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ ხნის მანძილზე ვერ მოახერხა იჯარით აღებულ ფართში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, რითაც განიცადა 7000 ლარის ზარალი. იჯარით აღებულ ფართში დაგეგმილი ჰქონდა ინტერნეტ-კაფეს გახსნა, რისთვისაც სესხის ხელშეკრულებით მიღებული თანხით შეიძინა კომპიუტერები. იმის გამო, რომ საიჯარო ფართი არ გადასცეს, გაცილებით დაბალ ფასად გაყიდა შეძენილი კომპიუტერები, რითიც განიცადა 2100 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ზარალი. მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო 14 400 ლარის ზიანი მიადგა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.08.07წ გადაწყვეტილებით გ. ჯ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს დაეკისრა 7000 ლარი გ. ჯ-იანის სასარგებლოდ. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.04.06წ. გადაწყვეტილების თანახმად, ქ. ქუთაისში ... ქ. ¹32-ში მდებარე 44.87 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის კონკურსის წესით იჯარით გაცემის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომის 30.12.03წ. ¹40.7 ოქმის შესაბამისად გ. ჯ-იანთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა გ. ჯ-იანთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა, საიჯარო ფართზე ხელშეკრულება არ გაფორმებულა და საიჯარო ფართი მოსარჩელეს თავისუფალ მდგომარეობაში არ ჩაჰბარებია. სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ იჯარის ხელშეკრულება არ ფორმდებოდა გ. ჯ-იანის ბრალით. სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ჯ-იანმა მრავალჯერ მიმართა სამმართველოს, რაც ადასტურებდა მის ინტერესს ხელშეკრულების გაფორმებისადმი, თუმცა საიჯარო ფართი არ გამოთავისუფლებულა. სასამართლომ მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულების გაუფორმებლობით გ. ჯ-იანს მიადგა ზიანი. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისთავის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება, ხოლო 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლოს განცხადებით, ვინაიდან კონკურსში გამარჯვების დღიდან მოსარჩელე აღნიშნული ფართის გამოყენებით მოელოდა სულ მცირე 7000 ლარის მოგებას, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა სავარაუდო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.08წ გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 27.08.07წ. გადაწყვეტილება და გ. ჯ-იანს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.04.06წ. გადაწყვეტილებით ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა გ. ჯ-იანთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება. საქმეში დაცული სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიმართვების, ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამმართველო მიმართავდა გ. ჯ-იანს ხელშეკრულების გასაფორმებლად. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი სთავაზობდა ფართს გ. ჯ-იანს და მას არ შეეძლო ევარაუდა, რომ გ. ჯ-იანს ზიანი მიადგებოდა. სააპელაციო პალატის განცხადებით, ვინაიდან გ. ჯ-იანს არ უცნობებია სამმართველოსათვის, რომ აპირებდა იჯარით აღებულ ფართში ინტერნეტ-კაფეს გახსნას, მიყენებული ზიანი წარმოადგენდა მეწარმის რისკს. სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ჯ-იანისათვის ცნობილი იყო სადავო ფართის სხვა პირის მფლობელობაში არსებობის ფაქტი, თუმცა არ მოუთხოვია მისთვის ფართის გამოთავისუფლება. გ. ჯ-იანი მხოლოდ განცხადებებით მიმართავდა სამმართველოს, მაგრამ ფაქტობრივად ფართის რეალურად მიღებისათვის მოქმედებებს არ ახორციელებდა და მას ზიანი მისი მაღალი ხარისხის ბრალეული მოქმედებით მიადგა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჯ-იანს მოპასუხე ორგანიზაციასთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებით შეეძლო ზიანის თავიდან აცილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯიშკარიანმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებში დაცულია საიჯარო ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის პროექტები, რომელთა არსებობაც მისთვის ცნობილი არ ყოფილა, სამმართველოს არასოდეს მიუმართავს მისთვის ხელშეკრულების გაფორმებისათვის. საქმის მასალებში დაცულია გ. ჯ-იანის 10-ზე მეტი განცხადება, რომლითაც იგი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სადავო ფართის გადაცემას ითხოვდა. არც ერთ განცხადებაზე პასუხი არ მიუღია და მთელი ამ დროის განმავლობაში სადავო ფართი სხვა პირს ეკავა. განცხადებებში უთითებდა, რომ ფართის გადაუცემლობის გამო ვერ იწყებდა სამეწარმეო საქმიანობას და ადგებოდა ზიანი. კასატორის განცხადებით სამმართველოს არ შეუთავაზებია მისთვის ფართის დაკავება და სააპელაციო სასამართლოს მითითება აღნიშნულთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება. მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმე ჟ. რ-ძის ჩვენებითაც დასტურდებოდა, რომ სადავო ფართი ისევ მესამე პირს ჰქონდა მფლობელობაში, რომელმაც გ. ჯ-იანის არაერთი მიმართვის მიუხედავად ფართი არ გაათავისუფლა.
სსკის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და გ. ჯ-იანის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 17.05.99წ. ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების 9.7 მუხლის თანახმად ქონების სარგებლობის უფლება კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარება გამარჯვებულის მიერ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.04.06წ. გადაწყვეტილებით დაგენილია, რომ 30.12.03წ. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის თანახმად სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების კონტროლის განყოფილებას დაევალა გ. ჯ-იანთან 44,87 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე კანონით დადგენილი წესით საი.არო ხელშეკრულების გაფორმება. ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართვეკლოს უფროსის 20.09.04წ. ¹63 ბრძანების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ქ. ქუთაისში, ... ქუჩის ¹32-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის აღებასთან დაკავშირებით გ. ჯ-იანთან საიჯარო ხელშეკრულება ფართის ფაქტიურად ჩაბარების დღიდან – 2004 წლის 16 აგვისტოდან უნდა გაფორმებულიყო. მიუხედავად ამისა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 19.04.06წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ... ქუჩის ¹32-ში მდებარე 44,87 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე საიჯარო ხელშეკრულება გ. ჯ-იანთან სათანადო ზესით არ დადებულა. სკ-ის 106-ე მუხლის თანახმად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, თუ სხვა საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს. ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსათვის კანონიერ ძალაში მყოფი 19.04.06წ. გადაწყვეტილებით გ. ჯ-იანთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების დავალების მიუხედავად, ხელშეკრულება დღემდე არ დადებულა. საქმეში დაცულია გ. ჯ-იანის არაერთი განცხადება 19.04.06წ. გადაწყვეტილების აღსრულების, ფართის გადაცემის შესახებ. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ. ჯ-იანი მხოლოდ განცხადებებით მიმართავდა მოპასუხე ორგანიზაციას და ფართის გადაცემისათვის არ მიმართავდა კონკრეტული ქმედებებისათვის. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსადმი განცხადებით მიმართვა კანონიერი მიზნის მიღწევის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს. ამასთანავე, სასამართლოს მიერ არ დადგენილა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების მიღების, მათი განხილვის ფაქტები, გარდა ამისა არ არის დადგენილი სამმართველოს წარმომადგენლის მიერ ცალმხრივად ხელმოწერილი 12.01.04წ. ¹1451 და 26.04.07წ. ¹1616 საიჯარო ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების პროექტების გ. ჯ-იანისათვის გაცნობის, მის მიერ ხელშეკრულებების ხელმოწერაზე უარის თქმის ფაქტები. ამასთანავე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.04.06წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით სასამართლოს არ შეუსრულებია ხელშეკრულების დადების ვალდებულება, ამდენად 22.01.04წ. ¹1451 საიჯარო ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის პროექტი არ ადასტურებს გ. ჯ-იანის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმას. რაც შეეხება ეკონომიური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროს მიერ 26.04.07წ. ხელმოწერილ ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის პროექტს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რრომ საქმის მასალები არ შეიცავს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების და მისი ნაწილის – მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაზე უარის თქმის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი მეორე მხარეს მიუვა. იმისათვის, რომ მხარემ მიიღოს ოფერტი, ის ცნობილი უნდა იყოს აქცეპტანტისათვის, ოფერტის შესახებ ნების გამოხატვა ნამდვილია მაშინ, როდესაც იგი აქცეპტანტს, არათანმყოფ პირს მიუვა. ამდენად, საქმეზე დადგენას საჭიროებს გ. ჯ-იანისათვის ხსენებული დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტი.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და მხარეები არ დატოვებენ იმაზე, რომ გ. ჯ-იანმა მიიღო მონაწილეობა არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის მიზნით ორგანიზებულ კონკურსში და გაიმარჯვა. კანონმდებლობის თანახმად, კონკურსში გამარჯვებულის ნივთი უნაკლო მდგომარეობით უნდა გადასცემოდა. მოწმის ჩვენება, ადგილზე დათვალიერება, ფართის საჯარო რეესტრში გატარების საჭიროება არ ადასტურებს სამმართველოს მიერ ამ მოვალეობის შესრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზიანი წარმოადგენს მეწარმის რისკს, გ. ჯ-იანს შეეძლო საიჯარო ხელშეკრულების დადებით აეცდინა ანდა შეემცირებინა ზიანი, გ. ჯ-იანის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სწორედ სამმართველოს უმოქმედობა, კერძოდ საიჯარო ხელშეკრულების გაუფორმებლობა და არასაცხოვრებელი ფართის გადაუცემლობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტი), რაც საკასაციო საჩიმვრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. სააპელაციო სასამართლოს საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს და იგი უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო შეფასება მისცეს მათ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჯ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.08წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.