საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-398-383(კ-09) 27 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ჯ. ა-ძის, ე. შ-შვილის, ლ. ქ-ძის, ლ. გ-იანის და ნ. ს-ურის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ჯ. ა-ძის, ე. შ-შვილის, ლ. ქ-ძის, ლ. გ-იანის და ნ. ს-ურის სარჩელისა გამო მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის მიმართ, ფართის იჯარით გადაცემის შესახებ.
სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქალაქ თბილისის ნოტარიუსებმა ჯ. ა-ძემ, ე. შ-შვილმა, ლ. ქ-ძემ, ლ. გ-იანმა და ნ. ს-ურმა 2003 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის მათ მიერ დადგენილების პროექტის სახით უკვე შემუშავებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, ქ. თბილისში ... ქ. ¹4-ში განთავსებული შენობის მე-3 სართულიდან მოსარჩელეებისათვის იჯარით 200 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო და საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმნის საგამომცემლო ცენტრი «...».
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ნოტარიუსების ჯ. ა-ძის, ე. შ-შვილის, ლ. ქ-ძის, ლ. გ-იანის და ნ. ს-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა მოპასუხე ქ. თბილისის მერიას გამოეცა მის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტის სახით არსებული ადმინისტრაციული აქტი ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში განთავსებული შენობის მე-3 სართულიდან მოსარჩელეებისათვის იჯარით 200 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმნის საგამომცემლო ცენტრმა «...» და ქალაქ თბილისის მერიამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს მწერალთა კავშირის თარგმნის საგამომცემლო ცენტრ «...» სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ა-ძის, ე. შ-შვილის, ლ. ქ-ძის, ლ. Gგ-იანის და ნ. ს-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ნოტარიუსებმა ჯულიტა არჩვაძემ, ელისო შიხიაშვილმა, ლუიზა ქამუშაძემ, ლელა გაზდელიანმა და ნიკო სისაურმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 23 ივნისის განჩინებით ჯ. ა-ძის, ე. შ-შვილის, ლ. ქ-ძის, ლ. გ-იანის და ნ. ს-ურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება დ საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს მწერალთა კავშირის თარგმნის საგამომცემლო ცენტრი «...» და ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნოტარიუსების ჯ. ა-ძის, ე. შ-შვილის, ლ. ქ-ძის, ლ. გ-იანის და ნ. ს-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ჯ. ა-ძემ, ე. შ-შვილმა, ლ. ქ-ძემ, ლ. გ-იანმა და ნ. ს-ურმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატამ ჯ. ა-ძის, ე. შ-შვილის, ლ. ქ-ძის, ლ. გ-იანის და ნ. ს-ურის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით ჯ. ა-ძეს, ე. შ-შვილს, ლ. ქ-ძეს, ლ. ა-იანს და ნ. ს-ურს დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინათ საკასაციო საჩივრისათვის სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მათ განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჯ. ა-ძეს, ე. შ-შვილს, ლ. ქ-ძეს, ლ. გ-იანს და ნ. ს-ურს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ 2009 წლის 27 მარტს და ჩაჰბარდათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2009 წლის 1 აპრილს; შესაბამისად, კასატორებისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად დაიწყო 2009 წლის 2 აპრილს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 8 აპრილს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორებმა ხარვეზი არ შეავსეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჯ. ა-ძის, ე. შ-შვილის, ლ. ქ-ძის, ლ. გ-იანის და ნ. ს-ურის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად იქნეს დატოვებული ჯ. ა-ძის, ე. შ-შვილის, ლ. ქ-ძის, ლ. გ-იანის და ნ. ს-ურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.