Facebook Twitter
ბს-400-385(კ-09)

ბს-400-385(კ-09) 5 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ ამხანაგობა «...», წარმომადგენელი _ თ. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის რაიონის სამმართველოს პირველი განყოფილება, წარმომადგენელი _ ა. ს-ძე

მესამე პირები: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ვ. ჩ-ძე, ნ. ჩ-ძე, რ. პ-იანი, ბ. პ-იანი, რ. პ-იანი, ლ. პ-იანი, ვ. ვ-შვილი, ლ. ვ-შვილი, ვ. ვ-შვილი, ლ. ბ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 29 აპრილს ამხანაგობა «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის რაიონის სამმართველოს პირველი განყოფილების მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მ. კ-შვილმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონზე 2007 წლის თებერვალში შეიძინა უძრავი ქონება და აღნიშნული ქონებით _ წილით შევიდა ამხანაგობაში «...». ამხანაგობა შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას ვერ ახორციელებდა, რადგან მას უკანონოდ ფლობდნენ პირები, რომელთაც არავითარი უფლება არ გააჩნდათ ამ ქონებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ მესაკუთრემ მიმართა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის რაიონის სამმართველოს პირველ განყოფილებას სადავო ქონების კანონიერ მფლობელობაში გადაცემის მოთხოვნით, პოლიციის განყოფილება კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებდა და არაფერს აკეთებდა ხსენებულ ქონებაზე უკანონოდ დაუფლებული პირების გამოსასახლებლად და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹6-ში მდებარე უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა ¹1, ¹2, საკადასტრო კოდი: ...) მდებარეობდა იმავე მისამართზე არსებული სასტუმრო «...» მეზობლად. მიწა თავისი ნაგებობებით მ. კ-შვილმა შეიძინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2007 წლის თებერვალში. ამასთან, აუქციონის პირობებში გამოქვეყნებული არ ყოფილა ინფორმაცია შენობაში შეჭრილი პირების შესახებ. 2007 წლის 18 დეკემბერს ამხანაგობის თავმჯდომარემ _ გ. მ-შვილმა განცხადებით მიმართა ძველი თბილისის რაიონის სამმართველოს პირველ განყოფილებას და უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა. 2008 წლის 13 თებერვალს მოსარჩელემ განმეორებით წარადგინა განცხადება სადავო ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, რასაც უფლებამოსილი პირების მიერ არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ... ქ. ¹6-ში, მდებარე სასტუმრო «...» მახლობლად მდებარე სასადილოს შენობაში უკანონოდ შეჭრილთა ძირითადი ნაწილი იყვნენ იძულებითYგადაადგილებული პირები _ დევნილები. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 1 აპრილის წერილის თანახმად, აღწერის შედეგად დაზუსტდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹6-ში მცხოვრებთა რაოდენობა და ვინაობა. სადავო ფართში შეჭრილი დევნილები, სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რეგისტრირებულნი იყვნენ სასტუმრო «...», რეალურად კი ისინი მოსარჩელის საკუთრებაში ცხოვრობდნენ, რომელიც არ იყო სასტუმროს შემადგენელი ნაწილი. ის ცალკე ნაგებობას წარმოადგენდა და საკადასტრო რუკაზე დაფიქსირებული იყო, როგორც ნაკვეთი 6/25. ამასთან, ის ფაქტი, რომ არც აუქციონის შესახებ განცხადებაში და არც შემდგომ დადებულ ხელშეკრულებაში დევნილებზე საუბარი არ იყო, ადასტურებდა მათ არამართლზომიერ, თვითნებურ შეჭრას მოსარჩელის საკუთრებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის რაიონის სამმართველოს პირველი განყოფილებისათვის მისი კუთვნილი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მათ საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ვ. ჩ-ძე, ნ. ჩ-ძე, რ. პ-იანი, ბ. პ-იანი, რ. პ-იანი, ლ. პ-იანი, ვ. ვ-შვილი, ლ. ვ-შვილი, ვ. ვ-შვილი და ლ. ბ-შვილი ჩაებნენ, ხოლო იმავე სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ჩაება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ამხანაგობა «...» სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ამხანაგობა «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹1-1/1491 ბრძანებით, ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹6-ში მდებარე შენობა-ნაგებობების (¹1 და ¹2) 664 კვ.მ და მათზე დამაგრებული 910 კვ.მ მიწის ფართობის პრივატიზება განხორციელდა აუქციონის ფორმით. ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹6-ში ¹1 და ¹2 შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 664 კვ.მ და მიწის ფართობი 910 კვ.მ წარმოადგენდა ამხანაგობა «...» საკუთრებას. ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹6-ში მდებარე ერთსართულიან შენობაში, თვითნებურად შესული, რამდენიმე ოჯახის გამოსახლების განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების 2007 წლის 27 დეკემბრის ¹27/14/3/6/8-3017 წერილით გ. მ-შვილს ეცნობა, რომ განცხადებაში არ იყო მითითებული მონაცემები იმ ოჯახების შესახებ, რომელთა გამოსახლებასაც ითხოვდა განმცხადებელი. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 1 აპრილის ¹01/01-17/1810 წერილით ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹6-ში მდებარე სასტუმრო «...» დარეგისტრირებულნი იყვნენ ვ. ჩ-ძე, ნ. ჩ-ძე, რ. პ-იანი, ბ. პ-იანი, რ. პ-იანი, ლ. პ-იანი, ვ. ვ-შვილი, ლ. ვ-შვილი, ვ. ვ-შვილი და ლ. ბ-შვილი, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ სასტუმრო «...» სასადილოს შენობაში. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 27 თებერვლის ¹06/01-17/933 წერილის თანახმად, სასტუმრო «...» სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ირიცხებოდა, როგორც დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტი, შესაბამისად, ობიექტში დამისამართებულ დევნილთა გამოსახლება «იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაძლებელი იყო შესაბამისი ფულადი კომპენსაციისა ან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შემთხვევაში, რომლითაც არ გაუარესდებოდა დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტსა და მე-3 მუხლზე, რომლებიც განსაზღვრავდნენ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესს, პროცედურებსა და პირობებს, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება, რაც სავალდებულო პირობას წარმოადგენდა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისას სააპელაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ამხანაგობა «...» სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოხსენებული გარემოება, კერძოდ, ის რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობა, გამორიცხავდა ამხანაგობა «...» მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, იმ გარემოებაზე მითითებას, რომ იძულებით გადაადგილებული პირები რეგისტრირებულნი იყვნენ სასტუმრო «...» და არა ამავე სასტუმროს სასადილოში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობა «...» სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინება ამხანაგობა «...» საკასაციო წესით გაასაჩვრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი. აღნიშნული ნორმები საკუთრების დაცვის გარანტს წარმოადგენენ, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანება პოლიციისათვის განკუთვნილი შიდა აქტია, რომელიც ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის პროცედურას ადგენს. პროცედურას, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ პოლიციის თანამშრომლებმა. საკუთრების შეუზღუდავად სარგებლობის გარანტი კი საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული კონვენცია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსია.

კასატორის განმარტებით, თუ საკუთრების დაცვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობები არ არსებობს, ხოლო კანონი, საერთაშორისო კონვენცია და კონსტიტუცია პირდაპირ მოითხოვს საკუთრების უფლების დაცვას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სწორედ კანონით, საერთაშორისო აქტითა და კონსტიტუციით, ვინაიდან ისინი კანონქვემდებარე აქტზე ზემდგომი აქტებია.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზემოხსენებული ბრძანება წარმოადგენს შიდა ბრძანებას, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობისას. საკუთრების დაცვას სამართალდამცავ ორგანოებს ავალდებულებს კანონი. ამდენად, სასამართლოსაც უნდა ეხელმძღვანელა სწორედ კანონით და არა კანონქვემდებარე აქტით, რომელიც მხოლოდ შესაბამის პროცედურას განსაზღვრავს.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა უკანონო მფლობლობიდან ნივთის გამოთხოვის უზრუნველყოფა და ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას სჭირდებოდა. მოსარჩელემ წარადგინა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილის მიერ ხელმოწერილი წერილობითი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს სამინისტროსთვის საერთოდ არ მიუმართავს და არც დევნილთა გამოსახლებაზე თანხმობა უთხოვია. შესაბამისად, თუ პოლიციის განყოფილებას, შიდა პროცედურული აქტით დავალებული აქვს ასეთი თანხმობის მიღება, მას უნდა დავალებოდა ამ თანხმობის მისაღებად ყველა საჭირო პროცედურის განხორციელება და ქონების კანონიერ მფლობელობაში გადაცემის უზრუნველყოფა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ამხანაგობა «...» საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინებით ამხანაგობა «...» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 2 ივლისს, 11.30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან კასატორს არ წამოუყენებია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹1-1/1491 ბრძანების თანახმად, ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹6-ში მდებარე შენობა-ნაგებობების (¹1 და ¹2) 664 კვ.მ და მათზე დამაგრებული 910 კვ.მ მიწის ფართობის პრივატიზება განხორციელდა აუქციონის ფორმით. 2008 წლის 12 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹6-ში მდებარე შენობა-ნაგებობა ¹1 და ¹2 საერთო ფართით 664 კვ.მ და მიწის ფართობი 910 კვ.მ წარმოადგენს ამხანაგობა «...» საკუთრებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების 2007 წლის 27 დეკემბრის ¹27/14/3/6/8-3017 წერილით ამხანაგობა «...» თავმჯდომარეს გ. მ-შვილს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹6-ში მდებარე შენობა-ნაგებობიდან, თვითნებურად შესული რამდენიმე ოჯახის გამოსახლების თაობაზე მის განცხადებაში არ იყო მითითებული მონაცემები იმ ოჯახების შესახებ, რომელთა გამოსახლებასაც ითხოვდა განმცხადებელი. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ადმინისტრაცული წარმოება შეჩერდა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 1 აპრილის ¹01/01-17/1810 წერილის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹6-ში მდებარე სასტუმრო «...» დარეგისტრირებულნი (დამისამართებულნი) არიან ვ. ჩ-ძე, ნ. ჩ-ძე, რ. პ-იანი, ბ. პ-იანი, რ. პ-იანი, ლ. პ-იანი, ვ. ვ-შვილი, ლ. ვ-შვილი, ვ. ვ-შვილი და ლ. ბ-შვილი, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ სასტუმრო «...» სასადილოს შენობაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ასევე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 27 თებერვლის ¹06/01-17/933 წერილი, რომლითაც მესამე პირს _ ლ. ბ-შვილს ეცნობა, რომ სასტუმრო «...» სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ირიცხებოდა, როგორც დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტი. ასეთ ობიექტში დამისამართებულ დევნილთა გამოსახლება «იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაძლებელია შესაბამისი ფულადი კომპენსაციის ან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შემთხვევაში, რომლითაც არ გაუარესდება დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და აღნიშნულს არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹6-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (¹1 და ¹2) საერთო ფართით 664 კვ.მ და მიწის ფართობი 910 კვ.მ წარმოადგენს ამხანაგობა «...» საკუთრებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ მოსარჩელის განცხადებაზე არ გააკეთა სათანადო რეაგირება, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ... ქ. ¹6-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დავალებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს საკუთრების უფლების არააბსოლუტურ ხასიათს და უთითებს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულმა საკუთრების უფლების პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთი), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე და მესაკუთრის უფლების ეფექტურად და დროულად დაცვის მიზნით, «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მაისის ¹317 ბრძანებულებისა და «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის «ფ» ქვეპუნქტის შესრულებისათვის მიღებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანებით დამტკიცებული «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი», რომელიც განსაზღვრავს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესს, პროცედურებსა და პირობებს, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და მოვალეობებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანებით დამტკიცებული «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის» მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაცვა ხორციელდება განცხადების საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაცვის თაობაზე, უნდა დაერთოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო «გ» ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობა-ინფორმაცია ობიექტში დროებით მცხოვრებ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ _ თუ უძრავი ნივთი წარმოადგენს ლტოლვილთა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს. ამასთან, ხსენებული წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან შეთანხმებით. აღნიშნული შეთანხმების წერილობითი ფორმით მიღებამდე უნდა შეჩერდეს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების აღსრულება.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე განმარტავს, რომ როგორც სამოქალაქო კოდექსი, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანებით დამტკიცებული «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი» იცავს მესაკუთრის უფლებას _ დაიცვას საკუთრება ხელმყოფისაგან, თუმცა ამ უფლების რეალიზებისათვის საჭიროა მესაკუთრემ განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც უძრავი ნივთი წარმოადგენს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობექტს, აწესებს განსხვავებულ რეჟიმს და ასეთ შემთხვევაში მოითხოვს წარმოდგენილ იქნას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობა-ინფორმაცია ობიექტში დროებით მცხოვრებ ლტოლვილთა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ. აღნიშნულის თაობაზე უნდა არსებობდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანხმობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის რაიონის სამმართველოს პირველ განყოფილებას და მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობიდან დევნილთა გამოსახლება მოითხოვა, თუმცა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის განცხადებას არ ახლდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობა-ინფორმაცია ობიექტში დროებით მცხოვრებ ლტოლვილთა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის რაიონის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ შეაჩერა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებები. მოსარჩელე კი სწორედ აღნიშნული განყოფილების დავალდებულებას მოითხოვს _ განახორციელოს ქ. თბილისში, ... ქ. ¹6-ში მდებარე შენობა-ნაგებობიდან იქ განსახლებული პირების გამოსახლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანებით დამტკიცებული «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის» მე-7 მუხლის «ბ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრებაში არსებულ უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებები ჩერდება, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის საკითხის გარკვევა მოითხოვს სხვა სამინისტროდან/დაწესებულებიდან სათანადო ინფორმაციის მიღებას წერილობითი ფორმით _ აღნიშნული ინფორმაციის მიღებამდე.

საკასაციო სასამართლო განმარატვს, რომ იმის გათვალისწინებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებები შეაჩერა თავად მოსარჩელის მიერ არასრულყოფილად წარდგენილი განცხადების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების მოქმედება შეესაბამება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანებით დამტკიცებული «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის» მე-7 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხსენებული ქმედებით მოპასუხემ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა და ამ საქმეზე მიიღო კანონიერი განჩინება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამხანაგობა «...» საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ამხანაგობა «...» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.