Facebook Twitter
¹ბს-404-389(კ-09)

¹ბს-404-389(კ-09) 9 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ფ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ფ-ძემ 2005 წლის ნოემბერში სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანა და სამუშაოზე აღდგენა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; შევიდა ცვლილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებაში და მასში შემდეგნაირად ჩამოყალიბდა სიტყვები “ე. ფ-ძე ჩაითვალოს სამსახურიდან გათავისუფლებულად“ შეიცვალა სიტყვებით “ე. ფ-ძესთან შეჩერდეს სამსახურეობრივი ურთიერთობა”; ე. ფ-ძე აღდგენილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ... თანამდებობაზე;

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ­_ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით ე. ფ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ფ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ე. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ფ-ძის სარჩელი მოპასუხის მიერ 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ე. ფ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანება ე. ფ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ე. ფ-ძესთან შრომითი ურთიერთობის დარეგულირების შესახებ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ფ-ძე მუშაობდა აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 281 ლარს. მოსარჩელემ 2003 წლის 29 ნოემბერს მიიღო საწარმოო ტრავმა და იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2004 წლის 5 აგვისტოს დასკვნით მას დაუდგინდა შრომითი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, შრომისუუნარობა და მორიგი გადამოწმება უნდა გაევლო 2005 წლის 1 აგვისტოს, დაუდგინდა პროფესიული შრომისუუნარობის 80 % დაკარგვა; აღნიშნული დასკვნის საფუძველზე 2004 წლის 4 აგვისტოს ¹85 ბრძანებით ე. ფ-ძე დროებით განთავისუფლდა სამუშაოდან შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების ვადით. ე. ფ-ძეს 2004 წლის 22 სექტემბრის ¹31 ბრძანებით დაენიშნა სარჩო 281 ლარის ოდენობით 2004 წლის აგვისტოდან 2005 წლის 5 აგვისტომდე; საწარმოო ტრავმის გამო შრომითი შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის (შრომისუუნარობის) დადგენასთან დაკავშირებით 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებით ე. ფ-ძე ჩაითვალა სამსახურიდან განთავისუფლებულად 2004 წლის 5 აგვისტოდან.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ე. ფ-ძის მიერ გაშვებულია სადავო ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, ვინაიდან 2004 წლის 5 აგვისტოს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის დასკვნით ე. ფ-ძეს მიენიჭა შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვის სტატუსი, მოპასუხე დაწესებულებას შეეძლო მისი სამსახურიდან განთავისუფლება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-100 მუხლის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-100 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით კანონმდებელი არეგულირებს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საკითხებს ხანგრძლივი ზოგადი შრომისუუნარობის გამო; ხოლო იმ მოხელესთან დაკავშირებული სამსახურეობრივი ურთიერთობა, რომელიც დროებით შრომისუუნარო გახდა სამსახურთან დაკავშირებით, რეგულირდება ამავე მუხლის მე-3 პუნქტით და დადგენილია, რომ სამსახურთან დაკავშირებით დროებით შრომისუუნარო პირთან შეჩერდება სამსხურეობრივი ურთიერთობა გამოჯანმრთელების ან ინვალიდობის დადგენამდე და უნარჩუნდება თავისი თანამდებობა. აღნიშნული ნორმით სასამართლომ ჩათვალა, რომ სამსახურთან დაკავშირებით დასახიჩრებულ და დროებით შრომისუუნარო პირებს ენიჭებათ გარკვეული გარანტიები და მათთან ჩერდება სამსახურეობრივი ურთიერთობა გამოჯანმრთელების ან უვადო ინვალიდობის (შრომისუუნარობის) დადგენამდე და ამასთან არ არის დაწესებული სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების რაიმე ვადები; სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ პირობებში მას უნარჩუნდება თანამდებობა, გამოჯანმრთელების შემთხვევაში მუშაკს უფლება ეძლევა გააგრძელოს საქმიანობა, ხოლო საბოლოოდ შრომისუუნაროდ მიჩნევის, ანუ უვადო ინვალიდობის დადგენის შემთხვევაში იგი თავისუფლდება სამსახურიდან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა მოპასუხე დაწესებულების მიერ ე. ფ-ძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად მიჩნეული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის 2004 წლის 5 აგვისტოს დასკვნაზე და განმარტა, რომ მართალია აღნიშნული დასკვნით მოსარჩელეს დაუდგინდა პროფესიული შრომისუუნარობის დაკარგვის 80%-ი და მიენიჭა შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვის სტატუსი, მაგრამ სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს ეს შრომისუუნარობა დადგენილი აქვს დროებით, ერთი წლის ვადით, 2005 წლის 4 აგვისტოს მორიგ გადამოწმებამდე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2005 წლის 1 სექტემბერს მორიგი შემოწმების შედეგად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით მოსარჩელეს პროფესიული შრომისუუნარობის დაკარგვის ხარისხი განსაზღვრული აქვს 60 %და მინიჭებული აქვს შესაძლებლობის ზომიერი შეზღუდვის სტატუსი, ასევე დროებით, ერთი წლით, 2006 წლის 1 სექტემბრამდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტით დათხოვნის საფუძვლად მიჩნეული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა არ ადგენს მოსარჩელისათვის შრომისუუნარობის უვადოდ მინიჭების ფაქტს, არამედ იგი არის დროებითი შრომისუუნარობის განმსაზღვრელი აქტი, რომელიც ასევე ადგენს მომდევნო გადამოწმების თარიღს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები ე. ფ-ძის მიერ სადავო ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაშვების შესახებ. საქმეში არსებული შრომის სტაჟის ამონაწერის თანახმად, 2004 წლის 21 ნოემბერს ის ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებას მისი განთავისუფლების შესახებ; ხოლო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2005 წლის 3 ნოემბერს, ერთი წლის შემდეგ. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა იმავე კანონის მე-100 მუხლის მე-3 პუნქტი სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე.

კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა მე-100 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, ვინაიდან სახეზეა განთავისუფლებული მოხელის ხანგრძლივი შრომისუუნარობა; კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოხელემ დასახიჩრება მიიღო 2003 წლის 29 ნოემბერს და სამსახურიდან გათავისუფლდა 2004 წლის 25 ოქტომბერს, ზედიზედ თერთმეტი თვის გამოუცხადებლობის შემდეგ; სამუშაოდან მის განთავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო დროებითი შრომისუუნარობის ფურცელი და ის განთავისუფლდა ამ ფურცლის მოქმედების პერიოდში 2004 წლის 5 აგვისტოდან. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა მე-100 მუხლის მესამე პუნქტი, ვინაიდან ის არის საგამონაკლისო ნორმა და განსხვავდება ამ ნორმის შინაარსიდან, რომელიც არეგულირებს ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო მოხელის განთავისუფლების საკითხებს. კასატორი თვლის, რომ დროებითი შრომისუუნარობა განსხვავდება ხანგრძლივი შრომისუუნარობისაგან. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი უნდა იყოს ხანგრძლივი შრომისუუნარობის პერიოდზე ნაკლები. მისი მოქმედების ხანგრძლივობა უნდა იყოს ავადმყოფობიდან ან დასახიჩრებიდან ზედიზედ ოთხ თვეზე, ან კალენდარული წლის მანძილზე ექვს თვეზე ნაკლები. კასატორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებაში ნახსენები უვადო შრომისუუნარობის ტერმინს საერთოდ არ იცნობს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონმდებლობა. მომდევნო გადამოწმების თარიღის დადგენა კი ნიშნავს დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდის განსაზღვრას.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს პროფესიული შრომისუნარიანობის 60%-ით დაკარგვასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის შრომისუნარიანობის ფურცელი, რომელიც გაცემულია 2008 წლის 7 ოქტომბერს და ძალაშია 2009 წლის 1 ნოემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ე. ფ-ძე მუშაობდა აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში 2003 წლის 1 იანვრიდან ... თანამდებობაზე; მოსარჩელემ 2003 წლის 29 ნოემბერს მიიღო საწარმოო ტრამვა და იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2004 წლის 22 სექტემბრის ¹31 ბრძანებით «საწარმოო ტრამვის გამო ე. ფ-ძისათვის სარჩოსა და დახმარებების დაწესების შესახებ» - ბათუმის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2004 წლის 5 აგვისტოს ცნობისა და დასკვნის შესაბამისად, ე. ფ-ძეს დაენიშნა სარჩო 2004 წლის 5 აგვისტოდან 2005 წლის 5 აგვისტომდე. სარჩოს ოდენობა განისაზღვრა 281 ლარის ოდენობით; მასვე აუნაზღაურდა ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანი (მკურნალობის, მგზავრობის, მედიკამენტების, და კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯები) 2003 წლის 29 ნოემბრიდან, წარმოდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ ქ. ბათუმის სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2004 წლის 5 აგვისტოს შრომითი დასახიჩრების გამო მოსარჩელეს დაუდგინდა შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა 2005 წლის 1 სექტემბრამდე და დაუდგინდა ასევე პროფესიული შრომის უნარიანობის დაკარგვის ხარისხი 80 პროცენტის ოდენობით; ამავე ცნობაში ე. ფ-ძის შრომისუნარიანობის გადამოწმების მორიგ თარიღად მითითებულია 2005 წლის 5 აგვისტო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების _ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებით ე. ფ-ძე ჩაითვალა სამსახურიდან გათავისუფლებულად, 2004 წლის 5 აგვისტოდან საწარმო ტრამვის გამო, შრომითი შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის (შრომისუუნარობის) დადგენასთან დაკავშირებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 100-ე მუხლის საფუძველზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 31 ოქტომბრის ¹36 ბრძანებით საწარმოო ტრამვის გამო ე. ფ-ძეს მიეცა ერთჯერადი დახმარება ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს _ 3371 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მართალია მოსარჩელეს ჯერ დაუდგინდა პროფესიული შრომისუუნარობის დაკარგვის 80%-ი, ხოლო შემდეგ კი 60%-ი და შესაბამისად მიენიჭა შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვის სტატუსი, მაგრამ მოსარჩელეს ეს შრომისუუნარობა დადგენილი აქვს დროებით; რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია შრომითი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-100 მუხლის შინაარსი; ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ავადმყოფობის ან დასახიჩრების გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის მანძილზე 4 თვის გამოუცხადებლობის გამო; ამავე მუხლის მე-2 პუნქტით ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან მხოლოდ დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი იმ მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობა, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით გახდა დროებით შრომისუუნარო, შეჩერდება მისი გამოჯანმრთელების ან ინვალიდობის დადგენამდე და მას უნარჩუნდება თავისი თანამდებობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია მოსარჩელის დროებითი შრომისუუნარობა, რომელიც მოიცავს პირის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის მთელ პერიოდს, გრძელდება თუ არა შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემდეგაც და რა სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს პირისათვის შეზღუდვის სტატუსის დადგენა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სოციალური ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2004 წლის 5 აგვისტოს გაცემული ცნობა, რომლითაც შრომითი დასახიჩრების მიზეზით მოსარჩელეს დაუდგინდა შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა 2005 წლის 1 სექტემბრამდე და დაუდგინდა ასევე პროფესიული შრომის უნარიანობის დაკარგვის ხარისხი 80 პროცენტის ოდენობით, წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის განმსაზღვრელ აქტს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ე. ფ-ძეს მინიჭებული ჰქონდა თუ არა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი და დაკარგული ჰქონდა თუ არა პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ყოველივე აღნიშნულის გამოკვლევის შედეგად სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და სწორი შეფასება მისცეს შეზღუდვის სტატუსის პერიოდული გადამოწმება გულისხმობს თუ არა პირის დროებით შრომისუუნარობას «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-100 მუხლის მესამე ნაწილთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.