ბს-406-391(კ-09) 19 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) _ სს ,,...» ლიკვიდატორი ბ. პ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ პ. გ-უა
მოპასუხე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში არსებული ჩანაწერის გაუქმება და ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 29 ოქტომბერს პ. გ-უამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 18 ოქტომბრის ¹1952 წერილით ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალებით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ¹52 ბინა ირიცხებოდა საქართველოს ,,...» სახელზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მის საკუთრებას და იგი ამ ბინით სარგებლობდა. ,,...» წინაშე მას არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა და მისთვის წლების განმავლობაში არ იყო ცნობილი მისი ბინის ,,...» სახელზე რეგისტრაციის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2007 წლის 5 სექტემბრის ¹22/02-0397 წერილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ სადავო ბინა ირიცხებოდა საქართველოს ,,...» სახელზე 1995 წლის 19 ოქტომბრის ¹2-950 ნოტარიული ხელშეკრულების საფუძველზე. მოითხოვა რა აღნიშნული ნოტარიული ხელშეკრულება, საჯარო რეესტრმა იმავე წლის 28 სექტემბერს გაცემული ¹22/02-1259 წერილით აცნობა, რომ ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივში ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ¹52 ბინაზე პ. გ-უას სახელზე გაცემული ნოტარიული ხელშეკრულება არ მოიპოვებოდა. აღნიშნული გარემოება, მოსარჩელემ მიუთითა ყოფილი ტექაღრიცხვის მასალებში არსებული ჩანაწერის გაუქმების საფუძვლად, რაზეც საჯარო რეესტრმა 2007 წლის 18 ოქტომბრის წერილით უარი თქვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში არსებული ჩანაწერის გაუქმება, რომლითაც ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ¹52 ბინა ირიცხებოდა ,,...» და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლითაც ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ¹52 ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხებოდა მოსარჩელის სახელზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება სს ,,...».
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით პ. გ-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. გ-უამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ. გ-უას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პ. გ-უას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ყოფილი ბათუმის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში არსებული ჩანაწერი, რომლითაც ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ბინა ¹52 აღირიცხა ,,...» საკუთრებად; პ. გ-უას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინის ... სახელზე რეგისტრაციის საფუძველი იყო არა 1995 წლის 19 ოქტომბრის ¹2-950 ნოტარიული ხელშეკრულება, როგორც ეს რეგისტრაციის საფუძვლად იყო მითითებული, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი საქმეზე ¹2-950.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა სადავო ბინის ... სახელზე რეგისტრაციას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სადავო ბინაზე ... საკუთრება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იქნა რეგისტრირებული, ვინაიდან რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,...» საკუთრების უფლების გადასვლა არ დასტურდებოდა, კერძოდ, გადაწყვეტილებით დადგინდა არა ბინის საკუთრებაში გადასვლა, არმედ ბინიდან მოპასუხეების გამოსახლება და ბინის გადაცემა კრედიტორისათვის მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურსათვის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ¹52 ბინის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის დავალების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრაციას აწარმოებდა ტერიტორიული ორგანოების _ სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უშუალოდ. იმავე ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით რეგისტრაცია წარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტების საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ პ. გ-უას უარი ეთქვა ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ტექინვენტარიზაციის ჩანაწერებით ბინა სს ,,...» იყო აღრიცხული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...», რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან სადავო ბინა ბანკის სახელზე ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ე.ი. მას შემდეგ, რაც პ. გ-უას მიერ ვალი არ იქნა დაფარული და ბანკმა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიმართა სასამართლოს, რათა საცხოვრებელი ბინა ბანკს გადასცემოდა მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1995 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ პ. გ-უა სარჩელს ცნობდა და აცხადებდა, რომ მან სესხის გატანის დროს დააგირავა მასზე რიცხული სამოთახიანი ბინა საერთო ფართით _ 69,66 კვ.მეტრი. მოვალემ თანხმობა განაცხადა და მინდობილობა მისცა ბანკს, რომ ბანკს განეკარგა მისი ქონება. ხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვინაიდან დავალიანება არ იქნა დაფარული, ხოლო ქონება რეალიზებული _ სადავო საცხოვრებელი სახლი აღირიცხა ბანკის საკუთრებად ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. ტექაღრიცხვის სამსახურში საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციით კი, ბანკი გახდა ამ ქონების მესაკუთრე, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე, ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდა ტექაღრიცხვის სამსახური.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სადავო ჩანაწერის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე გაუქმებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებზე არ ვრცელდებოდა ხსენებული კოდექსის მოქმედება. ამასთან, პ. გ-უასათვის სადავო ბინის რეგისტრაციის ფაქტი 1995 წლიდანვე იყო ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს ,,...» ლიკვიდატორის _ ბ. პ-ძის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით სს ,,...» ლიკვიდატორის _ ბ. პ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ვინაიდან კასატორს არ წამოუყენებია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 5 სექტემბრის წერილის თანახმად, ყოფილი ტექნიკური აღრიცხის სამსახურის არქივის მასალებით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ¹52 ბინა ირიცხება საქართველოს ,,...» სახელზე. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს 1995 წლის 19 ოქტომბრის ¹2-950 ნოტარიული ხელშეკრულება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ _ პ. გ-უამ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 1995 წლის 19 ოქტომბრის ¹2-950 ნოტარიული ხელშეკრულება. აღნიშნული განცხადების პასუხად სარეგისტრაციო სამსახურმა მიუთითა, რომ დასახელებული ხელშეკრულება ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში არ მოიპოვებოდა. საქმეში ასევე წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 19 ოქოტმბრის გადაწყვეტილების ასლი საქმეზე ¹2-950. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ... სარჩელი და გადაწყვეტილებით განისაზღვრა _ პ. გ-უასა და ნ. ჩ-ოვანის შვილებთან ერთად გამოსახლება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ¹52 სამოთახიანი ბინიდან და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება ... მისი რეალიზაციისა და ბანკის ვალის _ 2733 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით. საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს ,,...» გამგეობის თავმჯდომარის მიმართვა ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციისადმი, რომლითაც მიმართვის ავტორი სთხოვს ადრესატს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ¹52 ბინა გაატაროს ,,...» სახელზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ სადავო ბინის ,,...» სახელზე რეგისტრაციის საფუძველი იყო არა 1995 წლის 19 ოქტომბრის ¹2-950 ნოტარიული ხელშეკრულება, როგორც ეს რეგისტრაციის საფუძვლად არის მითითებული, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი საქმეზე ¹2-950.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და არც მხარები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ პ. გ-უა სადავო ბინიდან არ გამოსახლებულა და დღემდე განაგრძობს ცხოვრებას ხსენებულ ბინაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სადავო ბინაზე ... საკუთრება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იქნა რეგისტრირებული, ვინაიდან რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,...» საკუთრების უფლების გადასვლა არ დასტურდება, კერძოდ, გადაწყვეტილებით დადგინდა ბინიდან მოპასუხეების გამოსახლება და ბინის გადაცემა კრედიტორისათვის მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით და არა ბინის საკუთრებაში გადასვლა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება კრედიტორისათვის სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემას არ გულისხმობს. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა სადავო ბინის ,,...» სახელზე რეგისტრაციას.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნას _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე ¹52 ბინის მის სახელზე რეგისტრაციის დავალების თაობაზეც. საკასაციო სასამართლო ხსენებულ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრაციას აწარმოებს ტერიტორიული ორგანოების _ სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უშუალოდ. მე-10 მუხლის პირველი პუნქტით რეგისტრაცია წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა პ. გ-უას ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ ტექინვენტარიზაციის ჩანაწერებით სადავო ბინა სს ,,...» იყო აღრიცხული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა და ამ საქმეზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს ,,...» ლიკვიდატორის ბ. პ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,...» ლიკვიდატორის ბ. პ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.