Facebook Twitter
¹ბს-409-394(კ-09) 23 ივლისი, 2009წ

¹ბს-409-394(კ-09) 23 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური; წარმომადგენლები – დ. ჯ-ძე, მ. ნ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე: ი/მ «ბ. ს-ძე»

მესამე პირები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; წარმომადგენელი -

კ. ლ-ძე; გ. ს-ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 22 ოქტომბერს ი/მ ბ. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ არის ინდივიდუალური მეწარმე, რეგისტრირებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ.

2007 წლის 17 ივნისს ქ. გურჯაანში, ვინმე ზ. შეიძინა თევზეული - 9 ცალი (80 კგ) ლოქო და 19 ზუთხი (165კგ), რომელსაც გადასცა მისამართი, რათა მას შესაბამისად დოკუმენტაცია მიეტენა მისთვის იმავე ღამით.

ზემოაღნიშნული თევზი ი. გ-ძის კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანით გადმოჰქონდათ ქ. თბილისში, 18 ივნისს დაახლოებით 3 საათზე საგარეჯოში გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და ვინაიდან არ ჰქონდა თევზის სათანადო დოკუმენტაცია გადასცეს საფინანსო პოლიციის კახეთის სამმართველოს, ჩამოართვეს ავტომანქანა და თევზი, მოახდინეს თევზის აწონვა და ექსპერტიზის ჩატარება. პირველი ექსპერტიზის დასკვნით თევზის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 5420 ლარს, დღგ-ს გარეშე - 4593 ლარს, ხოლო მეორე ექსპერტიზის დასკვნით – 6905 ლარს, დღგ-ს გარეშე - 5810 ლარს, ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსარჩელეს ჩამოართვეს როგორც თევზი, ასევე ავტომანქანა. თევზი შენახულ იქნა საგარეჯოში, მეწარმე მ. ქ-ძის მაცივარში, ხოლო ავტომანქანა გადაყვანილ იქნა საჯარიმოზე.

მოსარჩელის განმარტებით, თევზის უსაბუთოდ შეძენა-ტრანსპორტირებისათვის თბილისის საგადასახადო ისნპექციიდან მიიღო საგადასახადო მოთხოვნა, რომლის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა - 5851 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა მისთვის თევზი არ დაუბრუნებიათ, იგი როგორც მალფუჭებადი პროდუქტი გახდა უვარგისი, ასევე უკანონოდ ჰყავდათ საჯარიმოზე მის მიერ დაქირავებული ავტომანქანაც, რომლისთვისაც ყოველდღიურად იხდიდა ჯარიმას 5 ლარის ოდეობით, ხოლო მანქანის მეპატრონეს უხდიდა 20 ლარს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეებს დაკისრებოდათ თევზის გაფუჭებით მიყენებული ზარალის - 6905 ლარის, ასევე ავტომანქანის საჯარიმოზე უკანონოდ გადაყვანით გამოწვეული ხარჯებისა და მოსალოდნელი მისაღები შემოსავლისათვის ყოველდღიურად 25 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქმეში ჩაება მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 მარტის განჩინებით მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველო ამორიცხა საქმიდან და საბოლოოდ საქმეზე მოპასუხედ დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოდ მოითხოვა მოპასუხეებს მის სასარგებლოდ დაკისრებოდათ ზიანის 5851 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ «ბ. ს-ძის» სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით 5851 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა: ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი პირობები, კერძოდ სამასახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ბრალეული ქმედებით სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა სხვა პირის მიმართ, რაც გახდა ზიანის წარმოშობის მიზეზი.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ბ. ს-ძისათვის ტვირთის ჩამორთმევა და მისი დასაწყობება უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებას სახელმწიფო სამსახურში ყოფნის საფუძველზე ანუ საჯარო სამართლებრვი უფლებამოსილების განხორციელებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდაგარი ზიანი. ამასთან, განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთდ სოლიდარულად აგებს პასუხს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო სახელმწიფო პასუხისმგებელია ბრალის ნებისმიერი ფორმით მიყენებული ზიანისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ნივთიერი მტკიცებულება შეინახოს ისეთ პირობებში, რომელებიც გამორიცხავს მის დაკარგვასა და მისი თვისებების შეცვლას. ამასთან, იმავე კოდექსის 123-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ხოლო 124-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულებების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლება არ უზრუნველყვეს ბ. ს-ძისათვის ჩამორთმეული თევზის ისეთ პირობებში შენახვა, რაც მისი თვისებების შეცვლას გამორიცხავდა, ი/მ «ბ. ს-ძის» კუთვნილი თევზი მოათავსეს ისეთ პირობებში, რამაც მისი გაფუჭება გამოიწვია. ამდენად, სახეზეა თანამშრომელთა სამსახურებრივი ვალდებულების დარღვევა მოსარჩელის მიმართ, რომელსაც თავის მხრივ შეესაბამება ამ უკანასკნელის უფლება – მოითხოვოს გაფუჭებული ნივთის საფასურის საკომპენსაციო თანახა, რაც განსახილველ შემთხვევაში შპს «...» 2007 წლის 21 ივნისის ¹002249 ექსპერტის აქტის საფუძველზე შეადგენს 5851 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიეებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და მოსარჩელისათვის ჩამორთეული ნივთის გაფუჭებით დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირვეილ ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფოსათვის ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად აუცილებელია არსებობდეს ორიდან ერთ-ერთი პირობა 1. სახელმწიფოს/სახელმწიფო მოხელის განზრახვა მიაყენოს მხარეს ზიანი და 2. სახელმწიფოს/სახელმწიფო მოხელის უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი. აპელანტის განამრტებით, საქალაქო სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებეული თუ რომელი პირობით იქნა მოსარჩელისათვის ზიანი მიყენებული.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიიჩნევს პირის მართლსაწინააღმდეგო განზრახ ან გაუფრთხილებელ ქმედებას, რომლითაც ზიანი მიადგა მესამე პირს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის აუცილებელ პირობას შეადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მისი შედეგი, რომლითაც ზიანი მიადგა მოასარჩელეს, მართლსაწინააღმდეგო ქმედება განხორციელდა განზახ თუ გაუფრთხილებელი ქმედებით, რაც მნიშვნელოვანია ზიანის ხარისხის დადგენისა და შესაბამისად კომპენსაციის განსაზღვრისათვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ აქვს პროცესუალური და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს სასამართლოს მხრიდან კონსტიტუციურ ნორმებზე დაყრდნობით დავის გადაწყვეტის მართებულობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილში აღიარებულმა უფლებამ ასახვა ჰპოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

იმავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ნაზღაურების მოვალეობა სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი და ბოლოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა უდავოდ დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

წინამდებარე საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოები საქმის მასალებსა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით უდავოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა არ უზრუნველყვეს ჩამორთმეული თევზის ისეთ პირობებში შენახვა, რაც გამორიცხავდა მისი თვისებების შეცვლას.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებისათვის იმთავითვე იყო ცხადი ის შედეგი, რაც თევზის არასათანადო პირობებში შენახვას მოჰყვებოდა.

მართალია, კასატორი სადავოდ ხდის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგრამ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ვერ უთითებს და არ წარმოადგენს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რაც საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ართმევს პროცესუალურ შესაძლებლობას ეჭქვეშ დააყენოს დდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სარჩელის გადაწყვეტისას სასამართლოთა მხრიდან მართებულად იქნა გამოყენებული დელიქტური ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დადმგარი ზიანი.

წინამდებარე საქმის მასალებით დადგენილია, რომ თევზის, როგორც ნივთმტკიცების, ამოღება აწარმოეს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ნივთიერი მტკიცებულება შეინახოს ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავს მის დაკარგვასა და მისი თვისებების შეცვლას, ხოლო ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ადმინისტაციული ორგანოს თანამშრომლების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა სასამართლოს აძლევდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.