Facebook Twitter
ბს-412-397(კ-09) 21 მაისი, 2009 წელი

ბს-412-397(კ-09) 21 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 13 ოქტომბერს ლ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე რ. ბ-ძე, რომელიც გარდაიცვალა 2005 წლის 28 ივლისს, მსახურობდა ყოფილ სამხედრო ნაწილ ¹...-ში სამხედრო მოსამსახურედ. მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლის სახელფასო დავალიანება (ხელზე ასაღები) 1998-2000 წლებში შეადგენდა 1032,07 ლარს, მათ შორის თანამდებობრივი სარგო _ 312,77 ლარს, კვების კომპენსაცია _ 550,30 ლარს, კვარტალური ჯილდო _ 168,96 ლარს.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში რ. ბ-ძესთან და მისგან მიღებული ქონდა სამკვიდრო ქონება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ მისი მეუღლის სახელფასო დავალიანების _ 1032,07 ლარის და იურიდიული მომსახურეობისათვის გადახდილი _ 200 ლარის, სულ _ 1232,07 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 681,73 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ლამზირა კვინიკაძემ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს და კვარტალური ჯილდოს _ 481,73 ლარის და იურიდიული მომსახურების _ 200 ლარის ანაზღაურება, ხოლო კვების კომპენსაციის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიერ სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა სასარჩელო მოთხოვნის შემცირება, არამედ პირიქით, მან მხარი დაუჭირა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. კ-ძის სარჩელი იურიდიული მომსახურების თანხის _ 200 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სახელფასო დავალიანების _ 481,73 ლარის მოსარჩელე ლ. კ-ძის სასარგებლოდ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადასახდელად დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.