Facebook Twitter

ბს-41-41(კ-09) 25 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. ჩ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ჩ-ამ 2007 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულების და შესაბამისად, აღნიშნული სადავო აქტიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულება, ირაკლი ჩაგანავასათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ, აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 ივლისის ¹59-ე, 2003 წლის 31 მარტის ¹22-ე, 2003 წლის 23 ივნისის ¹39-ე, 2004 წლის 13 აპრილის ¹25-ე დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ი. ჩ-თვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობის უფლების შეწყვეტის ნაწილში; აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინებით აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა გასახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის განკარგულების მიღებისა და შესაბამისად, ირაკლი ჩაგანავაზე იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა 2004-2006 წლებში დარიცხული დავალიანებების არსებობა. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ის გარემობა, რომ ი. ჩ-ამ 2007 წლის 15 ივნისს _ მას შემდეგ, რაც შეუწყდა იჯარის ხელშეკრულებები, გადაიხადა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იჯარის გადასახადები¸ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის განკარგულების გაუქმების საფუძვლად არ მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი. ჩ-თან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო საიჯარო ქირის გადაუხდელობა, რამდენადაც თითქოსდა გასული არ იყო საიჯარო ქირის გადაუხდელობიდან სამთვიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იჯარის ხელშეკრულების თანახმად ვადის გასვლამდე მისი შეწყვეტის საფუძველი საიჯარო ქირის გადაუხდელობასთან ერთად შეიძლება იყოს მოიჯარის მიერ არადანიშნულებისამებრ მიწის ნაკვეთების გამოყენება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი. ჩ-ას მიწის ნაკვეთი გადაეცა სახნავ-სათესი მიწის კატეგორიით, ერთწლიანი კულტურის მოსაყვანად. მას კი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ჰქონდა მრავაწლიანი კულტურა_თხილის პლანტაცია.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ჩ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია მის მიერ 2007 წლამდე გადახდილი საიჯარო ქირის ოდენობა. კასატორს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის 3 თვიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მხოლოდ 2006 წლის 1 ნოემბერს. სადავო განკარგულება გამოიცა აღნიშნული 3 თვიანი ვადის დარღვევით. კასატორი ასევე მიუთითებს ხელშეკრულების მე-7 მუხლის ,,გ” პუნქტის დარღვევაზე, რადგან ხელშეკრულების მხარემ მას არ გაუგზავნა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე წერილობითი შეტყობინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოდ მითითებული საფუძვლით.

ირაკლი ჩაგანავა ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ი. ჩ-ას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე;

2. ი. ჩ-ას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.