ბს-420-405 (2კ-09) 27 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი _ შპს «...», ამხანაგობა «...»
II კასატორი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ 1) სსიპ 128-ე საჯარო სკოლა
2) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
3) ქ. თბილისის მერია
4) ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების
საქალაქო სამსახური
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კასატორთა მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. თბილისის 128-ე საშუალო სკოლამ 2003 წლის იანვარში სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის პრივატიზაციის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 13 დეკემბრის ¹20.10.430 დადგენილებით დამტკიცებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის მე-6 პუნქტის ბათილად ცნობა და ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს ,,...” და დ. ც-ძეზე 2002 წლის 24 სექტემბერს გაცემული ¹23/1712-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ქ. თბილისის 128-ე საშუალო სკოლის დირექტორის ნ. ჟ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ქ. თბილისის ¹128-ე ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლამ 2005 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის ¹3/281 გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 აგვისტოს განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ¹3/766-06 ადმინისტრაციული საქმე, აღძრული თბილისის 128-ე საშუალო სკოლის სარჩელისა გამო, მოპასუხეების თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, შპს ,,...”, დ. ც-ძის, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის, მესამე პირების – თბილისის მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, ქ.თბილისში ... ქუჩა ¹12_ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული მშენებარე ობიექტის პრივატიზაციის შესახებ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და რ. ე-უას შორის 2002 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულებისა და 2002 წლის 26 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს ,,...” და დ. ც-ძეზე 2002 წლის 24 სექტემბერს გაცემული საკუთრების მოწმობის, აგრეთვე თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 28 თებერვლის ¹20/68 ბრძანებისა და 2005 წლის 17 მაისის მშენებლობის ნებართვის, ... ქუჩა ¹12-ში მდებარე 5 828 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის შპს ,,...” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ მოთხოვნებით, ასევე ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ ორი საქმესთან, კერძოდ ადმინისტრაციული საქმე ¹3/1029-06 თბილისის 128_ე სკოლის სარჩელისა გამო, მოპასუხეების თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და თბილისის მთავრობის მიმართ, 2001 წლის 13 დეკემბრის ¹20.10.430 დადგენილებისა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს ,,...” და დ. ც-ძეზე 2002 წლის 24 სექტემებრს გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნით, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმე ¹3-2302-06 შპს ,,...” და ერთობილივი საქმიანობის ამხანაგობის ,,...” სარჩელისა გამო, მოპასუხის – თბილისის მთავრობის მიმართ 2006 წლის 14 თებერვლის ¹03.21.75 დაგდენილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნით; სამივე საქმის გაერთიანების შედეგად საქმეს მიენიჭა რიგითი ¹3/766-06.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ 128-ე საჯარო სკოლის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 13 დეკემბრის ¹20.10.430 დადგენილება «თბილისის მუნიციპალური საკუთრების 2001 წლის საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ» ნუსხის მე-6 პუნქტის დამტკიცების ნაწილში, დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელს რ. ე-უას შორის თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობისა და 6 828 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ 2002 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულება და ამ უკანასკნელის თანმხლები ¹55 მიღება-ჩაბარების აქტი; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს «...» და დ. ც-ძეზე 2002 წლის 24 სექტემბერს გაცემული ¹23/1712-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 28 თებერვლის ¹20/68 ბრძანება ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე შპს «...» საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ შპს «...» 2005 წლის 17 მაისს გაცემული ¹6/116 მშენებლობის ნებართვა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი (სარეგისტრაციო ¹1/14/4/5/6 განაცხადის რეგისტრაციის ¹42881/2005 თარიღი 2005 წლის 24 აგვისტო) თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე 5 828 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა «...» საკუთრებად აღრიცხვის შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების შპს «...» და ამხანაგობა «...» სარჩელი; შპს «...» და ამხანაგობა «...» უარი ეთქვა მოპასუხე თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 თებერვლის ¹03.21.05 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...» და ამხანაგობა «...».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, შპს «...» და ამხანაგობა «...»
კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, შპს «...» და ამხანაგობა «...». საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრები ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, შპს «...» და ამხანაგობა «...». საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს ,,...” საკასაციო საჩივრისათვის მ. კ-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი ლარი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი ლარი) ლარი; ხოლო ვინაიდან მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრისათვის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,...” გადახდილი აქვს 7.700 (შვიდი ათას შვიდასი ლარი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 5390 (ხუთიათას სამას ოთხმოდცდაათი ლარი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, შპს «...» და ამხანაგობა «...». საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე;
2. დაუბრუნდეს მ. კ-ძეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი ლარი) ლარი;
3. დაუბრუნდეს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,...” მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 5390 (ხუთიათას სამას ოთხმოცდაათი ლარი ) ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.