Facebook Twitter

¹ბს-422-407(კ-09) 28 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ მ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წარმომადგენელი _ ე. მ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 8 მაისს მ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის აგვისტოში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც წარმატებით გაიარა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 16 აგვისტოს ¹1128/კ ბრძანებით დაინიშნა ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსად. ამ თანამდებობაზე მუშაობისას არ მიუღია გაფრთხილება ან საყვედური საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.

მოსარჩელის განმარტებით, ხსენებულ თანამდებობაზე ორი წლის მუშაობის მანძილზე არ უსარგებლია შვებულებით. 2008 წლის 1 აპრილიდან მ. კ-ძე გავიდა კუთვნილ შვებულებაში «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, თუმცა 2007 წლის 21 ნოემბერს ზემოხსენებული დებულების მე-3 მუხლში შევიდა ცვლილება, რის თაობაზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსარჩელისათვის არ უცნობებია.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მსგავსად დაახლოებით ორმოცი რესურს-ცენტრის უფროსმა ისარგებლა შვებულებით, ისე რომ ერთი კვირით ადრე არ უცნობებიათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, მაგრამ მათთვის სიტყვიერი საყვედურიც კი არ მიუციათ. მოსარჩელის შემთხვევაში კი, აღნიშნული მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ «ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹337 ბრძანებით ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის (მ. კ-ძის) 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანება «მ. კ-ძის შვებულების შესახებ» გამოცხადდა ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტისა და «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, არც ერთი მითითებული ნორმა არ ანიჭებდა სამინისტროს უფლებას ძალადაკარგულად ეცნო რესურს-ცენტრის უფროსის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მით უფრო, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზემოხსენებული ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹337 ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად მისი არარად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, მოსარჩელემ გათავისუფლების ბრძანებაც უკანონოდ მიიჩნია, რამდენადაც ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლებულიყო სამსახურიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ «ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹337 ბრძანების არარად ცნობა, «მ. კ-ძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის _ სამსახურიდან გათვისუფლების _ გამოყენების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ¹425/კ ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

2008 წლის 17 ივლისს მ. კ-ძემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა «ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹337 ბრძანებისა და «მ. კ-ძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის _ სამსახურიდან გათვისუფლების _ გამოყენების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ¹425/კ ბრძანების ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ 2008 წლის 31 მარტის წერილით, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში შევიდა 2008 წლის 2 აპრილს, ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა მ. კ-ძემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცნობა მის მიერ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის თაობაზე, 2008 წლის პირველი აპრილიდან 30 აპრილამდე. აღნიშნული აქტის გამოცემით დარღვეულ იქნა «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «თ1» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად რესურს-ცენტრის უფროსი თავის ან/და რესურს-ცენტრის თანამშრომლის უცხოეთში მივლინების, აგრეთვე თავისი შვებულების თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამინისტროს უცხოეთში მივლინების/შვებულების თარიღამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა. აღნიშნული ცვლილება შევიდა 2007 წლის 21 ნოემბერს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნდა.

მოპასუხის განმარტებით, რესურს-ცენტრის უფროსის მიერ არათუ დარღვეული იყო ერთკვირიანი ვადა, არამედ სამინისტროში ინფორმაცია წადგენილ იქნა მ. კ-ძის შვებულებაში ყოფნის დროს. ამდენად, ... რესურს-ცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანება გამოცემული იყო უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, რაც ხსენებული აქტის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი იყო. «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქეპუნქტის თანახმად, მინისტრი თვალყურს ადევნებდა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებდა სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე. ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილი იყო აქტი ეცნო ძალადაკარგულად. ამდენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹337 ბრძანება გამოცემული იყო უფლებამოსილი პირის მიერ და მოსარჩელის მტკიცება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს არ ჰქონდა აღნიშნული ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის უფლება უსაფუძვლო იყო.

მოპასუხემ მ. კ-ძის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹337 ბრძანების გამოცემის შემდეგ მ. კ-ძეს მიეცა საშუალება წარმოედგინა ახსნა-განმარტება «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანამანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «თ1» ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ მისი შვებულების საკითხი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებული იყო და აღნიშნულის თაობაზე წერილობით მიმართა კიდეც მინისტრს, თუმცა ხსენებული წერილი შეიცავდა მხოლოდ ერთ წინადადებას («გთხოვთ, უახლოეს მომავალში მიმიღოთ, ჩვენს სფეროში, განათლების სისტემაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით») და არ მოიცავდა მითითებას შვებულებასთან დაკავშირებით.

მოპასუხის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მ. კ-ძის ახსნა-განმარტებაში არ იქნა დაფიქსირებული მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კერძოდ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გაათავისუფლა თანამდებობიდან, გამოყენებულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის, ანუ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. კ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რამდენადაც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მ. კ-ძის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «თ1» ქვეპუნქტის დარღვევას, ან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო საპატიო გარემოებით. ასევე ვერ იქნა დადასტურებული და საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს შესწავლილი არ იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც დარღვეული იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ ჰქონდა უფლება ძალადაკარგულად ეცნო რესურს-ცენტრის უფროსის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობა თვალყურს ადევნებდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებდა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, ხოლო იმავე მუხლის «მ» ქვეპუნქტის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემდა ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს. ამასთან, «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რესურს-ცენტრის საქმიანობაზე მუდმივ კონტროლს ახორციელებდა სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისათვის «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მოთხოვნათა შეუსრულებლობა წარმოადგენდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზეც, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინება მ. კ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსად მუშაობდა ორი წელი, ამ ხნის მანძილზე არასოდეს უსარგებლია შვებულებით. 2008 წლის პირველი აპრილიდან გავიდა კუთვნილ შვებულებაში «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. 2007 წლის 21 ნოემბერს ზემოხსენებული დებულების მე-3 მუხლში შევიდა ცვლილება, რის თაობაზეც სამინისტროს ოფიციალურად არ უცნობებია მ. კ-ძისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹337 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების, «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა «ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანება «მ. კ-ძის შვებულების შესახებ». კასატორის განმარტებით, არც ერთი მითითებული ნორმა არ ანიჭებდა სამინისტროს ძალადაკარგულად ეცნო რესურს-ცენტრის უფროსის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, მინისტრის ზემოხსენებული ბრძანების დასაბუთებაში მითითებული 61-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ სადავო აქტში არ არის მითითებული ის საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტი, ან შესაბამისი ნორმა, რის საფუძველზეც გამოიცა აღნიშნული აქტი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი გარემოებები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ. კ-ძის შვებულებაში ყოფნით სამინისტრო არ დაზარალებულა, ვინაიდან აღნიშნულით სამინისტროს ხელი არ შეშლია მუშაობაში.

კასატორის განმარტებით, ზემოთ ხსენებული ნორმების გარდა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2008 წლის 15 აპრილის ¹425/კ ბრძანების გამოცემისას არ იყო დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლი, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა დაცული.

კასატორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ხოლო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას. «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია გასცეს წერილობითი მითითება შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, ყველაზე მიზანშეწონილი იქნებოდა იმ მომენტისათვის, ვინაიდან სამინისტრო ყოველთვის აღიარებდა რომ მ. კ-ძე იყო კარგი თანამშრომელი.

კასატორი აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიძლება გამოყენებულიყო, თუ ადგილი ექნებოდა კასატორის მხრიდან მოვალეობის უხეშ დარღვევას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მ. კ-ძის შვებულებაში ყოფნით სამინისტროს ხელი არაფერში შეშლია.

კასატორი მიუთითებს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებობის ნებისმერი სხვა ზომა. მ. კ-ძეს კი არასოდეს არ მიუღია არც გაფრთხილება და არც საყვედური.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინებით მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 2 ივლისს, 11.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: «ქ. ... საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მ. კ-ძის 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსს მ. კ-ძეს მიეცა 2008 წლის კუთვნილი შვებულება 2008 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით. მისი შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შესრულება დაევალა ქ. ... საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროს სპეციალისტს მ. ა-ძეს. ამავე ბრძანებით განისაზღვრა ბრძანების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის შეტყობინება, ხოლო ბრძანების შესრულება დაევალა საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროს სპეციალისტს ო. კ-შვილს (ს.ფ. 40). ქ. ... საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა 2008 წლის 31 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს მ. გ-შვილს აცნობა, რომ 2008 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ... საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანების საფუძველზე იმყოფებოდა შვებულებაში, ხოლო მის მოვალეობას შეასრულებდა ქ. ... საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი სპეციალისტი მ. ა-ძე (ს.ფ. 39).

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საფუძველზე ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹337 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. ... საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანება, ვინაიდან ზემოაღნიშნული აქტის გამოცემით რესურს-ცენტრის უფროსმა დაარღვია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, შესასრულებლად სავალდებულო ადმინისტრაციული აქტი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დადგენილი ვალდებულება. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანამანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «თ1» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, რესურს-ცენტრის უფროსი ვალდებულია თავისი შვებულების თაობაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აცნობოს შვებულების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა. Qქ. ... საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა მ. კ-ძემ თავისი შვებულების თაობაზე ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდა 2008 წლის 2 აპრილს (სამინისტროში წერილობითი ინფორმაციის წარდგენის თარიღი), ხოლო შვებულებაში გავიდა 2008 წლის პირველი აპრილიდან. სადავო ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ რესურს-ცენტრის უფროსის მიერ შვებულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით და ვადებში მიწოდების შემთხვევაში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში რესურს-ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების გათვალისწინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლის მითითებით, როგორც რესურს-ცენტრის უფროსის მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, შესაძლებელია მიეღო სხვა გადაწყვეტილება შვებულების თარიღთან დაკავშირებით. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ზემოაღნიშნულის გათვალისწებით, ქ. ... საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანება «მ. კ-ძის შვებულების შესახებ» გამოცემული იყო უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით და ზედამხედველობის წესით ექვემდებარებოდა ძალადაკარგულად გამოცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹37 დადგენლებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. ამავე ბრძანებით მ. კ-ძეს დაევალა აღნიშნული ბრძანების კანონით დადგენილი წესით გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენა მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «თ1» ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის საკითხთან დაკავშირებით (ს.ფ. 15-17).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ასევე ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მ. კ-ძის 2008 წლის 22 აპრილის ¹114 ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მან 2008 წლის 22 აპრილს მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹337 ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანება «მ. კ-ძის შვებულების შესახებ». «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, რომლითაც მას არ უსარგებლია ორი წლის მანძილზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹337 ბრძანების საფუძველზე 2008 წლის 22 აპრილიდან კი გამოვიდა სამსახურში და ასრულებდა მის მოვალეობას. ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი მ. კ-ძე ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ მან ჯერ კიდევ 2008 წლის 24 მარტს მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თხოვნით მიღებაზე, რათა ესაუბრათ მათ სფეროში არსებულ საკითხებზე, მათ შორის, იგულისხმებოდა შვებულებაში გასვლაც. აღნიშნული წერილი სამინისტროში გატარებულია 24/03/6075 ნომრით, რაზეც მოსარჩელეს სამინისტროდან პასუხი არ მიუღია (ს.ფ. 41).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ იმ გარემოებაზეც, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მ. კ-ძის მიერ მითითებული 2008 წლის 24 მარტის ¹24/03/6075 წერილი არ მოიცავდა არანაირ მითითებას შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც «საქართველოს განთლებისა და მეცნერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «თ1» ქვეპუნქტის პირდაპირ მიუთითებდა, რომ შვებულების თაობაზე რესურს-ცენტრის უფროსი ვალდებულია აცნობოს სამინისტროს შვებულების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა, ამასთან, მ. კ-ძის ახსნა-განმარტებით ბარათში არ იყო მითითებული ისეთი გარემოების შესახებ, რაც გამოავლენდა მოსარჩელის მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზს, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), 79-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, 99-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად და მ. კ-ძის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ¹425/კ ბრძანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მ. კ-ძის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ თანამდებობიდან გათავისუფლება (ს.ფ. 18-20).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები, რომლებიც იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამდენად, მ. კ-ძე მუშაობდა რა ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ხოლო «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ" ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წყვეტს პირის ან პირთა შეზღუდული წრის შრომის უფლებას, რის გამოც სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს ხსენებულ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისი ნორმების მოთხოვნებთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 99-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის სახეებს, რომლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. სწორედ ხსენებულ ნორმაზე უთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ¹425/კ ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მ. კ-ძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მ. კ-ძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება უდავოდ წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას, მაგრამ სამინისტრომ ვერ დაასაბუთა, რამდენად წარმოადგენდა შვებულებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი შეუტყობინებლობა უხეშ დარღვევას, რომელიც შეიძლება საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველი გამხდარიყო, სხვა საფუძველი კი მ. კ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული არ არის. მით უფრო, რომ მ. კ-ძის მიმართ სხვა პრეტენზიების არსებობის ფაქტი არც საქმის მასალებით და არც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებით არ დასტურდება. ამასთან, საქმეში არსებული ურთიერთგამომრიცხავი ცნობების მიუხედავად არ იქნა გამოკვლეული, შვებულების თაობაზე ერთი კვირით ადრე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი შეუტყობინებლობით, რეალურად რა ზიანი მიადგა ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს. ამასთან, საჭირო იყო თუ არა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის შვებულებაში გასასვლელად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობა და ამ კუთხით არ იქნა შემოწმებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹337 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ლ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის (საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა) მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხე მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «ლ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომ არ იმსჯელა და არ გამოიკვლია, რამდენად იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული თანაზომიერების პრინციპი, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავის სასარჩელო განცხადებაში უთითებს, რომ მის მსგავსად დაახლოებით ორმოცი რესურს-ცენტრის უფროსმა ისარგებლა შვებულებით, ისე რომ ერთი კვირით ადრე არ უცნობებიათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, მაგრამ მათთვის სიტყვიერი საყვედურიც კი არ მიუციათ, ანუ წარმოადგენდა თუ არა მხოლოდ «საქართველოს განთლებისა და მეცნერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «თ1» ქვეპუნქტის შეუსრულებლობა ყველა შემთხვევაში საჯარო მოსამსახურის მიმართ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის უმაღლესი ზომის _ სამსახურიდან განთავისუფლების _ გამოყენების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო დამატებით იმ გარემოებაზეც მიაქცევს ყურადღებას, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ¹425/კ ბრძანება «მ. კ-ძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის _ სამსახურიდან განთავისუფლების _ გამოყენების შესახებ» გამოცემულ იქნა 2008 წლის 23 აპრილს, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით დაწერილი მ. კ-ძის ახსნა-განმარტებითი ბარათი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შესული იყო 2008 წლის 24 აპრილს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევისათვის იგი ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით რეგლამენტირებულ ყველა ლეგალურ დანაწესსა და იმპერატიულ მოთხოვნას, რათა ობიექტურად გამოირიცხოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ხოლო თუ იგი ეწინააღმდეგება ამა თუ იმ კანონს, სახეზე იქნება დასახელებული მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმები და არ იმსჯელა მთავარ საკითხზე _ რამდენად წარმოადგენდა «საქართველოს განთლებისა და მეცნერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «თ1» ქვეპუნქტის შეუსრულებლობა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უხეშ დარღვევას; დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას დაცული იქნა თუ არა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი და კანონიერად მოხდა თუ არა სამსახურიდან მ. კ-ძის გათავისუფლება; სასამართლოს არ დაუსაბუთებია გასაჩივრებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹337 და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ¹425/კ ბრძანებების შესატყვისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ «ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹337 ბრძანებისა და «მ. კ-ძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის _ სამსახურიდან გათვისუფლების _ გამოყენების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ¹425/კ ბრძანების კანონიერება უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრციული-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხდების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მ. კ-ძის მიერ ვერ იქნა დადასტურებული და საქმეშიც არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს შესწავლილი არ იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც დარღვეული იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემობებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.