Facebook Twitter
ბს-42-42(კ-კს-09)

ბს-42-42(კ-კს-09) 25 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ზ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ღ-ძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. ღ-ძემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და გ. ზ-ძის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ. 2-7, ტ. I).

გ. ზ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის და მ. ღ-ძის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ. 58-64, ტ. I).

რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის განჩინებით გ. ზ-ძის შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში (იხ.ს.ფ. 65, ტ. I)

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2007 წლის 27 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილება, რითაც აღიარებულ იქნა გ. ზ-ძის საკუთრების უფლება 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .... ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობა, გაცემული 2007 წლის 27 დეკემბერს გ. ზ-ძის სახელზე; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. ზ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (იხ.ს.ფ. 89-90, ტ. II).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ზ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ღ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 96-102, ტ. II)

2008 წლის 30 აპრილს გ. ზ-ძემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის და მ. ღ-ძის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ. 1-7, ტ. III).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ზ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი მ. ღ-ძის მიმართ სოფელ ... 0,2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით (იხ.ს.ფ. 110-114, ტ. III).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ღ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ზ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 126-135, ტ. III)

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა გ. ზ-ძისა და მ. ღ-ძის სააპელაციო საჩივრები /იხ.ს.ფ. 171-173, ტ. III/.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეების ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები და არც წერილობითი შეპასუხება იქნა წადრგენილი მათ მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მ. ღ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება; ადმინისტრაციულ საქმეზე გ. ზ-ძის სარჩელისა გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ღ-ძის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის გამო; გ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

გ. ზ-ძემ 2007 წლის 23 დეკემბერს განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით მოითხოვა სოფელ ... 2800 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. საკრებულოს კომისიის 2007 წლის 27 დეკემბრის ¹14 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ზ-ძის განცხადება 0,28 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა ¹3452. 0,28 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების ¹3453 მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა გ. ზ-ძის სახელზე 2008 წლის 16 იანვარს. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გ. ზ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა შ. ჯ-ძემ დაადასტურეს, რომ მ. ღ-ძის სახელზე გაცემული, ამჟამად სადავო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მათთვის ცნობილი გახდა 2008 წლის თებერვალში, რაც სარჩელით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

საქმის მასალების თანახმად, გ. ზ-ძემ 2008 წლის 15 თებერვალს შეიტანა სარჩელი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ მ. ღ-ძისა და რ. ვ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების ¹7005 და ¹0715 მოწმობების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 თებერვლის განჩინებით გ. ზ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი. 2008 წლის 13 მარტის განჩინებით გ. ზ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე (ს.ფ. 49-50; ადმინისტრაციული საქმე ¹3-202-08წ). სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება გ. ზ-ძეს არ გაუსაჩივრებია. მის მიერ ხელახლა სარჩელი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა 2008 წლის 30 აპრილს. აღნიშნულით მოსარჩელემ კვლავ მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილების, საკუთრების უფლების ¹0715 მოწმობისა და ამ მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა 2007 წლის 11 ივლისის «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტი და განმარტა, რომ გ. ზ-ძის მიერ აღძრულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა საკუთრების უფლების მოწმობა, რომელიც გაიცემა საკრებულოს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლოს დასკვნით, რამდენადაც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირდება კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილება და საკუთრების მოწმობა ერთობლიობაში წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გ. ზ-ძის მიერ 2008 წლის 15 თებერვალს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში აღძრულ სარჩელს დაერთო მ. ღ-ძის სახელზე გაცემული, ამჟამინდელ საქმეზე სადაო ¹0715 საკუთრების მოწმობა, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდა მოსარჩელე. ხარვეზის შეუვსებლობის გამო სარჩელის მიღებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. ხელახლა სარჩელი შეტანილ იქნა 2008 წლის 30 აპრილს. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის სასარგებლოდ, მისთვის სადავო აქტის შესახებ შეტყობინების თარიღად 2008 წლის 29 თებერვალიც რომ ჩაითვალოს (თუმცა 2008 წლის 15 თებერვლისათვის მას უდავოდ ხელთ გააჩნდა მ. ღ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა), მოსარჩელეს მაინც გაშვებული ჰქონდა მისი გასაჩივრებისათვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3. მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 277-ე მუხლები და განმარტა, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის განჩინებით არ შეწყვეტილა გ. ზ-ძისათვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად,

გ. ზ-ძის სარჩელი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, რამდენადაც არ იყო აღძრული აღნიშნული ნორმით დადგენილ ვადაში (იხ.ს.ფ. ).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ზ-ძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რამდენადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში საერთოდ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ გ. ზ-ძის მიერ 2008 წლის 15 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის სახელზე შეტანილ იქნა საჩივარი, რომლითაც გასაჩივრდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ღ-ძეზე მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, ანუ ის აქტი, რომლის გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, სააპელაციო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ გ. ზ-ძემ 2008 წლის 15 თებერვალს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გაასაჩივრა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღება, ანუ გ. ზ-ძემ დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ადმინისტრაციული აქტი და ელოდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს, ამ შემთხვევაში კომისიის, გადაწყვეტილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანო იღებს 1 თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილი საჩივრის განხილვა-გადაწყვეტის ვადის მაქსიმალური დრო განისაზღვრება 3 თვით, გ. ზ-ძემ კი 15 თებერვალს შეტანილი საჩივრის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოდან პასუხის მიუღებლობის შემდეგ - 30 აპრილს სასამართლოს მიმართა სარჩელით აღიარების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ე.ი. ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებიდან 2,5 თვის შემდეგ. ამდენად, მის მიერ დაცულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რამდენადაც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2008 წლის 13 მარტს მიღებული განჩინებით განუხილველად კი არ დატოვა სარჩელი, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, არამედ წარმოებაში არ მიიღო ამავე კოდექსის 186-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლი.

კერძო საჩივართან დაკავშირებით მხარეებს შეპასუხება საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ზ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, საქმის მასალები სასამართლოს მიერ გამოკვლეულია სრულყოფილად და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიეცა ობიექტური სამართლებრივი შეფასება, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაცულია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გ. ზ-ძემ 2007 წლის 23 დეკემბერს განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით მოითხოვა სოფელ ... 2800 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. საკრებულოს კომისიის 2007 წლის 27 დეკემბრის ¹14 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ზ-ძის განცხადება 0,28 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა ¹3452. 0,28 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების ¹3453 მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა გ. ზ-ძის სახელზე 2008 წლის 16 იანვარს. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გ. ზ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა შ. ჯ-ძემ დაადასტურეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის, მ. ღ-ძის სახელზე გაცემული, ამჟამად სადავო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მათთვის ცნობილი გახდა 2008 წლის თებერვალში, რაც სარჩელით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

საქმის მასალების თანახმად, გ. ზ-ძემ 2008 წლის 15 თებერვალს სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მ. ღ-ძისა და რ. ვ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების ¹7005 და ¹0715 მოწმობების ბათილად ცნობა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 თებერვლის განჩინებით გ. ზ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი (იხ.ს.ფ. 42 ადმინისტრაციული საქმე ¹3-202-08წ). 2008 წლის 13 მარტის განჩინებით გ. ზ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე (ს.ფ. 49-50 ადმინისტრაციული საქმე ¹3-202-08წ). სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება გ. ზ-ძეს არ გაუსაჩივრებია. მის მიერ ხელახლა სარჩელი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა 2008 წლის 30 აპრილს (იხ.ს.ფ. 1-7). აღნიშნულით მოსარჩელემ კვლავ მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილების, საკუთრების უფლების ¹0715 მოწმობისა და ამ მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო 2007 წლის 11 ივლისის «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის 4.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით. კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ.»

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ» 10.1. მუხლის თანახმად, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით თავის უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ამავე ბრძანებულების 10.3. პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ» საფუძველზე გასაჩივრებას ექვემდებარება სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კომისიის გადაწყვეტილება და საკუთრების მოწმობა ერთობლიობაში წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც გასაჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის» 17.1. მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი, რომელთა საფუძველზეც საკუთრების უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ზ-ძის მიერ გაშვებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი საპროცესო ვადა, რამდენადაც, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. ზ-ძეს თავდაპირველად სარჩელი აღძრული ჰქონდა 2008 წლის 15 თებერვალს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, იმავე მოპასუხეების მიმართ იმავე დავის საგანთან დაკავშირებით, ანუ მოსარჩელისათვის სადავო აქტის თაობაზე ცნობილი იყო 2008 წლის 15 თებერვალს თავდაპირველი სარჩელის აღძვრის მომენტისთვის, რამდენადაც სადავო აქტის ასლი თან ერთვის სარჩელს (იხ.ს.ფ. ) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 თებერვლის განჩინებით გ. ზ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი (იხ.ს.ფ. 42 ადმინისტრაციული საქმე ¹3-202-08წ). 2008 წლის 13 მარტის განჩინებით გ. ზ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე (ს.ფ. 49-50 ადმინისტრაციული საქმე ¹3-202-08წ). სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება გ. ზ-ძეს არ გაუსაჩივრებია. მის მიერ ხელახლა სარჩელი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შეტანილი იქნა 2008 წლის 30 აპრილს (იხ.ს.ფ. 1-7).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მის მიერ დაცულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3. მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, დაუსაბუთებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27. ბ) მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საკუთრების აღიარების კომისია წარმოადგენს კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს, რამდენადაც კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს. საკუთრების აღიარების კომისია, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ» თანახმად, გადაწყვეტილებას იღებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების /წარმოება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში/ წესების გათვალისწინებით, ხოლო ამავე ბრძანებულების 6.1. მუხლის თანახმად კომისია შედგება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენბლობითი ორგანოს არა უმეტეს 2 წევრისგან, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ხოლო აჭარის ა/რ-ში _ დამატებით აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისგან. ბრძანებულების 6.2. მუხლის თანახმად, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება სულ მცირე 5 წევრით; კომისიის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 11-ს და უნდა იყოს კენტი, ანუ საკუთრების აღიარების კომისიაში გადაწყვეტილების მიღება ხდება რამდენიმე პირის მიერ ერთობლივად, რაც მას ანიჭებს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27. ბ) მუხლის საფუძველზე. ამასთან, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის გზით, რამდენადაც სამართლებრივ სახელმწიფოში რამდენიმე პირის მიერ ერთობლივად, მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება გადამოწმებას, გადასინჯვას დაექვემდებაროს ადმინისტრაციულ ორგანოში ერთპიროვნულ ხელმძღვანელთან, მმართველთან, არამედ ამგვარი გადაწყვეტილებები, როგორც სპეციფიური წარმოების პროცედურით მიღებული, მხოლოდ სასამართლო კონტროლს ექვემდებარება. ამდენად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა გათვალისწინებული არ არის. ზემოაღნიშნული ბრძანებულებითაც /10.3. პუნქტი/ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ გაზიარებული იქნება გ. ზ-ძის მოსაზრება რომ, რადგან მოსარჩელემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა საჩივრის შეტანის გზით, მის მიერ დაცულია აქტის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადა, ამგვარ პირობებშიც მოსარჩელეს დარღვეული აქვს აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183.1. მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში. ამავე კოდექსის 183.4. მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადები, რამდენადაც საჩივრის განხილვის მაქსიმალური ვადები ცალკე არის განსაზღვრული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავში, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 100.4. მუხლით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამთთვიან ვადაში გამოცემის უფლება არ გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ყველა შემთხვევაში უფლებამოსილია აქტი გამოსცეს ამ ვადაში, რამდენადაც დათქმა _ სამთვიან ვადაზე გულისხმობს, რომ თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, რაც უნდა ეცნობოს მხარეებს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ აქტი არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 100.1. და 100.2. მუხლები/.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელის წარმოებაში არ მიღება და სარჩელის განუხილველად დატოვება იდენტურ საპროცესო აქტებს წარმოადგენს, რამდენადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავდაპირველ სარჩელთან მიღებული განჩინება _ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულია სსსკ-ის 186-ე მუხლის საფუძველზე, გ. ზ-ძის სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა არ შეავსო სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი (იხ.ს.ფ. 49). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლში რეგლამენტირებულია სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლები, ხოლო ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებული საფუძვლით სარჩელის განუხილველად დატოვებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მით უფრო, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმას და სარჩელის განუხილველად დატოვებას სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი უკავშირდება, რამდენადაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს საერთო წესით, რაც რაიონული სასამართლოს განჩინებაშიც იქნა მითითებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით შეწყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ზ-ძის სარჩელი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, რამდენადაც არ იყო აღძრული აღნიშნული ნორმით დადგენილ ერთთვიან ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად შეწყვიტა დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოება გ. ზ-ძის სარჩელზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ზ-ძის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ზ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.