ბს-427-412(კ-09) 21 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. წ-ლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 27 სექტემბერს ლ. წ-ელმა სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ქ. ქობულეთში, ... ქ.¹...-ში, რუსთაველის ქუჩის მხრიდან მდებარე 3092 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მის ბებიას, ხ. წ-ელს. მოსარჩელის განმარტებით, 1921 წელს უცხო სახელმწიფოს მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შედეგად, ქვეყანაში გაბატონებულმა რეჟიმმა ჩამოართვა მის წინაპარს, ხ. წ-ელს, აღნიშნული საკუთრება ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. 1938 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საკომლო წიგნის მონაცემებში მისი ოჯახის საკუთრებას შეადგენდა ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის საზღვარი იწყებოდა ამჟამინდელი აღმაშენებლის ქუჩიდან და გრძელდებოდა აღმოსავლეთით ჭაობამდე. კომლის წევრი იმ დროისათვის იყო თვითონაც, შესაბამისად, მიწის ნაკვეთისა და კომლის სხვა ქონების მესაკუთრეს თავადაც წარმოადგენდა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სახლთმფლობელობის ჩანაწერები დაცული იყო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. მოსარჩელის განმარტებით, მისი წინაპრის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ამჟამად სხვადასხვა ობიექტია აშენებული და აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოითხოვდა თავისუფალ მდგომარეობაში არსებული 3092 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღდგენას.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. წ-ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. წ-ელმა. აპელანტმა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით ლ. წ-ლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. წ-ელმა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. წ-ლის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. წ-ელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. წ-ლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.