Facebook Twitter

ბს-430-415(კ-09) 27 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი/მ “ნ. ხ-ძის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე _ ი/მ “ნ. ხ-ძის” სარჩელისა გამო მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მერიის მიმართ, მესამე პირი _ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ი/მ “ნ. ხ-ძემ” 2008 წლის აგვისტოში სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის 2008 წლის 14 ივლისის ¹1596 ბრძანების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაბმულ იქნა თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ “ნ. ხ-ძის” სარჩელი ქალაქ ქუთაისის მერიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “ნ. ხ-ძემ”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით ი/მ “ნ. ხ-ძის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი/მ “ნ. ხ-ძემ” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატამ ი/მ “ნ. ხ-ძის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით ი/მ “ნ. ხ-ძეს” დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინააღმდეგე მხარეები.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ი/მ “ნ. ხ-ძეს” საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2009 წლის 2 აპრილს და მის მეუღლეს ლ. ჩ-ოვანს (ს.ფ. 166; 184) ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2009 წლის 6 აპრილს; შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად დაიწყო 2009 წლის 7 აპრილს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 13 აპრილს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი/მ “ნ. ხ-ძის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული ი/მ “ნ. ხ-ძის” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.