Facebook Twitter
¹ბს-445-424(კ-09) 23 ივლისი, 2009წ

¹ბს-445-424(კ-09) 23 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - სსიპ «განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი»

მოწინააღმდეგე მხარე – შპს «...»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 25 თებერვალს შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ «განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის» მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ სსიპ «განათლების აკრედიტაციის საბჭოს» 2007 წლის 19 ნოემბრის ¹41 გადაწყვტილებით შპს «...» უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 2007 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომლის დაკმაყოფილებაზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ¹90 ბრძანებით ეთქვა უარი.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მიუთითა, იმ გარემოებაზე, რომ შპს «...» არ ჰქონდა სრულყოფილი სასწავლო პროგრამები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის 19 ნოემბერს, ე.ი. გადაწყვეტილების მიღების დღეს, მოსარჩელის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი მე-4 კურსელთათვის კურიკულუმები და სილაბუსები, საერთო მოცულობით 191 ფურცელი, რათა განეხილათ 19 ნოემბრის საბჭოს სხდომაზე. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხის მიერ გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ არ გამოუკვლევია და შეფასება არ მიუცია დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციისათვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სსიპ შპს «...» აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ «განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის» უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 19 ნოემბრის ¹41/ს გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოპასუხე სსიპ «განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრის» დავალდებულებას გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს «...» აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს «...» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის მეორე მუხლის «თ» ქვეპუნქტის მიხედვით აკრედიტაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო სტატუსის დადგენის პროცედურა. ამ პროცედურას ახორციელებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისობის დადგენით. ამ კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსტიტუციური აკრედიტაცია ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის დადგენას, ხოლო სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები ასახულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის ¹223 ბრძანებით დამტკიცებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებაში.

მითითებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით აკრედიტაცია ნებაყოფლობითი პროცესია, შესაბამისად აკრედიტაციის მაძიებელი თანხმდება იმ სააკრედიტაციო პირობებზე, რაც დადგენილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულების თანახმად.

აკრედიტაციის დებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმი არის ორი სახის: ძირითადი და დამატებითი. ძირითადი კრიტერიუმების ჩამონათვალს შეიცავს ამავე დებულების მე-6 მუხლი. აღნიშნული მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია სრულყოფილი აკადემიური ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (კურიკულუმები) და სასწავლო კურსის პროგრამები (სილაბუსები). ამ მიზნით, დაწესებულებამ ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩასატარებლად ვალდებულია წარმოადგინოს კურიკულუმები და სილაბუსები ევროპული კრედიტების ტრანსფერების სისტემის შესაბამისად. საგანმანათლებლო პროგრამებში მიეთითება კრედიტებისა და აკადემიური საათების რაოდენობა, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის მიხედვით. დაწესებულებას ასევე უნდა გააჩნდეს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისი სპეციალობები, კანომდებლობის შესაბამისი აკადემიური ხარისხები და კვალიფიკაციები, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის მიხედვით, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების მიზნებისათვის – პროფესიული კვალიფიკაციები.

«უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომიანი სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 წლის სასწავლო წლის დასაწყისისა. ამდენად, 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებებს სრულად უნდა მოეხდინათ სამსაფეხურიან სწავლებაზე გადასვლა.

«უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულების» მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულებას აკრედიტაცია მიენიჭება თუ დადასტურდება, რომ სააკრედიტაციო ვიზიტის პერიოდისათვის იგი აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა ძირითად და დამატებით კრიტერიუმს. ამდენად, კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული, რომ დაწესებულება სწორედ სააკრედიტაციო ვიზიტის პერიოდისათვის უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ სააკრედიტაციო ვიზიტის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღმოჩენილ იქნა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლითაც სწავლობდნენ აკრედიტაციის მაძიებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-4 კურსის სტუდენტები. ექსპერტთა დასკვნის შესაბამისად ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები არასრულყოფილია, მეოთხე კურსი გადის ერთსაფეხურიან საგანამანათლებლო პროგრამას, დაწესებულების მიერ წარდგენილ იქნა ძველი ხუთწლიანი სასწავლო პროგრამები და არ იყვნენ გადასული კრედიტებისა და ტრანსფერების სისტემაზე. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას ექსპერტებთან ერთად ხელს აწერს დაწესებულების რექტორი. შპს «...» საკრედიტაციო ვიზიტი დაიწყო 2007 წლის 8 ნოემბერს და დასრულდა 10 ნოემბერს. სასამართლოს მითითებით, დაწესებულების მიერ ამ პერიოდში წარდგენილი პროგრამებით ინსტიტუტში ფუნქციონირებდა ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი პროგრამა. ვიზიტის პერიოდისათვის წარდგენილი ერთსაფეხურიანი პროგრამა ვერ უზრუნველყოფდა კანონმდებლობის შესაბამისი აკადემიური ხარისხების, სპეციალობებისა და კვალიფიკაციის მინიჭებას.

დაწესებულება ვალდებული იყო თავისი საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისობაში მოეყვანა კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მის მიერ 2007-2008 სასწავლო წლისათვის სრულად უნდა მომხდარიყო სამსაფეხურიან სწავლზე გადასვლა, რაც განხორციელდა კიდეც მოსარჩელის მიერ, ერთსაფეხურიანი ოთხწლიანი სწავლების მეოთხე კურსელი სტუდენტები გადაყვანილ იქნენ საბაკალავრო პროგრამაზე და შესაბამისად, შეფასების ახალ სისტემაზე 2007 წლის 14 ნოემბრიდან. მოსარჩელის მიერ სააკრედიტაციო ვიზიტის შემდგომ მოხდა ერთსაფეხურიანი პროგრამების მოდიფიცირება, სასწავლო დაწესებულება კი სააკრედიტაციო ვიზიტის პერიოდისათვის უნდა აკმაყოფილბდეს აკრედიტაციის ყველა ძირითად და დამატებით კრიტერიუმს.

სასამართლოს მოსაზრებით, შპს «...» მიერ სააკრედიტაციო ვიზიტის პერიოდისათვის წარმოდგენილი პროგრამები არ შეესაბამებოდა აკრედიტაციის დებულებით დადგენილ აკრედიტაციის ძირითად კრიტერიუმს, კანონმდებლობის შესაბამისი სპეციალობებისა და აკადემიური ხარისხების მინიჭების ნაწილში.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის ¹223 ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულების მე-7 მუხლის “ბ» ქვეპუნქტი ადგენს აკრედიტაციის მაძიებელი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების ვალდებულებას, სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურს წარუდგინოს სრულყოფილი სასწავლო გეგმები, ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შეფასებიდან. ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაცია ნებაყოფლობითი პროცესია. ამდენად, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს ნება მიიღოს აკრედიტაცია, შესაბამისად თანმხდება იმ სააკრედიტაციო პირებზე, რაც დადგენილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებით.

სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებული იყო მოსარჩელისათვის დაენიშნა დამატებითი ვადა. თუკი ინფორმაცია არასრული ან კანონთან შეუსაბამო იყო. ვინაიდან, აღნიშნული მუხლი ეხება განაცხადის ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებას, ხოლო, რაც შეეხება აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი კრიტერიუმების მოთხოვნებთან სასწავლო დაწესებულების შესაბამისობას, მოწმდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ სააკრედიტაციო ვიზიტის პერიოდისათვის.

«უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ექპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...».

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი, როგორც მოპასუხემ განმარტა, აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარდგენილი განაცხადი იყო არასრული, ერთადერთი გარემოება, რის გამოც უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე, იყო ის, რომ სასწავლო წლისათვის არ მომხდარა ორსაფეხურიან სწავლებაზე გადასვლა. ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბმისად, ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის დაენიშნა დამატებითი ვადა, თუკი ინფორმაცია არასრული ან კანონთან შეუსაბამო იქნებოდა. აპელანტს მიაჩნდა, რომ თუ მათ მიერ წარდგენილი განაცხადი იყო არასრული, მოპასუხე მხარეს თავიდანვე უნდა დაედგინა დამატებითი ვადა ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, მან ეს არ გააკეთა და აკრედიტაცის მაძიებლად დაუშვა ორგანიზაცია, რომელსაც არ ჰქონდა წარმოდგენილი სრული ინფორმაცია, რის გამოც დადგა მათთვის უარყოფითი შედეგი.

აპელანტის განმარტებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ მოგვიანებით წარდგენილ დოკუმენტებზე არ მოახდინა არანაერი რეაგირება, ადმინისტრაციული აქტი გამოსცა ისე, რომ არ შეისწავლა საქმის გადაწყვეტისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ფაქტობრივი გარემოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ «განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის» უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 19 ნოემბრის ¹41/ს გადაწყვეტილება შპს «...» ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ «განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს» დაევალა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს მეშვეობით) გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის შესახებ, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, იღებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული წესი დადგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით – 2006 წლის 27 მარტის ¹222 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულებით. ამ დებულების მე-73 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე. მართალია, სზაკ-ის 104-ე მუხლი ადგენს კოლეგიალური ორგანოს სხდომის მიმდინარეობისს წესს, მაგრამ სსიპ –განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულებით, რომლითაც განისაზღვრა აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი, დაკონკრეტებულია, რომ მოადგილეს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება შეუძლია იმ შემთხვევაში, როცა თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულება შეუძლებელია. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის პოზიციას, რომ სხდომაზე თავმჯდომარის გამოუცხადებლობა ნიშნავს მის მიერ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობას, რის შედეგადაც მოადგილე უფლებამოსილია, შეასრულოს მისი მოვალეობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი თავმჯდომარის მხრიდან მისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცება, ასკ-ის 17 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არ იყო უფლებამოსილი 2007 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე შეესრულებინა თავმჯდომარის მოვალეობა.

გარდა აღნიშნულისა სააპელაციო პალატის განმარტებით, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულების მე-72 მუხლის პირველი ნაწილის “ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო განიხილავს აკრედიტაციის ექპერტთა დასკვნებს და მათ საფუძველზე იღებს აკრედიტაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. ამავე დებულების მე-73 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, სხდომის დროს წარმოებს ოქმი. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა აკრედიტაციის საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავჯდომარე. სზაკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას; ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობა ითვალისწინებს საექსპორტო დასკვნის არსებობას, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.

სააპელაციო პალატის განმატებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სსიპ “განათლების აკრედიტაციის საბჭოს» 2007 წლის 19 ნოემბრის ¹41/ს გადაწყვეტილება არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას. არ არის მითითებული, კონკრეტულად, რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას, არ არის მითითებული საექსპორტო დასკვნის შინაარსი და სხვა. ამასთან, მიუხედავად ამისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიცა საბჭოს 2007 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე, იგი დათარიღებულ იქნა 2007 წლის 19 ნოემბრით, რითაც ფაქტობრივად აკრედიტაციის საბჭოს მიერ ერთ საკითხზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორი სხვადასხვა რიცხვით. სზაკ-ის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს: «თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 დღის ვადაში». პალატის მოსაზრებით, სზაკ-ის 106-ე მუხლით დადგენილია სწორედ “სხვა რამ», კერძოდ, განისაზღვრა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე ოქმის შედგენის სავალდებულობა და ამ ოქმის შედგენის სავალდებულო რეკვიზიტები, მათ შორის მიღებული გადაწყვეტილების ოქმში დაფიქსირება. სხდომის ოქმის შედგენის აუცილებლობა იმით არის განპირობებული, რომ შესაძლებელი გახდეს სხდომაზე არსებული მსჯელობისა და გამოთქმულ მოსაზრებათა დაფიქსირება, სხდომის ოქმს თავისი რეკვიზიტები გააჩნია, რომელსაც უნდა გააჩნდეს ყველა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, სხდომის დრო და ადგილი, სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა, განხილვის საგანი, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება; ამ რეკვიზიტების ამოცანაა უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, გადაწყვეტილების მიღების დროისა და ადგილის, კენჭისყრის შედეგისა და მიღებული გადაწყვეტილების ინდენტიფიცირება. აღნიშნულზე მიუთითებს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულების მე-73 მუხლის მე-6 ნაწილიც, რომელიც განსაზღვრავს, რომ საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა აკრედიტაციის საბჭოს გადაწუყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. ის გარემოება, რომ საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოცემულ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე, არ შეიძლება გახდეს სხდომის ოქმისა და ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების რეკვიზიტების შეცვლის საფუძველი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ არა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «განათლების აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა».

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის ¹223 ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულების (მუხლები მე-2, მე-4) შესაბამისად, დაწესებულებას აკრედიტაცია მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მისი პირობები, სააკრედიტაციო ვიზიტის პერიოდისათვის აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ აკრედიტაციის ყველა ძირითად კრიტერიუმს, ხოლო თუ ასეთ შესაბამისობას ადგილი არ ექნება, დაწესებულება უარს მიიღებს აკრედიტაციის მინიჭებაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებები, ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტაცია და თავად შპს «...» წარმომადგენელთა განმარტებებით, დასტურდება, რომ აღნიშნულ შესაბამისობას სააკრედიტაციო ვიზიტის პერიოდისათვის ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის ვრცელი დასაბუთებით გამოცემა, ბუნებრივია, ამ ფაქტობრივ გარემოებებზე ვერ იმოქმედებდა. აღნიშნული გარემოება გასაგები იყო შპს «...» წარმომადგენლებისთვისაც, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში მათ სულ სხვა არგუმენტებით აღძრეს და ადმინისტრაციული აქტის ბათილობის მოთხოვნას აფუძნებდნენ მარტოოდენ იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების გამოცემამდე ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ინსტიტუტის მიერ შესწორებული პროგრამები. როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის აკრედიტაციის კრიტერიუმის შესაბამისი პროგრამები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის არგუმენტირებული, როგორ შეიძლება ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობის ხარვეზი, მისი არსებობის შემთხვევაშიც კი ყოფილიყო არსებითი – ანუ გავლენა მოეხდინა საბოლოო გადაწყვეტილებაზე, თუ თავად სასამართლოს მიერ ამავე წარმოების ფარგლებში დადგენილი გარემოებები საპირისპიროზე მიუთითებს.

ამასთან, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ აქტის დასაბუთებულობაზე პრეტენზია დამატებით, აპელანტის მოთხოვნისა და დასაბუთებული არგუმენტის გარეშე აღძრა, რაც ამ პროცესის ფარგლებში სასამართლოს მხრიდან მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების უგულველყოფის ერთ-ერთი მაგალითია.

კასატორის მითითებით, არამართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-6 ნაწილები შეიცავს რეკვიზიტებს (ნორმატიული საფუძველი, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დასაბუთება. საექსპერტო დასკვნის შინაარსი) რომლებიც უნდა იყოს ასახული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში. ამასთან, ამავე 53-ე მუხლის მე-7 ნაწილი, შეიცავს დათქმას, რომ ამ რეკვიზიტების დაცვა არ არის სავალდებულო, თუ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნულ ნორმა უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

აკრედიტაცია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არის ნებაყოფლობითი პროცესი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთშეთანხმების პრინციპს ემყარება. შესაბამისად, სააკრედიტაციო განაცხადის გაკეთებით, დაწესებულება თანხმობას გამოთქვამს ჩატარდეს შემოწმება იმ პირობებითა და წესით, როგორც ამას ითვალისწინებს აკრედიტაციის დებულება და იმ ვადებში, რომელიც ამ დაწესებულებასთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს იმას, რომ დაინტერესებული მხარისათვის იმთავითვე ცნობილი იყო ყველა ფაქტობრივი წინაპირობა და სამართლებრივი საფუძვლები, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა მისი გადამოწმება და მიიღებოდა გადაწყვეტილება აკრედიტაციის მინიჭებისა თუ აკრედიტაციაზე უარის შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დადგენილი ნორმიდან გამომდინარე, ამდაგვარ ფაქტობრივ გარემოებებში გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ უნდა მოეთხოვოს ამავე 53-ე მუხლის 1-6-ე ნაწილებით დადგენილი დასაბუთება.

ამ შემთხვევაში, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმის გარემოებანი – არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილი) და მის ნაცვლად გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (53-ე მუხლის პირველი ნაწილი).

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთების ყველა რეკვიზიტს, ადმინისტრაციული აქტის დასაბუთების თითოეული ელემენტი ასახულია აკრედიტაციის საბჭოს სხდომის ოქმში, რომელიც აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველია. ოქმი შეიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია, ყველა შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭოს სხდომის ოქმში ასახული მონაცემები ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო იმ გარემოებებზე, რომლებიც სათანადო წესით გამოკვლეული და შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ამ გარემოებათა სინამდვილე არ ყოფილა ეჭქვეშ დაყენებული არც ერთი მხარის მიერ, რის გამოც არამართებულია ადმინისტრაციული აქტის დაუსაბუთებულობის შესახებ არგუმენტაცია.

კასატორის მითითებით, აკრედიტაციის საბჭოს ფუნქცია, «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, არის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა და ამის საფუძველზე აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის ¹222 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულების მე-31 თავი ადგენს აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილებას. აღნიშნული ნორმატიული აქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე. ასევე ამ აქტით ამომწურავად არის განმარტებული საბჭოს უფლებამოსილებანი: - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, აკადემიური უმაღლესი და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით წინადადების მომზადება, აკრედიტაციის ექპერტთა დასკვნების განხილვა და მათ საფუძველზე აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება (დებულების მუხლი 72) აკრედიტაციის საბჭო, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს მარტოოდენ აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საბჭოს რეგლამენტის მე-73 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძღვება თავმჯდომარე, ხოლო მისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში. მის ფუნქციებს ახორციელებს მისი მოადგილე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აკრედიტაციის საბჭოს წევრის უფლებამოსილება შემოიფარგლება აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის განხილვითა და მათ საფუძველეზე აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით. აკრედიტაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ყველა სხვა პროცედურას – აკრედიტაციის ექსპერტთა კანდიტურების შერჩევიდან და ექპერტთა დასკვნის ფორმების დამტკიდებიდან სააკრედიტაციო ვიზიტის ორგანიზებამდე – ახორციელებს სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და მისი დირექტორი, ხოლო აკრედიტაციის საბჭო, როგორც საზოგადოებრივ საწყისებზე მომუშავე ორგანო, მოიწვევა მხოლოდ აკრედიტაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რათა აკრედიტაციის სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს მიუკერძოებლობის პრინციპი. ამაზე დაყრდნობით მართებულად მიგვაჩნია დასკვნა, რომ საბჭოს თავჯდომარის მოვალეობა შემოიფარგლება აკრედიტაიცის საბჭოს სხდომის გაძღოლითა და როგორც საბჭოს წევრის, აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების კენჭისყრაში მონაწილეობაში. აღნიშნულ მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს სხდომაზე ასრულებს და იმ შემთხვევაში, თუ სხდომას იგი არ დაესწრება, ეს სხვა არაფერი იქნება თუ არა ამ მოვალეობების შესრულების შეუძლებლობა, რაც იგულისხმევა კიდევაც დებულებაში, როგორც სხდომის მოადგილის მიერ წარმართვის შესაძლებლობის წინაპირობა.

კასატორის განმარტებით, მათთვის გაუგებარია, თუ რა მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს «პატივსადები მიზეზის» არსებობას, მოადგილის მიერ თავმჯდომარის ფუნქციის განხორციელებისათვის, სასამართლოს მიერ ისიც არ არის დასაბუთებული, თუ რა მნიშვნელობის შეიძლებოდა ყოფილიყო “საპატიო მიზეზის არსებობა» ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისათვის, საჯარო, ან/და კერძო ინტერესის დაცვისათვის. არგუმენტაციის გასამყარებლად კი კასატორი უთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმაზე, (მუხლი 104) რომლის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს თავჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე. ასევე აკრედიტაციის საბჭოს მსგავსი კოლეგიური ორგანოების დებულებებს, სადაც აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში მოადგილის მიერ თავმჯდომარის ფუნქციების შესრულება შესაძლებელია სხდომაზე თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ყოველგვარი სხვა დათქმისა და წინაპირობის გარეშე.

სწორედ ასეთი პრინციპი, სხვა ტექსტით გადმოცემული ასახულია აკრედიტაციის საბჭოს რეგლამენტის შესაბმის ნორმაში, აღნიშნულ შეთხვევაში, კასატორის მითითებით, სასამართლოს მხრიდან აკრედიტაციის ცენტრის დებულების ნორმის ინტერპრეტაცია როგორც სამართლებრივ, ასევე შინაარსობრივ საფუძველს მოკლებულია და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონმდებლობის ნორმა აშკარად არაწორად არის განმარტული (სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა).

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არა მარტო არასწორად განმარტა აკრედიტაციის ცენტრის დებულების ნორმა, არამედ აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 14 ნოემბერს სხდომის უფლებამოსილების შემოწმებით დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლით დადგენილი საქმის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ «განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად ცნობს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2007 წლის 15 ოქტომბერს შპს «...» განცხადებით მიმართა სსიპ «განათლების აკრდიტაციის ეროვნულ ცენტრს» ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების მოთხოვნით.

2007 წლის 6 ნოემბერს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორის ¹129 ბრძანების საფუძველზე აკრედიტაციის ექსპერტები, ინსტიტუტის აკრედიტაციის პირობების შესაბამისობის შემოწმების მიზნით, მივლინებულ იქნენ აკრედიტაციის მაძიებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სსიპ «განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის» უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 19 ნოემბრის ¹41/ს გადაწყვეტილებით შპს «...» უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე იმ მოტივით, რომ აკრედიტაციის მაძიებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაჩნდა სრულყოფილი სასწავლო პროგრამები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად.

შპს «...» მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობა და სსიპ «განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის» დავალდებულება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს «...» აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის გამოყენებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ატარებს ზოგად ხასიათს, რამდენადაც არ აკონკრეტებს, მუხლის რომელი მოთხოვნა დაირღვა აქტის გამოცემის პროცესში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამდენად, როგორც მითითებული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული აქტის კანონიერების განსაზღვრამდე სავალდებულოა შემოწმდეს ადმინისტრაციული აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესებამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება.

სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს მიერ და შეეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების საკითხს.

«უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრედიტაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო სტატუსის დადგენის პროცედურა, რომელსაც, თავის მხრივ, ახორციელებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის ¹223 ბრძანებით დამტკიცებული «უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულების» მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დაწესებულების აკრედიტაცია ემყარება ურთიერთშეთანხმების პრინციპს, რაც გულისხმობს აკრედიტაციის ნებაყოფლობითობას. საგულისხმოა, რომ მხარეს სადავოდ არ უქცევია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მითითებული პრინციპის დაცვის მართლზომიერება. იმავე დებულების მე-4 მუხლის თანახმად, დაწესებულება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, ხოლო იმავე დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად დადგენილია ინსტიტუციური აკრედიტაციის ორი კრიტერიუმი – ძირითადი და დამატებითი.

საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს ამავე დებულების 2.2 მუხლის შინაარსს, რომლის თანახმადაც დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭება თუ დასტურდება, რომ სააკრედიტაციო ვიზიტის დროს იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითად და დამატებით კრიტერიუმებს.

მითითებული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმების კუთხით, არსებითად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევას, აკმაყოფილებდა თუ არა სააკრედიტაციო ვიზიტის დროს შპს «...» ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონი აქცენტირებას აკეთებს აკრედიტაციის ვიზიტის მომენტზე, რამდენად დაიშვება მხარისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრა კრიტერიუმების შემდგომი შევსების მიზნით.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალურ კანონიერებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: აქტის ფორმალური კანონიერება უკავშირდება აქტის გამოცემის პროცესს და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ; მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით, სადავო აქტთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ მოტივაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული ეფუძნება შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საქმის მასალების არასრულყოფილ შეფასებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის ¹222 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულების შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე. დებულების მე-73 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამ უკანასკნელ ნორმასთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოტივაციას და, თავის მხრივ, განმარტავს შემდეგს: თავმჯდომარის საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა ყოველგვარი დამატებითი დათქმისა და წინაპირობის გარეშე იძლევა საფუძველს, სხდომას წარუძღვეს მისი მოადგილე. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საბჭოს თავმჯდომარე თავად არ ხდის სადავოდ მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებული სხდომის ლეგიტიმურობას.

აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საპროცესო სამართლის ნორმებს და აღნიშნავს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე; მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საკასაციო სასამართლო არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში ინკვიზიციურობის ელემენტების გამოყენების შესაძლებლობას, როგორც ეს გაწერილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, მაგრამ იმავდროულად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციურობა არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ პროცესის მონაწილე მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულებისაგან, დაასაბუთონ საკუთარი სასარჩელო მოთხოვნები, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა ნების არარსებობის პირობებში, შეცვალოს მოთხოვნის საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობას აქტის დასაბუთების სავალდებულობის ნაწილში და აღნიშნავს შემდეგს: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს აქტის დასაბუთებას. ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი ან ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო საკუთარ გადაწყვეტილებას.

მიუხედავად ზემოაღნიშნული მოსაზრების უპირობო ხასიათისა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსიპ «განათლების აკრედიტაციის საბჭოს» 2007 წლის 19 ნომბროის ¹41/ს გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე.

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულების 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციაა, აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების განხილვა და მათ საფუძველზე აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის საბჭო არ ეთანხმება აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნას ან/და ცენტრის დირექტორის მოსაზრებებს, ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ამავე დებულების მე-73 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს სხდომის დროს წარმოებს ოქმი. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა აკრედიტაციის საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 19 ნოემბრის ¹41/ს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ამავე საბჭოს 2007 წლის 14 ნოემბრის ¹16 სხდომის ოქმი.

საქმეში, ს.ფ. 279-298-ზე დაცულია ზემოაღნიშნული სხდომის ოქმი, როგორც ოქმის შინაარსი ცხადყოფს, სხდომაზე დეტალურადაა განხილული ექსპერტთა დასკვნები. სხდომაზე მოწვეულ იქნა და ახსნა-განმარტება ჩამოერთვა აკრედიტაციის მაძიებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს, მასვე დაესვა სათანადო კითხვები. ამავე ოქმის 1-ელ და მე-2 ნაწილებში ასახულია ის მოსაზრებები, რის გამოც საბჭო მივიდა შესაბამის დასკვნამდე.

სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დებულების მე-73 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოცემულია მითითებული ოქმის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, იმ პირობებში, როდესაც ოქმში დეტალიზებულია აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძვლები, სააპელაციო სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაასაბუთოს, კანონის რომელი ნორმა დაირღვა სადავო აქტის მომზადებისა და გამოცემის პროცესში და არსებობდა თუ არა ოქმში წარმოდგენილი მოტივაციის სრული მოცულობით აქტში გადმოტანის აუცილებლობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ «განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.