ბს-446-425(კ-09) 5 ნოემბერი, 2009წ ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «...» (მოპასუხე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2002 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სს «...» მიმართ და მოითხოვა სს «...» საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ 301 181,98 ლარის გადახდის დაკისრება, აუქციონის დანიშვნა და 1999 წლის 28 სექტემბრის ¹2 საგირავნო და ¹1 იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებების იძულებითი წესით რეალიზაცია.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს «...» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3510 ლარი; მოსარჩელეს დანარჩენ მოთხოვნებზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სს «...».
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს «...» კორპორაცია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს «...» დირექტორის შუამდგომლობა და საქმეში სათანადო მოსარჩელედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად ჩაება შპს «...»; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს «...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შპს «...».
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შპს «...» საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სს «...» შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმის წარმოება შეწყდა სს «...» სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს «...» შპს «...» სასარგებლოდ დაეკისრა 16859 ლარისა და 7 თეთრის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
«1999 წლის ყურძნის მოსავლის უდანაკარგოდ აღებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 აგვისტოს ¹1019 განკარგულებით დადგენილი იქნა, რომ პროგრამა “რთველი 99”-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საკრედიტო რესურსად გამოყენებულიყო აშშ-დან შემოტანილი ხორბლის რეალიზაციიდან ამონაგები ოთხი მილიონი ლარი. ამონაგები ჩარიცხულიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატრასტო-საინვესტიციო კორპორაციის ანგარიშზე, რათა შემდგომ მიმართულიყო პროგრამა “რთველი 99”-ის სეზონზე ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებისათვის. სატრასტო-საინვესტიციო კორპორაციიდან ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებზე თანხის გაცემა განხორციელებულიყო ტენდერის საფუძველზე საკუთრების ფორმის მიუხედავად. სესხის გაცემა მომხდარიყო ორწლიანი ვადით, წლიური 10 პროცენტიანი სარგებლის განკვეთით. «...» ტენდერში გამარჯვებულ სესხის ამღებ თითეულ სუბიექტთან გაეფორმებინა სათანადო ხელშეკრულება სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის ფინანსური გრანტებით (მათ შორის, ფასიანი ქაღალდების გათვალისწინებით). სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ 1999 წლის 2 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 აგვისტოს ¹1019 განკარგულების შესაბამისად, ოთხი მილიონი ლარის საკრედიტო რესურსის მაღალეფექტიანად გამომყენებელი ორგანიზაციების შესარჩევად გამოაცხადა ტენდერი. ამავე სამინისტროს 1999 წლის სექტემბრის ¹211 ბრძანებით დამტკიცდა ტენდერის შედეგები და კახეთის მხარეში 19 იურიდიულ პირს შორის გამარჯვებულად გამოცხადდა სს «...» (ოთხი ლოტი), «...» დაევალა ტენდერში გამარჯვებულებთან სასესხო და საგირავნო ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმების ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფა. «...» და სს «...» შორის 1999 წლის 28 სექტემბერს დადებული იქნა სასესხო ხელშეკრულება ¹13, რომლითაც ამ უკანასკნელზე გაცემული იქნა კრედიტი 200000 ლარის ოდენობით, კრედიტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 24 თვით, საპროცენტო განაკვეთი – 10% წელიწადში, კრედიტი გაიცა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობიდან (გლეხებიდან) თეთრი ყურძნის შესყიდვის მიზნით. ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დაფარვის გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდებოდა კორპორაციის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, მსესხებელი კორპორაციას უხდიდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %; მხარეების მიერ ხელმოწერილი იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი. ამავე დღეს, 1999 წლის 28 სექტემბერს დადებული ¹13 სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შორის დადებულ იქნა: “ხელშეკრულება იპოთეკის შესახებ” ¹1 და “საგირავნო ხელშეკრულება” ¹2. «...» და სს «...» გურჯაანის ფილიალს შორის 1999 წლის 29 სექტემბერს დადებული იქნა ხელშეკრულება, რომლითაც ბანკს «...» სადეპოზიტო ანგარიშიდან ყურძნის მიმღები ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი, მისი ხელმძღვანელის და მთავარი ბუღალტერის მიერ ხელმოწერილი, მათივე ბეჭდით დამოწმებული, რეესტრის შესაბამისად ყურძნის ჩამბარებელზე უნდა გაეცა მათ მიერ წარმოდგენილი ქვითრების შესაბამისი თანხები. “სახელმწიფოს მიმართ არსებულ სასესხო დავალიანებათა მართვის პრობლემების შემსწავლელი კომისიის” 2001 წლის 20 ივნისის სხდომის, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ფინანასთა მინისტრი, ოქმის თანახმად, კომისიამ დღის წესრიგის მე-9 საკითხთან (ინფორმაცია პროგრამა “რთველი 99-ით» გაცემული სესხის თაობაზე) დაკავშირებით დაადგინა შემდეგი: “1. პროგრამა “რთველი 99-ით» გაცემული სესხით მოსარგებლე საწარმოებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შევიდეს ცვლილება 2001 წლის 20 ივნისიდან და სასესხო ვალდებულების გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში საურავის განაკვეთი განისაზღვროს გადაუხდელი თანხის 0.1% -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე . . . 4. მსესხებლის მიერ წარმოებული სასესხო დავალიანების გადახდების რიგითობა დადგინდეს იმ პრინციპით, რომ თუ მოვალე შესრულების დროს არ ამოირჩევს, რომელ ვალდებულებას ფარავს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა”. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც მარწმუნებელს, და შპს «...» შორის 2001 წლის 15 ნოემბერს დაიდო დავალების ხელშეკრულება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ¹1019 განკარგულებით და საქართველოს ფინანასთა მინისტრის 1999 წლის 21 სექტემბრის ¹211 ბრძანებით დავალებული მოქმედების (ორგანიზება გაუკეთდეს პროგრამა “რთველი 99-ის საფუძველზე გაცემული სესხის მსესხებლებისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებში დაბრუნებას) შესრულებისა და ქმედითი ღონისძიებების გატარების მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, სს «...» მიერ გადახდები უნდა განხორციელებულიყო: 2000 წლის 1 დეკემბერს-23018.96 ლარი, 29 დეკემბერს-51534.25 ლარი, 2001 წლის 29 მარტს-53698.63 ლარი, 29 ივნისს-52465.75 ლარი, 29 სექტემბერს-51232.88 ლარი; ხოლო გადახდები განხორციელდა: 2000 წლის 5 დეკემბერს-18000 ლარი, 15 დეკემბერს-5019 ლარი, 2001 წლის 2 აპრილს-8000 ლარი, 30 მაისს-17000 ლარი, 5 ივნისს-9000 ლარი, 18 –ივნისს-3000 ლარი, 11 ივლისს-17000 ლარი, 2003 წლის 22 იანვარს-109350 ლარი, 23 იანვარს-28250 და 21650 ლარი, სულ: 236269 ლარი. როგორც სალარო ორდერებშია მითითებული: თანხის შემტანია სს «...», თანის მიმღები - «...», ოპერაციის დანიშნულება და საფუძველი: “ძირითადი სესხის დასაფარავად”; სასამართლოს მოსაზრებით, სს «...» მიერ არ ყოფილა დაცული სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული ვადები, რის გამოც მასზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავის დაკისრება მიიჩნია კანონიერად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სს «...» სასესხო დავალიანება 2002 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით «...» მიმართ შეადგენდა 278096 ლარს; 2002 წლის 3 სექტემბრის შემდგომ პერიოდში სს «...» მიერ «...» სასარგებლოდ გადახდილი თანხების გათვალისწინებით სასესხო დავალიანებაა 1999 წლის 28 სექტემბრის სასესხო ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე (ანუ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5, შემდგომ, 0.1 პროცენტის ოდენობის საურავის გათვალისწინებით) – 118846 ლარს; ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.1 %-ის საურავის გათვალისწინებით – 70618.23 ლარს; ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.03%-ის საურავის გათვალისწინებით – 18112.52 ლარს; ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის (ანუ, მხოლოდ ძირითად და არა სესხის პროცენტის ვადაგადაცილებულ თანხაზე) 0.03 % საურავის გათვალისწინებით სასესხო დავალიანება შეადგენს 16859.07 ლარს.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შპს «...» სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 16869.07 ლარის ნაწილში; სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი, რომლის შესაბამისად განმარტა, რომ “სახელმწიფოს მიმართ არსებულ სასესხო დავალიანებათა მართვის პრობლემების შემსწავლელი კომისიის” 2001 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მსესხებლის მიერ წარმოებული სასესხო დავალიანების გადახდების რიგითობა დადგინდა იმ პრინციპით, რომ თუ მოვალე შესრულების დროს არ ამოირჩევს, რომელ ვალდებულებას ფარავს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ სს «...» აწარმოა რა «...» ანგარიშზე თანხების გადახდა, ყველა სალაროს შემოსავლის ორდერში ოპერაციის დანიშნულებად და საფუძვლად მითითებულია: “ძირითადი სესხების დასაფარად”; აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შეთხვევაში უფრო მძიმეა ძირითადი თანხის დაფარვა, ვინაიდან იგი მეტია რაოდენობრივად და მის გადაუხდელობას მოჰყვება საურავის გამოყენება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოვალემ თავად აირჩია გადახდის რიგითობა და თანხები გადაიხადა ძირითადი ვალის ანგარიშში, რის გამოც სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხები უნდა ჩაითვალოს ძირითადი თანხების, ხოლო შემდეგ სხვა თანხების გადახდად.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლები და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით დადგენილი როგორც 0.5, ისე 0.1 პროცენტი წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე პირგასამტეხლოს 0.03%-მდე შემცირების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი (ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი რედაქცია) და ჩათვალა, რომ 1999 წლის 28 სექტემბრის ¹13 სასესხო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე გათვალისწინებული სარგებლის დათქმულ ვადაში გადაუხდელობაზე მხარეთა მიერ საურავის გამოყენება გათვალისწინებული არ არის.
სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია რომ სარჩელი 1999 წლის 28 სექტემბრის ¹1 იპოთეკის და 1999 წლის 28 სექტემბრის ¹2 გირავნობის ხელშეკრულებით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის თაობაზე, რადგან თანხის უდიდესი ნაწილი მოპასუხის მიერ გადახდილია, ამიტომ მოპასუხეს გადასახდელად დააკისრა 16859.07 ლარი, რომლის გადახდაზედაც იგი თანახმაა. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში მოსარჩელე არ არის შეზღუდული, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გადაწყვეტილებით “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე იძულებითი აღსრულებით, იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონებიდან.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს «...» მის სასარგებლოდ 114 576,14 ლარის გადახდის დაკისრება; ასევე 1999 წლის 28 სექტემბრის ¹1 იპოთეკისა და ¹2 გირავნობის ხელშეკრულებებით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება პირგასამტეხლოს 0.03%-მდე შემცირების თაობაზე, რადგან 1999წლის 28 სექტემბრის ¹13 ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა 2001 წლის 20 ივნისიდან შემცირდა 0.1%-მდე. აქედან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მოსაზრება სს «...» შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია. კასატორი მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შპს «...» 2004 წლის 10 ივნისის ¹22-05-60/60 წერილზე, რომელშიც გაანგარიშებულია სს «...» რიცხული დავალიანება, მისი აზრით, პირგასამტეხლო გაანგარიშებულია სწორედ 0.5%-ისა და შემდგომ 0.1%-ის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და არ უნდა შეემცირებინა პირგასამტეხლო 0.03%-მდე.
კასატორის მოსაზრებით, იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნა გამომდინარეობს 1999 წლის 28 სექტემბრის ¹1 იპოთეკისა და 1999 წლის 28 სექტემბრის ¹2 გირავნობის ხელშეკრულების მე-2 მუხლიდან, რომლითაც პირდაპირ დადგინდა, რომ 1999 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები შესაძლოა დაკმაყოფილდეს იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციით, რის გამოც კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს უარი 1999 წლის 28 სექტემბრის ¹1 იპოთეკის და 1999 წლის 28 სექტემბრის ¹2 გირავნობის ხელშეკრულებით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, კერძოდ სს «...» «...» სასარგებლოდ 16859 ლარის და 7 თეთრის გადახდის დაკისრების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, «...» და სს «...» შორის 1999 წლის 28 სექტემბერს დადებული იქნა სასესხო ხელშეკრულება ¹13, რომლითაც ამ უკანასკნელზე გაცემული იქნა კრედიტი 200000 ლარის ოდენობით, კრედიტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 24 თვით, საპროცენტო განაკვეთი – 10% წელიწადში, კრედიტი გაიცა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობიდან (გლეხებიდან) თეთრი ყურძნის შესყიდვის მიზნით. ამ ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დაფარვის გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდებოდა კორპორაციის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, მსესხებელი კორპორაციას უხდიდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %; მხარეების მიერ ხელმოწერილი იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი. ამავე დღეს, 1999 წლის 28 სექტემბერს დადებული ¹13 სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შორის დადებულ იქნა: ¹1 “ხელშეკრულება იპოთეკის შესახებ” და ¹2 «საგირავნო ხელშეკრულება».
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სს «...» მიერ არ ყოფილა დაცული სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული ვადები, რის გამოც ჩათვალა, რომ მასზე უნდა გავრცელდეს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაში მითითებული საურავი ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვადების დარღვევისათვის წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს; ამ ნორმის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, ხოლო შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო; მაგრამ ამასთანავე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და მიუთითოს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა უსამართლობას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ისე მიიჩნია ხელშეკრულებით განსაზღვრული შემცირებული 0.1 პროცენტი შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას პირგასამტეხლოს 0.03%-მდე შემცირების თაობაზე, რომ არ დაასაბუთა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე რატომ ჩათვალა 0.1% შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა დაუდო საფუძვლად პირგასამტეხლოს შემცირებას 0,03 %-მდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, კერძოდ სს «...» «...» სასარგებლოდ 16859 ლარის და 7 თეთრის გადახდის დაკისრების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.