Facebook Twitter

ბს-448-427(კ-09) 28 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 25 ივლისს ტ. ბ-შვილმა, ვ. ი-ძემ და მ. ა-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ ,,საქსტანდარტში” სხვადასხვა თანამდებობებზე. 1998-2000 წლებში მოხდა ხელფასების გაცემის შეჩერება, 2005 წელს კი _ ,,საქსტანდარტის” ლიკვიდაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მათ სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ დაეთანხმა სარჩელს და შესაგებელში აღნიშნა, რომ იგი არ წარმოადგენდა აღნიშნულ დავაში სათანადო მოპასუხეს. მისი მითითებით, მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოში, რომლის ლიკვიდაციაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ,,საქსტანდარტის” ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება, ხოლო ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, მთავრობის აღნიშნული დადგენილების პირველი და მე-3 პუნქტების ამოქმედება უნდა მომხდარიყო სსიპ ,,სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს” დებულების ამოქმედებისთანავე. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს და უნდა შეცვლილიყო სათანადოთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების სახით ტ. ბ-შვილის სასარგებლოდ _ 214,11 ლარის, მ. ა-შვილის სასარგებლოდ _ 292,91 ლარის, ხოლო ვ. ი-ძის სასარგებლოდ _ 87,99 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, არ იყო განსაზღვრული თუ რომელი ნორმატიული აქტით წარმოადგენდა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ლიკვიდირებული ,,საქსტანდარტის” უფლებამონაცვლეს.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ახდენდა კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას. საქართველოს ,,სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი” წარმოადგენდა საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელიც ფინანსდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან. სახელფასო დავალიანების საფუძველი იყო ის, რომ 1998-2000 წლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ ვერ დაფინანსდა ,,საქსტანდარტი” შესაბამისი წლების ბიუჯეტის კანონებით გათვალისწინებული ოდენობით. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა წლების წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დაფარვისათვის შესრულებაზე პასუხისმგებელია ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.