Facebook Twitter

ბს-45-45(კ-09) 7 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ხ-აშის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ხ-აშმა, მოპასუხე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და 6766 აშშ დოლარის ოდენობით სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მინისტრის 12.12.01წ. ¹04-04/13 ბრძანებით 2001 წლის 14 დეკემბრიდან მივლინებული იქნა ქ. მოსკოვში 15 დღით. აღნიშნულ ვადაში შეუძლებელი გახდა დავალების შესრულება, რის გამო სოფლის მეურნეობის მინისტრმა მივლინების ვადა გაუგრძელა 2002 წლის 26 თებერვლამდე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი სამივლინებო ხარჯები უნდა ანაზღაურებულიყო ციტრუსის დამზადების თანხიდან, რაც არ განხორციელებულა. მოსარჩელის განცხადებით, მის მიერ გაწეულმა სამივლინებო ხარჯებმა 6 766 აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად მოპასუხისათვის არაერთგზისი მიმართვისა, სამივლინებო თანხა სამინისტროს მისთვის არ აუნაზღაურებია, რის გამო მოსარჩელემ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის 6766 აშშ დოლარის ოდენობით სამივლინებო თანხის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.05.05წ. გადაწყვეტილებით ნ. ხ-აშის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა ნ. ხ-აშის სასარგებლოდ მივლინების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, მობილური ტელეფონით როუმინგით სარგებლობისათვის 300 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, შპს «...» ავტომანქანების მომსახურებისთვის გადახდილი 1020 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, ფოთი-ნოვოროსიისკის ბილეთის ღირებულება 100 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, ნოვოროსიისკის სასტუმროს ხარჯები 2001 წლის 18 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე 670 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, ქ. მოსკოვში სასტუმროს ხარჯები 2002 წლის 3 იანვრიდან 17 თებერვლამდე 2065 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, კერძო ბინის ქირა 2002 წლის 17 თებერვლიდან 24 თებერვლამდე 70 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, 72 დღის განმავლობაში კვების ხარჯი 1800 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, თვითმფრინავით მგზავრობის საფასური 150 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, სულ 6175 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით. ნ. ხ-აშს უარი ეთქვა სამივლინებო ხარჯებიდან რუსეთის ფედერაციაში გამგზავრების ვიზის თანხის 125 აშშ დოლარის, ქ. მოსკოვში კერძო ბინის ქირის 2002 წლის 17 თებერვლიდან 24 თებერვლამდე 70 აშშ დოლარის და 406 აშშ დოლარის ოდენობით სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.10.05წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.05.05წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ხ-აშის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მის სასარგებლოდ სადავო სამივლინებო ხარჯების შემდეგი ოდენობით ანაზღაურება დაევალა, რუსეთის ვიზის ღირებულება 125 აშშ დოლარის ოდენობით, ფოთი-ნოვოროსიისკის გემის ბილეთი 100 აშშ დოლარის ოდენობით, ქ. ნოვოროსიისკში სასტუმროს ხარჯი 670 აშშ დოლარის ოდენობით, ქ. მოსკოვში სასტუმროს ხარჯი 2065 აშშ დოლარის ოდენობით, ქ. მოსკოვში კერძო ბინის ქირის ღირებულება 70 აშშ დოლარის ოდენობით, ქ. ნოვოროსიისკში დღიური (კვების) ანაზღაურება 325 აშშ დოლარის ოდენობით, ქ. მოსკოვში ყოველდღიური ანაზღაურება (კვების) 1820 აშშ დოლარის ოდენობით, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება 150 აშშ დოლარის ოდენობით, სულ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 5350 აშშ დოლარის ანაზღაურება დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ხ-აშმა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.05წ. უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ხ-აშის წარმომადგენლის განცხადება, სააპელაციო პალატის 17.10.05წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მთლიანი თანხის 5350 აშშ დოლარის ნაცვლად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს მთლიანობაში დაეკისრა 5450 აშშ დოლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.12.06წ. განჩინებით ნ. ხ-აშის და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.10.05წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განჩინებით აჭარის ა/რ სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა საქმის წარმოება აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე, აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის ¹17006874 საქმეზე საბოლოო (შემაჯამებელი) გადაწყვეტილების მიღებამდე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შეჩერებული ¹3/ბ-208-07წ. ადმინისტრაციული საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.08წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.05.05წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ ხ-აშის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-აშმა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-აშის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ხ-აშის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-აშის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.