Facebook Twitter

ბს-456_435 (3კ-09) 21 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების

სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო

ინსპექცია)

2) ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

3) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,...»

(მოსარჩელე)

დავის საგანი – საურავის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,...» 2008 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2007 წლის 14 დეკემბრის ¹10470, ¹10473 და ¹10474 ,,საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ” ბრძანებების ბათილად ცნობა მათი გამოცემის მომენტიდან; გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ 2008 წლის 4 თებერვლის ¹006-252 შეტყობინების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის უკანონოდ ჩამოწერილი საურავის თანხის (2410) ლარის დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით შპს ,,...» მოთხოვნაზე ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2007 წლის 14 დეკემბრის ¹10470, ¹10473 და ¹10474 ბრძანებების ,,საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ” მათი გამოცემის მომენტიდან ბათილად ცნობისა და გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ 2008 წლის 4 თებერვლის ¹006-252 შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურ ცენტრს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრათ მოსარჩელე შპს ,,...» სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი საურავის თანხის 2410 (ორიათას ოთხას ათი ლარის) ლარის ოდენობით დაბრუნება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს: პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...» მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 24 იანვრის ¹მბ/02-280 ,,საგადასახადო მოთხოვნა” წარედგინა მიწის გადასახადზე 13370,54 ლარის ოდენობით, საურავი გრაფაში მიეთითა ,,0”. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადასახადი მოსარჩელის მიერ გადახდილია, საგასახადო ორგანოს შპს ,,...» მიმართ საურავის თანხის დაკისრებაზე არ არსებობს, შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა, 2008 წლის 4 თებერვლის ¹006-252 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ 2452,52 ლარზე.

სასამართლომ გამოიყენა მოცემული დავის გადასაწყვეტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილი. პირველი ინსტანციის სასამართლომ სახალხო ბანკის 2008 წლის 2 ივნისის ცნობით დადგენილად ჩათვალა, რომ შპს ,,...» მიმართ თბილისის საგადასახადო ინსპექციის საინკასო დავალება 2007 წლის 18 დეკემბრის ¹6/50833 თანხით 2425 ლარი შესრულდა და მითითებული თანხა შპს ,,...» ანგარიშიდან გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

პირველი ინსატანციის სასამართლოს განმარტებით, იგი ვერ გასცდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნას და მოსარჩელეს ვერ მიაკუთვნებს იმაზე მეტს, ვიდრე მას არ მოუთხოვია, კერძოდ, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა 2410 ლარის ანაზღაურება, ხოლო მას საურავის სახით გადახდილი აქვს 2425 ლარი. სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 28 თებერვლის ¹ი/1325 ბრძანებით გაუქმებული იქნა თბილისის საგადასახადო ინსპექციის სადავო 2007 წლის 14 დეკემბრის ¹ი/1473 ბრძანება ,,საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ” და ქობულეთიდან გამოთხოვილი შპს ,,...» ანგარიშზე დადებული საინკასო დავალებები, ასევე დაევალა გადასახადის ადმინისტრირების სამმართველოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განყოფილებას ყადაღის 2410 ლარის ფარგლებში წარდგენა ქობულეთის ,,...» ფილიალში შპს ,,...» ანგარიშზე, მოპასუხის მიერ აღიარებულია საურავის უკანონოდ დარიცხვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით აპელანტების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივნისის განჩინება, რომლითაც შეწყდა წარმოება მოსარჩელე შპს ,,...» მოთხოვნაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2007 წლის 14 დეკემბრის ¹10470, ¹10473 და ¹10474 ბრძანებების ,,საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ” მათი გამოცემის მომენტიდან ბათილად ცნობისა და გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ 2008 წლის 04 თებერვლის ¹006-252 შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე; სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული განჩინება ამჟამად შესულია კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადსახადო ინსპექციის 2008 წლის 24 იანვრის ¹მბ/02-280 ,,საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს ,,...»-ს (საიდენტიფიკაციო ¹..., მისამართი ... 5 ბ.¹21) ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68.3. მუხლის საფუძველზე დაერიცხა მიწის გადასახადი (სასოფლო) ძირითადი თანხა: სულ 13370,54 ლარი; ჯარიმა _ ,,0”; საურავი _ ,,0” ლარი. განემარტა გადასახადის გადახდის ადგილი და წესი, ასევე გასაჩივრების წესი და ვადა. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68 მუხლი.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 24 იანვრის ¹მბ/02-280 ,,საგადასახადო მოთხოვნის» მიხედვით შპს ,,...» მიწის გადასახადზე (სასოფლო) საურავი არ დაერიცხა.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი; ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აპელანტების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 24 იანვრის ¹მბ/02-280 ,,საგადასახადო მოთხოვნა”-ს მიხედვით შპს ,,...» მიწის გადასახადთან (სასოფლო) ერთად დაერიცხა საურავი 2 410 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით დაუშვებლად მიიჩნია შპს ,,...» სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2007 წლის 14 დეკემბრის 10470, ¹ 10473 და ¹10474 ბრძანებების და გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ 2008 წლის 4 თებერვლის ¹006-252 შეტყობინების ბათილად ცნობას. ამ განჩინებით საქალაქო სასამართლომ იმ გასაჩივრებულ აქტებზე შეწყვიტა საქმის წარმოება, რომლითაც თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ატყობინებდა გადასახადის გადამხდელს და ის მოიცავდა, როგორც ძირითადი გადასახადის თანხას, ასევე მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულებას, ასევე საბანკო დაწესებულების თანხების საინკასო წესით გადახდევინებაზე, რის გამოც კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ იმ აქტის ნაწილი (საურავი) ცნო უკანონოდ, რომელიც დასაშვებად არ მიიჩნია, ხოლო მისი კანონიერების შემოწმება არ მოუხდენია.

კასატორს მიაჩნია, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლი.

კასატორის-საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში არასწორად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, ვინაიდან დადგენილია, რომ ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადსახადო ინსპექციის) 2007 წლის 14 დეკემბრის ¹10470, ¹10473 და ¹10474 ბრძანებების “საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ” მათი გამოცემის მომენტიდან ბათილად ცნობისა და გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ 2008 წლის 04 თებერვლის ¹006-252 შეტყობინების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება ანუ ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გახდა გასაჩივრებული თანხის ჩამოწერის საფუძველი და რომელიც კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს, სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი. შესაბამისად კასატორი თვლის, რომ სასამართლო ერთის მხრივ აღიარებს თანხების ჩამოწერის კანონიერებას, ხოლო მეორეს მხრივ, მოსარჩელეს უბრუნებს ზემოაღნიშნულ თანხას.

კასატორის_საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ასევე მოითითებს იმ გარემოებებზე, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2007 წლის 14 დეკემბრის ¹10470, ¹10470 და ¹10474 ბრძანებების “საბანკო ანგარიშებიდან გადასახადი, საურავისა და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ” მათი გამოცემის მომენტიდან ბათილად ცნობის, გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ 2008 წლის 4 თებერვლის ¹006-252 შეტყობინების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, ანუ ადმინისტრაციულ აქტი, რომელიც გახდა გასაჩივრებული თანხის ჩამოწერის საფუძველი და რომელიც კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს, სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი.

კასატორი თვლის, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 23-ე ნაწილის ბ) პუნქტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. კასატორი ასევე თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საერთოდ არ არის გამოკვლეული მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები.

კასატორი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის «ლ» პუნქტზე მითითებით ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს თბილისის რეგიონალური ცენტრისათვის (საგადსახადო ინსპქეცია) მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით დაკისრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 13 სექტემბრის ¹011-11537 ,,საგადასახადო მოთხოვნით” საქართველოს აგროსამრეწველო ჯგუფს საგადასახადო კოდექსის 274-275-ე მუხლების საფუძველზე 2007 წლის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზნით გადასახდელად დაერიცხა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადი 8461.95 ლარის ოდენობით; ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 24 იანვრის ¹მბ/02-280 ,,საგადასახადო მოთხოვნით” კი მოსარჩელეს მიწის გადასახადზე დაერიცხა 13370,54 ლარი, ხოლო საურავის გრაფაში მიეთითა ,,0” (ტ.I, სფ.15).

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სახალხო ბანკის მიერ 2008 წლის 28 თებერვალს შპს ,,...» მიმართ თბილისის საგადასახდაო ინსპექციის 2007 წლის 17 დეკემბრის საინკასო დავალება (განკარგულება) ¹6/50833, 2007 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო დავალება 50833 შესრულდა და 2425 ლარის ოდენობით თანხა შპს ,,...» ანგარიშიდან გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში (სფ. 162-165).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) 129-ე მუხლის მე-3 ნაწილი, (სადავო პერიოდისათვის არსებული რედაქცია), რომლის მიხედვით, საურავის დარიცხვა ხორციელდებოდა საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ან წარუდგენლობის მიუხედავად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების ვადის დადგომის შემდეგ გადამხდელი გადაიხდის გადასახადის ძირითადი თანხის ნაწილს, გადახდის მომდევნო კალენდარული დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება საგადასახადო დავალიანების ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი „საგადასახადო მოთხოვნა“, ანუ მოპასუხეებმა (კასატორებმა) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, თავისი საკასაციო საჩივრების დასასაბუთებლად, ვერ წარმოადგინეს შესაბამისი მტკიცებულება იმისა, რომ საქართვლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 24 იანვრის ¹მბ/02-280 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით შპს ,,...» მიწის გადასახადთან ერთად დაერიცხა საურავი 2410 ლარის ოდენობით, რომლის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება შეიძლებოდა გამხდარიყო საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების _ ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენების საფუძველი.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ სრულიად უკანონოდ დააკისრა მათ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 50 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მოთხოვნიდან გამომდინარე, მხარეს ეკისრება მეორე მხარის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია ხარჯების გამღები მხარის სასარგებლოდ, თუნდაც მოწინააღმდეგე მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ანუ მხარე არ თავისუფლდება იმ სასამართლო ხარჯებისაგან, რომლებიც გადახდილ უნდა იქნეს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. შესაბამისად, აღნიშნული საპროცესო ნორმის მიხედვით, მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 50 ლარის ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ისპექცია); საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1 არ დაკმაყოფილდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ისპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.