ბს-459-438(კ-09) 27 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ეროვნული ბანკი, წარმომადგენელი _ ნ. ჟ-ინი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. კ-ძე, წარმომადგენელი _ ნ. კ-ია
გასაჩივრებული განჩინება (ნაწილობრივ) _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინება
სარჩელის საგანი _ წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება, მატერიალური დახმარების (მკურნალობის ხარჯების) ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 17 იანვარს ი. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლიდან 2006 წლის სექტემბრამდე იგი მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ, 1999-2002 წლებში _ შიდა აუდიტორული სამსახურის ..., ბოლო 4 წლის მანძილზე კი _ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების .... საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, ანუ ამოქმედდა საჯარო მოსამსახურეებისათვის წელთა ნამსახურობაზე დანამატების გაცემა. მოსარჩელე საჯარო სამსახურში იმყოფებოდა 1999 წლიდან, ანუ მისი შრომითი სტაჟი შეადგენდა 6 წელზე მეტს და შესაბამისად, მას ერგებოდა სარგოზე დანამატი 20%-ის ოდენობით. მოსარჩელემ 2006 წლის მარტში და 2006 წლის 20 დეკემბერს განცხადებებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მოითხოვა კუთვნილი დანამატის ოდენობის გაანგარიშება და მისი ანაზღაურება, ასევე _ «საქართველოს ეროვნული ბანკის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისების, დანამატების, კომპენსაციისა და დახმარების შესახებ» დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, დედის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ.
მოსარჩელის მტკიცებით, ზემოაღნიშნულზე მან საქართველოს ეროვნული ბანკისაგან მიიღო უარყოფითი, დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამო პასუხი, რომლის თანახმად, ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა ერთიანი სახელმწიფო მიდგომის ჩამოყალიბება და ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ვერ დააკმაყოფილებდა მის თხოვნას, რაც არასწორი იყო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებანი სავალდებულო იყო შესასრულებლად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა თანამდებობის პირისათვის და სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში იყო ჩამოყალიბებული სახელმწიფოს პოზიცია ამავე საკითხის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წელს მისი ოჯახის წევრი _ დედა _ ა. ზ-შვილი მძიმედ დაავადდა ინგლისის ტერიტორიაზე და მას მკურნალობა ჩაუტარდა ხსენებულ ქვეყანაში, რაზეც დიდი ხარჯი იქნა გაწეული. მოსარჩელეს ადგებოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ვინაიდან მას თანხები ნასესხები ჰქონდა სხვადასხვა პირისაგან, რაც უკან ჰქონდა დასაბრუნებელი და რასაც ვერ ახერხებდა უსახსრობის გამო. მოსარჩელისათვის დედის მკურნალობის გამო მატერიალური დახმარების გაწევაზე უარის მოტივაცია იყო ის, რომ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურით გათვალისწინებული თანხების ოდენობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ აანაზღაურებდა გაწეული მკურნალობის ღირებულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა წელთა ნამსახურობის დანამატისა და მატერიალური დახმარების (მკურნალობის ხარჯების) მის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ივლისის სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას მიღებული ჰქონდა 2005 წლის 29 მარტიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობის დანამატი და საბოლოოდ მოითხოვა 2002 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 29 მარტამდე პერიოდის წელთა ნამსახურობის დანამატის, ასევე _ მკურნალობის ხარჯების _ 14006 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეროვნულ ბანკს ი. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2002 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 29 მარტამდე პერიოდის წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება 6048 ლარის ოდენობით; მატერიალური დახმარების (მკურნალობის ხარჯების) ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ძე იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რის გამოც შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას მასზე უნდა გავრცელებულიყო აღნიშნული კანონის მოთხოვნები. ი. კ-ძის დედის მკურნალობა ნამდვილად მოხდა ინგლისის ტერიტორიაზე, რა დროსაც მკურნალობისათვის გაღებულ იქნა გარკვეული თანხები.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა «ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ» საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-7 მუხლზე, «ევროპის სოციალური ქარტიის» მე-4 მუხლზე, «ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის» 23-ე მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ მუშაკის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის კანონით დადგენილი გასამრჯელოს მიღება დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულება იყო. ამრიგად, როგორც საერთაშორისო აქტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული იყო მოსამსახურის უფლება, მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა მოსამსახურეებისათვის წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურებას თანამდებობრივი სარგოს სხვადასხვა ოდენობით, ნამსახურევი წლების შესაბამისად. აღნიშნული პუნქტის ნორმის მოქმედება არაერთხელ იქნა შეჩერებული, ბოლოს კი, ხსენებულ კანონში 2004 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მითითებული ნორმის მოქმედება შეჩერებულ იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით გაუქმდა წელთა ნამსახურობისათვის დანამატის გაცემის შეჩერება და ამოქმედდა ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა მოსამსახურეებისათვის წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურებას თანამდებობრივი სარგოს სხვადასხვა ოდენობით, ნამსახურევი წლების შესაბამისად. 2005 წლის 23 დეკემბერს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ამავე კანონის 37-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებით ამოქმედდა წელთა ნამსახურობის დანამატის შესახებ არსებული ნორმა, ამიტომ საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების თაობაზე, იყო საფუძვლიანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, მხოლოდ შეჩერებული იყო და არა გაუქმებული წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნორმის მოქმედების შეჩერება არ ნიშნავდა მის გაუქმებას, ნორმის გაუქმება გულისხმობდა მისი მოქმედების შეწყვეტას, ხოლო ნორმის მოქმედების შეჩერება _ მისი მოქმედების გადავადებას. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის ამოქმედების შემდეგ, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა კუთვნილი დანამატის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლზე, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, «საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» 2007 წლის 28 დეკემბერს მიღებული საქართველოს კანონის მე-60 მუხლზე, სამსახურიდან ი. კ-ძის გათავისუფლების პერიოდისათვის უკვე მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, სამსახურიდან ი. კ-ძის გათავისუფლებისას მოეხდინა მასთან საბოლოო ანგარიშსწორება და მიეცა მისთვის მიუღებელი წელთა ნამსახურობის დანამატი, რაც მას არ გაუკეთებია. მოპასუხის მიერ აღნიშნული მოქმედების განუხორციელებლობა _ წელთა ნამსახურობის დანამატის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო, ინდივიდუალურ ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც მოცემულ საქმეზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი. მოსარჩელე ითხოვდა 2002 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 29 მარტამდე პერიოდის წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურებას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ცნობის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ი. კ-ძეზე გასაცემი დანამატის ოდენობა, საერთო ჯამში, შეადგენდა 6048 ლარს (2002 წელს _ 1452 ლარს, 2003 წელს _ 1968 ლარს, 2004 წელს _ 1968 ლარს, ხოლო 2005 წლის იანვარი-მარტის თვეების მიხედვით _ 660 ლარს). საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ აღნიშნული თანხის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაკისრებოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს ი. კ-ძის სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური დახმარების (მკურნალობის ხარჯების) ანაზღაურების ნაწილში, იყო უსაფუძვლო. «ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის ¹5 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს ეროვნული ბანკის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისების, დანამატების, კომპენსაციისა და დახმარების შესახებ” დებულება იყო ნორმატიული ხასიათის დოკუმენტი და აქედან გამომდინარე, სავალდებულო იყო შესასრულებლად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში, ი. კ-ძეს არ ჰქონდა დედის მკურნალობის ხარჯების ამ დებულების საფუძველზე ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის «ვ” ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი დედის მკურნალობის თაობაზე, არ წარმოადგენდა სათანადო წესით გაცემულ ანგარიშ-ფაქტურებს და მითითებული ქვეპუნქტის ნორმა გულისხმობდა მატერიალური დახმარების გაცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და არა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული მკურნალობისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ი. კ-ძის სასარგებლოდ 2002 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 29 მარტამდე პერიოდის წელთა ნამსახურობის დანამატის 6048 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ი. კ-ძემ (წარმომადგენელი _ ნ. კ-ია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მატერიალური დახმარების _ 14006 ლარის ოდენობით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მატერიალური დახმარების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს ეროვნული ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ი. კ-ძის სასარგებლოდ 6048 ლარის ოდენობით წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში; ი. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება ი. კ-ძისათვის, მატერიალური დახმარების სახით, დედის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოტივაციას წელთა ნამსახურობის დანამატის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო შესაბამისი აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები.
რაც შეეხებოდა მატერიალური დახმარების ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი განხილვისას საქალაქო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს უნდა გაერკვია, წარმოადგენდა თუ არა ნორმატიულ აქტს სარჩელის საფუძვლად მითითებული საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, ასევე სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებისათვის და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლოს უნდა მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მატერიალური დახმარების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ი. კ-ძის სასარგებლოდ 2002 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 29 მარტამდე პერიოდის წელთა ნამსახურობის დანამატის _ 6048 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ძველი რედაქცია) რეგლამენტირებული იყო, რომ შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გარდა, მოსამსახურეს ეძლეოდა დანამატი ნამსახურევი წლებისათვის თანამდებობრივი სარგოს სხვადასხვა პროცენტული ოდენობით. შეიცვალა რა «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ¹861-რს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტის რედაქცია, დადგინდა «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების შეჩერება 2006 წლის 1 იანვრამდე. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან.
კასატორის განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტსა და 32-ე მუხლთან მიმართებით, «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამ პუნქტის ჩამონათვალიდან ამავე კანონის 47-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან, იურიდიულად ძალადაკარგულად იქნა ცნობილი «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
ამდენად, კასატორის მტკიცებით, «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ნამსახურევი წლებისათვის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობის დანამატის გაცემის შეჩერება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, იურიდიულად ძალადაკარგულად არის ცნობილი. კანონის მოქმედების შეჩერების იურიდიულად ძალადაკარგულად ცნობა ნიშნავს მის ამოქმედებას, ამ შემთხვევაში, მითითებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტით რეგლამენტირებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. ამდენად, შესაბამისმა საკანონმდებლო ნორმამ იურიდიული ძალა დაკარგა დასახელებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან _ 2005 წლის 28 მარტიდან.
კასატორის განმარტებით, საკანონმდებლო ნორმის ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების პირობებში, კვლავ ამოქმედდა «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა 2005 წლის 29 მარტიდან 2005 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის ნამსახურევი წლების მიხედვით დანამატი (რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ იქნა). დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი გათავისუფლებულია საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობამდე იმ ვალდებულების შესრულებისაგან, რომელიც დადგენილი იყო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე.
კასატორის მტკიცებით, ნორმის მოქმედების შეჩერებაში იგულისხმებოდა ნორმის ამოქმედებამდე აღნიშნული ნორმის უმოქმედობა, ანუ ნორმის მოქმედების შეჩერების პერიოდში, ზემოხსენებულ ნორმას არ გააჩნდა იურიდიული ძალა და შესაბამისად, რაიმე ქმედების განხორციელების ვალდებულება არ შეიძლება გამომდინარეობდეს შეჩერებული ნორმის საფუძველზე. საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკანონმდებლო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად უდევს სწორედ აღნიშნული გარემოება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ნორმის მოქმედების შეჩერება აზრს კარგავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2009 წლის 5 მაისს, 14.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ ნაწილში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ი. კ-ძის სასარგებლოდ 6048 ლარის ოდენობით წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა ი. კ-ძისათვის, მატერიალური დახმარების სახით, დედის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინება კი საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაწილობრივ _ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ი. კ-ძის სასარგებლოდ 2002 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 29 მარტამდე პერიოდის წელთა ნამსახურობის დანამატის _ 6048 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ წელთა ნამსახურობის დანამატის _ 6048 ლარის ანაზღაურების თაობაზე ი. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნისა და განსახილველ ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლოს, განსახილველ ფარგლებში საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი. კ-ძე 1999 წლიდან 2006 წლის სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე. ი. კ-ძემ 2006 წლის 20 დეკემბერს განცხადებით (ტ. 1, ს.ფ. 5) მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მოითხოვა კუთვნილი დანამატის ოდენობის გაანგარიშება და მისი ანაზღაურება. საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი ინფორმაციის (ტ. 1, ს.ფ. 183) მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომლის _ ი. კ-ძის საჯარო სამსახურში ნამსახურევი წლებისათვის დანამატის ოდენობა 2002 წლიდან 2005 წლის მარტის ჩათვლით, საერთო ჯამში, შეადგენდა 6048 ლარს (2002 წელს _ 1452 ლარს, 2003 წელს _ 1968 ლარს, 2004 წელს _ 1968 ლარს, ხოლო 2005 წლის იანვარი-მარტის თვეების მიხედვით _ 660 ლარს).
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. კ-ძე 1999 წლიდან 2006 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 1997 წლის 31 ოქტომბერს. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა, რომ შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გარდა, მოსამსახურეს ეძლეოდა დანამატი ნამსახურევი წლებისათვის, თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 5 წლამდე _ 10 პროცენტი; ბ) 5-დან 10 წლამდე _ 20 პროცენტი; გ) 10-დან 15 წლამდე _ 25 პროცენტი; დ) 15 წელი და მეტი _ 30 პროცენტი. ამ კანონის 137-ე მუხლის (იმავე რედაქცია _ კანონის ამოქმედება) თანახმად, ეს კანონი ამოქმედდა 1997 წლის 1 დეკემბრიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონით ამ კანონის 137-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან. «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2-3 პუნქტები ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან». «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტში რიცხვი _ 2000 _ შეიცვალა რიცხვით _ 2001. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ამ კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2003 წლის 1 იანვრამდე». «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ამ კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2004 წლის 1 იანვრამდე». «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ამ კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2005 წლის 1 იანვრამდე». «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2006 წლის 1 იანვრამდე. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ამ კანონის 37-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, შეიცვალა ამ მუხლის მე-2 პუნქტის მანამდე არსებული რედაქცია _ აღნიშნული პუნქტიდან საერთოდ იქნა ამოღებული ნამსახურევი წლებისათვის დანამატის განსაზღვრა თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული პროცენტული ოდენობების მიხედვით და ხსენებული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს, მოხელეს, ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები». «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის ამოქმედებიდან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედება არაერთხელ გადაიდო და შეჩერდა მისი მოქმედება, ხოლო 2005 წლის 23 დეკემბერს მოხდა მისი არსებითი რედაქციული ტრანსფორმირება და 2006 წლის 1 იანვრიდან იგი ჩამოყალიბდა სხვა რედაქციით, ანუ 2006 წლის 1 იანვრიდან ხსენებული პუნქტი შეიცავს სრულიად ახალ ნორმას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტსა და 32-ე მუხლთან მიმართებით, «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამ პუნქტის ჩამონათვალიდან ამავე კანონის 47-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით); «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამ პუნქტის ჩამონათვალიდან ამავე კანონის 47-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით) იურიდიულად ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან; ეს გადაწყვეტილება ძალაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან; გადაწყვეტილება საბოლოო იყო და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა; გადაწყვეტილება «საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში» უნდა გამოქვეყნებულიყო 7 დღის ვადაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილება «საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში» (¹9) გამოქვეყნდა 2005 წლის 28 მარტს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებაშია მითითებული, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მისი ამოქმედება გადაიდო 2006 წლის 1 იანვრამდე, მოსარჩელეებმა შეცვალეს დავის საგანი «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით და «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონის ნაცვლად, დაზუსტებული სახით, მოითხოვეს «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა, მის ჩამონათვალში 47-ე მუხლისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით (2005 წლის 23 დეკემბრამდე არსებული და 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი, ნამსახურევი წლებისათვის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი პროცენტული ოდენობის დანამატის გაცემის შეჩერება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, იურიდიულად ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ნამსახურევი წლებისათვის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი პროცენტული ოდენობის დანამატის გაცემის შეჩერება და ამოქმედდა ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა საჯარო მოსამსახურეებისათვის წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურებას ნამსახურევი წლებისათვის, ნამსახურევი წლების შესაბამისად, თანამდებობრივი სარგოს სხვადასხვა პროცენტული ოდენობით, მაგრამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებით ნორმატიული საკანონმდებლო აქტის _ «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილმა ნაწილმა იურიდიული ძალა დაკარგა საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან _ 2005 წლის 28 მარტიდან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედების არაერთხელ გადავადება, მისი ამოქმედების ახალი თარიღების განსაზღვრით და ამავე პუნქტის მოქმედების არაერთხელ შეჩერება გამოწვეული იყო ობიექტური პირობებით, რამაც განაპირობა ზემოხსენებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ამასთან, აღნიშნული პუნქტის ნორმის ამოქმედების გადავადება და მისი მოქმედების შეჩერება არ ნიშნავს ამავე პუნქტის ნორმის ლეგალური შეჩერების პერიოდში წელთა ნამსახურობის დანამატის მიღებაზე პირის უფლების იურიდიულად არსებობას, ანუ იმავე პერიოდში ხსენებული უფლების რეალიზების გადადებას, შეჩერებას და შესაბამისად, აღნიშნული პერიოდის ფარგლებში ამ უფლების შემდგომში მატერიალურად განხორციელების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, მართალია, დასახელებულ პერიოდში «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ნორმა არ იყო საკანონმდებლო წესით გაუქმებული, მაგრამ ამ პუნქტის ნორმას, მისი ამოქმედების გადავადებისა და მოქმედების შეჩერების პერიოდში, არ გააჩნდა იურიდიული ძალა.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმის ძალადაკარგულად ცნობა ნიშნავს მისი მოქმედების შეწყვეტას ძალადაკარგულად ცნობის მომენტიდან. წელთა ნამსახურობის დანამატის შესახებ ზემოხსენებული ნორმის მოქმედების შეჩერების პერიოდში აღნიშნული ნორმა ვერ იქნებოდა მოქმედი _ მისი მოქმედების შეჩერების განმავლობაში ვერ იქნება მოაზრებული ამავე ნორმის მოქმედება. დასახელებული ნორმა იურიდიულად ამოქმედდა სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. აქედან გამომდინარე, წელთა ნამსახურობის დანამატის შესახებ მითითებული ნორმის მოქმედების შეჩერებისას, ანუ მისი უმოქმედობისას, ამავე ნორმის ამოქმედებამდე ვერ წარმოიშობოდა წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ვალდებულება და შესაბამისად _ წელთა ნამსახურობის დანამატის მიღების უფლებაც. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს იურიდიული ძალა გააჩნდა მის ძალადაკარგულად ცნობის მომენტამდე. კანონის ნორმისათვის იურიდიული ძალის სრულად მისანიჭებლად არ არის საკმარისი კანონში ამ ნორმის მხოლოდ საკანონმდებლო წესით კონსტატაცია _ კანონში მისი ფორმალური არსებობა, რადგან კანონის ნორმის იურიდიულ ძალას და მის პრაქტიკულ რეალიზებას სამართლებრივად განაპირობებს სწორედ მისი მოქმედება და არა ამ ნორმის მოქმედების შეჩერების გამო, ამავე ნორმის უმოქმედობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო ნორმის ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების პირობებში, კვლავ ამოქმედდა «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა 2005 წლის 29 მარტიდან 2005 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის ნამსახურევი წლების მიხედვით დანამატი (რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ იქნა), ხოლო დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი გათავისუფლებულია საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობამდე იმ ვალდებულების შესრულებისაგან, რომელიც დადგენილი იყო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ი. კ-ძისათვის 2005 წლის 29 მარტიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ნამსახურევი წლების დანამატის ანაზღაურება დასტურდება მოცემული საქმის მასალებითაც (ტ. 1, ს.ფ. 159-161).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტსა და მე-3 ნაწილზე, რომელთა თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (არასწორად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ მის გამოყენებას), კერძოდ _ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობს მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, განსახილველ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით რეგლამენტირებული საკასაციო საჩივრის საფუძველი _ კანონის, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად მოცემულ საქმეზე განსახილველ ნაწილში არასწორი განჩინება იქნა მიღებული, რაც გასაჩივრებული განჩინების განსახილველ ნაწილში გაუქმების საფუძველია. საკასაციო სასამართლო განსახილველ ნაწილში თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს განსახილველ ნაწილში საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების შესახებ ი. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და განსახილველ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ძის სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის 2002 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 29 მარტამდე პერიოდის წელთა ნამსახურობის დანამატის _ 6048 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და განსახილველ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. კ-ძის სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის 2002 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 29 მარტამდე პერიოდის წელთა ნამსახურობის დანამატის _ 6048 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.