Facebook Twitter
ბს-462-441(კ-09)

ბს-462-441(კ-09) 16 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ლ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 30 მარტს თ. ლ-ძემ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში თ. ლ-ძის, ლ. ო-ძის, ნოტარიუსების _ ც. კ-ძისა და მ. მ-ელის მიმართ და მოითხოვა 1992 წლის 14 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების, 2004 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული საცხოვრებელი ბინის ჩუქების და 2005 წლის 2 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-4).

თ. ლ-ძის სარჩელი არ ცნო მოპასუხე თ. ლ-ძემ უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო (იხ. ს.ფ. 44).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით თ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 76-77).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ძემ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 79-82).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით სსსკ-ის 83-ე და 85-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში მოპასუხედ ჩაერთო რუსთავის მუნიციპალიტეტის გამგეობა (იხ. ს.ფ. 123-124).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განჩინებით თ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 137-142).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 244-247).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ძემ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 256-266).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება 1992 წლის 14 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ლ-ძის სარჩელი 1992 წლის 14 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 405-414).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და შეჩერდა სააპელაციო წარმოება საცხოვრებელი ბინის ჩუქების 2004 წლის 7 დეკემბრისა და საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის 2005 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ საცხოვრებელი ბინის ჩუქების 2004 წლის 7 დეკემბრის და საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის 2005 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში საქმე განსჯადობით გადაეცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 415-420).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ. 433-458).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის განჩინებით თ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 478-479).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

კასატორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

კასატორის მითითებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ პრივატიზაციის განხორციელებისას (1992 წლის პერიოდისათვის) აუცილებელია უფლებამოსილი პირის თანხმობა ხელშეკრულების გაფორმებისათვის. ასევე სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, თ. ლ-ძეს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი პოზიციის გამოსახატავად, რადგან სხდომის დარბაზიდან სწორედ მაშინ იქნა გაძევებული, როდესაც მის მოსაზრებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ვერ მოახერხა სასამართლოსათვის განმარტებების მიცემა (იხ. ს.ფ. 500-502).

მოწინააღმდეგე მხარემ თ. ლ-ძემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ პასუხობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს. კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ეხება სხვა სამართლებრივ ჭრილში სხვა საკითხის განხილვას და არანაირ კავშირში არაა ამ კატეგორიის საქმეებზე საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკასთან, ამასთან, კასატორს არ დაუსაბუთებია რა საპროცესო დარღვევებს ჰქონდა ადგილი სააპელაციო სასამართლოს მხრიდან (იხ. ს.ფ. 494-499).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორ თ. ლ-ძის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ თ. ლ-ძის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თ. ლ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ თ. ლ-ძეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ თ. ლ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.