Facebook Twitter
ბს-466-445 (კ-09) 28 ოქტომბერი, 2009წ

ბს-466-445 (კ-09) 28 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი – ნ. კ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ 1)ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

2)აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

(მოპასუხეები)

დავის საგანი – უფლებამონაცვლეობის განსაზღვრა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. კ-ძემ 2005 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ქობულეთის რ-ნი სოფ. ციხისძირის საკრებულოს გამგეობის მიმართ და მოითხოვა ციხისძირის კოლმეურნეობის გამგეობის უფლებამონაცვლე მხარედ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს - ქობულეთის რაიონის - ციხისძირის სოფლის საკრებულოს აღიარება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. კ-ძის სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ციხისძირის კოლმეურნეობის გამგეობის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქობულეთის რაიონის ციხისძირის თემის სოფლის საკრებულო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის რაიონულ სასამართლოს 1997 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქობულეთის რაიონის ციხისძირის კოლმეურნეობის გამგეობას ნ. კ-ძის სასარგებლოდ 42000 ლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ციხისძირის კოლმეურნეობამ “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის ¹949 დადგენილების თანახმად არ მოახდინა რეორგანიზაცია, მას არ აურჩევია კოლწევრებისათვის მისაღები ახალი ორგანიზაციული ფორმა და არ გატარებულა რეგისტრაციაში. აღნიშნულ კოლმეურნეობას არც “საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმების განხორცილების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის ¹29 დეკრეტის საფუძველზე განუხორციელებელია რეორგანიზაცია და თავისი სტატუსი არ მოუყვანია “სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ” კანონთან შესაბამისობაში; სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ციხისძირის კოლმეურნეობის არც ლიკვიდაცია და არც რეორგანიზაცია არ განხორციელებულა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ქობულეთის რაიონული საასმართლოს 2005 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ნ. კ-ძის განცხადება ციხისძირის კოლმეურნეობაზე გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ვერ დაადგინა და არც მხარეს წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ციხისძირის სოფლის საკრებულო განკარგავდა კოლმეუნეობის ბალანსზე რიცხულ ჩაის პლანტაციებს, ციტრუსის ბაღებს, შენობა-ნაგებობებს და ავტომანქანებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებული ციხისძირის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 10 ნოემბრის ¹11 ოქმის ¹2 გადაწყვეტილების შინაარსზე, რომლის თანახმად კოლმეურნეობის ბალანსზე რიცხული ჩაის პუნქტები, ბაღები, საწყობები, ავტომოსაცდელი, ავტოსადგომი, მეცხოველეობის ფერმა დაუცველი იყო და “პრივატიზაცის უფლების უპირატესობით” მიამაგრეს კონკრეტულ პირებს.

საპელაციო სასამართლოს განმარტებით საქმეში დაცულია საჯარო რეესტრის ამონაწერები მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ¹20/16/02/049, ¹20/16/02/048, ¹20/16/02/050 და ¹20/16/02/129, რომელთა სარეგისტრაციო ზონაა ქობულეთის რ-ნი კოდი 20, სექტორი-ციხისძირი, კოდი 16, კვარტალი ¹02; მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საერთო სასარგებლო ფართით 73.84 კვმ-ს მესაკუთრეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. საფუძვლად მითითებულია აჭარის ა.რ. ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ¹01-22/4565 20.11.2006წ. მიმართვა. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საერთო სასარგებლო ფართით 276,9 კვმ- მესაკუთრეა სახელმწიფო. საფუძვლად მითითებულია აჭარის ა.რ. ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ¹01-22/825 25.03.2008წ. მიმართვა; მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საერთო სასარგებლო ფართით 468,7 კვმ-ს მესაკუთრეა სახელმწიფო. საფუძვლად მითითებულია აჭარის ა.რ. ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ¹01-22/3471 16.10.2007წ. მიმართვა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს ხსენებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ფართის საკუთრების კანონიერების საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ამჟამად კოლმეურნეობა არ ფუნქციონირებს. მას რაიმე სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნია და მისი კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა დადგენილი არ არის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, არამარტო აქტივზე, არამედ პასივზეც (შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ) პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო; რადგან სახელმწიფომ მიიღო კოლმეურნეობის ქონება და ამასთანავე სახელმწიფომ არ უზრუნველყო – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის ¹29 დეკრეტის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.

კასატორი თვლის, რომ მოცემული ურთიერთობის დასარეგულირებლად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე, 1444-ე და 1492-ე მუხლები, რომელიც ითვალისწინებს უმკვიდრო ქონების სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებას, რის საფუძველზეც ციხისძირის კოლმეურნეობის უფლებამონაცვლეს სახელმწიფო წარმოადგენს.

კასატორის აზრით, მართალია კოლმეურნეობა არ ფუნქციონირებს, მაგრამ შესაძლებელია – მისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა, რეაბილიტაცია ან ლიკვიდაცია და ამ ფორმით, მისი კანონისმიერი უფლებამონაცვლის დადგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქობულეთის რაიონის ციხისძირის კოლმეურნეობის გამგეობას დაეკისრა ნ. მ. ძე კ-ძის სასარგებლოდ 42000 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს «საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელებისას სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ» საქართველოს სახალხო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტზე; მოცემული დეკრეტის მე-3 პუნქტის თანახმად სახელმწიფო მეურნეობები, კოლმეურნეობები, და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოები ვალდებული არიან 1992 წელს გაატარონ რეორგანიზაცია, თავიანთი სტატუსი მოიყვანონ საქართველოს რესპუბლიკის «სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ» კანონთან შესაბამისობაში და ხელახლა გატარდნენ რეგისტრაციაში სათანადო ორგანოებში. აღნიშნული დეკრეტის მე-5 პუნქტით, სახელმწიფო მეურნეობებმა, კოლმეურნეობებმა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებმა, რომლებიც მიწას იყენებენ უვადო (მუდმივი) სარგებლობის უფლებით, 1992 წლის 1 დეკემბრამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკუთრების კერძო, კოლექტიურწილობრივ და სხვა ფორმებზე გადასვლის შესახებ.

«საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის ¹949 დადგენილების მე-7 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად კოლმეურნეობები და სახელმწიფო მეურნეობები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს კრედიტორებისა და ბიუჯეტის წინაშე, ცხადდებიან გაკოტრების სუბიექტებად, ექვემდებარებიან ლიკვიდაციას, საწარმოთა გაკოტრების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტის შესაბამისად.

ტ.I.სფ.9-ზე წარმოდგენილი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ძის განცხადება ციხისძირის კოლმეურნეობის გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ მისი ქონების სიმცირის გამო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რომ ციხისძირის სოფლის საკრებულო განკარგავდა ყოფილი კოლმეურნეობის ბალანსზე რიცხულ ჩაის პლანტაციებს, ციტრუსის ბაღებს, შენობა-ნაგებობებს და ავტომანქანებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად არ განხორციელებულა ქობულეთის ციხისძირის კოლმეურნეობის გამგეობის რეორგანიზაცია და მისი სტატუსი არ ყოფილა მოყვანილი «სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ» კანონთან შესაბამისობაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ციხისძირის კოლმეურნეობის არც ლიკვიდაცია და არც რეორგანიზაცია არ განხორციელებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც ნ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.