ბს-479-458(კ-08) 11 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
კასატორი –ა. ლ-ა, წარმომადგენელი ნ. ჩ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი_სოციალური სუბსიდიების სააგენტო (მოპასუხე)
დავის საგანი – მიუღებელი პენსიის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ლ-ამ 2007 წლის 19 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის ფილიალის და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა ა. ლ-ას სასარგებლოდ, მისი აწ. გარდაცვილი მამის, მოსამართლე ბ. ლ-ას გარდაცვალებით მარჩენალის დაკარგვის გამო, 2003 წლის 1 იანვრიდან, თვეში 520 ლარის ოდენობით_ მოსარჩელის სრულწლოვანობამდე მიუღებელი პენსიის, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბ. ლ-ა 1984 წლიდან მუშაობდა ..... სასამართლოს წევრად. Bბ. ლ-ა გარდაიცვალა 2001 წლის 21 აპრილს. მოსარჩელე ა. ლ-ა, დაბადებული 1986 წლის 23 სექტემბერს ბ. ლ-ას შვილია.
სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რადგან ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-14 მუხლი ვრცელდება 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე და მითითებული ნორმა ამოქმედდა 2003 წლის 1 იანვრიდან; ა. ლ-ას კი მის სრულწლოვანებამდე, ანუ 2004 წლის 23 სექტემბრამდე უნდა მიემართა პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რაც რეალურად მის კანონიერ წარმომადგენელს არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა მიხედვით, ა. ლ-ას არ ჰქონია დანიშნული პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულს ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 აპრილისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებები.
Pპირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ა. ლ-ია ადმინისტრაციული ორგანოსათვის პენსიის მოთხოვნით მიმართვის დღეს, 2007 წლის 6 თებერვალს, იყო სრულწლოვანი, რის გამოც მასზე ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები ვეღარ გავრცელდება.
პირველი ინსტანციის სასამართოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინებით ა. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ას წარმომადგენელმა ნ. ჩ-ამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
Kკასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია იმის შესახებ, რომ მას პენსიის დანიშვნის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის 2004 წლის სექტემბრამდე არ მიუმართავს. Kკასატორის განმარტებით, ა. ლ-ამ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა ჯერ კიდევ 2003 წელს, თუმცა მოპასუხემ მისი განცხადება პენსიის მოთხოვნის შესახებ შეგნებულად დამალა, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი დოკუმენტები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ა. ლ-ას წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მამა ბ. ლ-ა 1984 წლიდან მუშაობდა ..... სასამართლოს წევრად. იგი 2001 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა (ს.ფ. 6-8). ს.ფ. 10-ზე წარმოდგენილი ა. ლ-ას დაბადების მოწმობის თანახმად, ა. ლ-ა ბ. ლ-ას შვილია და იგი დაიბადა 1986 წლის 23 სექტემბერს. ს.ფ.11-ზე წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს 2004 წლის 13 იანვრის ცნობა იმის შესახებ, რომ ბ. ლ-ა აჭარის უზენაესი საბჭოს 1999 წლის 30 დეკემბრის ¹283 დადგენილების საფუძველზე დაინიშნა ...... სასამართლოს მოსამართლედ, სადაც იგი მუშაობდა გარდაცვალებამდე_2001 წლის 21 აპრილამდე.
“მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოსარჩელემ მოითხოვა მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნა, აღნიშნული ნორმის 2005 წლის 23 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახის არასრულწლოვან ან შრომისუუნარო წევრებს ენიშნებათ პენსია მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით, თითოეულს თანაბარი პროპორციით.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრულწლოვნების მიღწევამდე 2004 წლის სექტემბრამდე არ მიუმართავს, რის გამოც მასზე “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათები ვერ გავრცელდებოდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია და სამართლებრივი შეფასება არ მისცა ს.ფ. 12-ზე წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის 2004 წლის 13 იანვრის ¹30-01 წარდგინებას იმის შესახებ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სოციალური დაზღვევის ერთიანი საპენსიო ფონდის ფილიალს გაეგზავნა ...... სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბ. ლ-ას ქვრივის თ. შ-ის განცხადება და თანდართული დოკუმენტები, რათა მათ შვილს ა. ლ-ას “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად დანიშვნოდა პენსია თვეში 525 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ლ-ას წარმომადგენელი ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.