¹ბს-481-460(კ-08) 12 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები): ე. ლ.-ი, ნ. კ.-ი, მ. ი.-ე, შ. ნ.-ე, ნ. დ.-ე, რ. ფ.-ი, ც. ქ.-ი, ქ. შ.-ე, ზ. ლ.-ე
მესამე პირი _ საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება
სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 13 ივნისს ც. ქ-მა, რ. ფ.-მ, დ. ჯ.-მა, ნ. დ.-მ, ზ. ლ.-მ, ო. პ.-მა, ქ. შ.-მ, ლ. ლ.-მ, ნ. კ.-მა, შ. ნ.-მ, მ. ი.-მ, ლ. ლ.-მ, ი. ლ.-მ, ტ. წ.-მა, ე. ლ.-მა და მ. ჩ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ, მესამე პირებად კი მიუთითეს საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურზე.
მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ 1992 წლის 9 ოქტომბრის ¹983 დადგენილებით კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრების წინაშე იკისრა ვალდებულებები, მშენებლობის ღირებულების გაძვირებით გამოწვეულ ფასთა სხვაობის თანხა გაეცა რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯზე, კოოპერატივის თითოეული წევრის მიერ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მთლიანი თანხის დაფარვის შემდეგ. ამასთან, დაუმთავრებელი კოოპერატიული სახლების მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 1993-1995 წლებში. ზემოხსენებული დადგენილების საფუძველზე, კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებმა უმოკლეს ვადაში დაფარეს საკუთარი ბინების მთლიანი სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობამ 1995 წლამდე ვერ შეასრულა შესაბამისი დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება, ანუ არ დაასრულა კოოპერატიული სახლების მშენებლობა, სახელმწიფომ აღნიშნული ვალდებულება «სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საშინაო ვალად აღიარა. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებით დამტკიცდა სპეციალური პროგრამა, რომლითაც განისაზღვრა საშინაო ვალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები და მექანიზმები. ხსენებული ბრძანებულებით დადგინდა, რომ მოხდებოდა საკომპენსაციო ერთჯერადი თანხის გაცემა კუთვნილი საერთო ფართის შესაბამისად საცხოვრებელი სახლის ასაშენებელ რაიონში, 1 კვ.მ საერთო ფართის ღირებულების გათვალისწინებით საბაზრო ფასებში.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ კოოპერატივის წევრებზე ერთჯერადი კომპენსაციის თანხების გაცემის სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მიეცა მათთვის სახელმწიფო და ადგილობრივი დაქვემდებარების საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონება, კერძოდ, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, 2001-2005 წლების ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საქართველოს პრეზიდენტისათვის უნდა წარედგინა შესაბამისი წინადადებები კოოპერატივის წევრებისათვის გარკვეული საპრივატიზაციო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ და ბინის სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა ჩაითვლებოდა გადაცემული სახელმწიფო ქონების ღირებულებად. აღნიშნული ცვლილება შეტანილ იქნა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2001-2005 წლების ჩათვლით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს საქართველოს პრეზიდენტისათვის უნდა წარედგინათ შესაბამისი წინადადებები კოოპერატივის წევრებისათვის გარკვეული საპრივატიზაციო ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ, რომლის დროსაც ბინის სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა ჩაითვლებოდა გადაცემული მიწის ფართობის ღირებულებად. ხსენებული კანონის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ «კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობისა და «...-ში" ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოშობილი ვალდებულების ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" 2001 წლის 12 დეკემბრის ¹10-6 გადაწყვეტილებით დაამტკიცა დაუმთავრებელი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებზე, საკომპენსაციო თანხების გაცემის ნაცვლად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის წესი. დეტალურად განისაზღვრა ქ. თბილისის მერიის მიერ შესასრულებელი მოქმედებები.
მოსარჩელეთა განმარტებით, «საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-9 მუხლისა და ქ. თბილისის 2005 წლის ბიუჯეტის მე-18 მუხლის «ა" ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს დაევალათ, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებელი ბინების წევრების სახელმწიფო ვალის ანაზღაურების მიზნით, მათთვის დადგენილი წესით გადაეცათ სახელმწიფო ქონება და მიწის ნაკვეთები. იმავე მუხლებით განისაზღვრა კოოპერატივის წევრებისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემის პროცედურა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შესასრულებელი მოქმედებები, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უნდა წარედგინათ სახელმწიფო ვალის ანაზღაურების მიზნით გადასაცემი სახელმწიფო ქონებისა და მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობისა და ოდენობის შესახებ ინფორმაცია, ასევე ღირებულების ჩამონათვალი, რაც, მოსარჩელეთა მტკიცებით, განხორციელდა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილებით კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებელობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, დამტკიცდა «საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციისათვის გადასაცემი მიწის ფართობების ნუსხა", რომლის დანართის შესაბამისად, განისაზღვრა საბინაო კოოპერატივის წევრებზე გასანაწილებელი მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა და საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას დაევალა გამოყოფილი მიწების შემდგომი გაცემის თაობაზე საკითხის მომზადება, ხოლო ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს _ მიწის ფართობების საზღვრებისა და მოცულობების დადგენა.
მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 12 დეკემბრის ¹10-6 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ზემოხსენებული დებულების თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხს წყვეტდა საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ქ. თბილისის მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენდა წინადადებებს, რომლებშიც უნდა ასახულიყო ინფორმაცია გადასაცემი საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების ადგილმდებარეობის, საერთო ფართისა და მისი ღირებულების, აგრეთვე საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების მიმღები პირის ან პირთა ჯგუფის რეკვიზიტების თაობაზე, ასევე ინფორმაცია საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების მიმღები პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ არსებული სახელმწიფო ვალის ოდენობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ზემოაღნიშნული წინადადების წარდგენის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მოპასუხესა და მყიდველს შორის 20 დღის განმავლობაში სანოტარო წესით ფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულება მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, ხოლო მყიდველის მიერ საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადახდა დადასტურებულად ჩაითვლებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პირზე გაცემული შესაბამისი სახელმწიფო დავალიანების დამადასტურებელი საბუთის შემდეგ.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ქ. თბილისის მთავრობამ არ შეასრულა ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 12 დეკემბრის ¹10-6 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს არ წარუდგინა წინადადებები მოსარჩელეებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად, რის თაობაზეც მათ არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა უწყებას, თუმცა უშედეგოდ.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ, ვინაიდან არ სრულდებოდა «საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-9 მუხლი, ქ. თბილისის 2005 წლის ბიუჯეტის მე-18 პუნქტის «ა" ქვეპუნქტი, აგრეთვე, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" და «არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონები, საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 1 ივლისს მიღებულ იქნა ¹1879-რს დადგენილება «საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი ვალდებულების ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ". ხსენებული დადგენილებით საქართველოს მთავრობას დაევალა, დროულად მოემზადებინა და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარედგინა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებზე მიზნობრივად განაწილებული სახელმწიფო საპრივატიზებო ქონების გადაცემის შესახებ კონკრეტული პროექტები. ამასთან, ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 12 დეკემბრის ¹10-6 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული დებულების, ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილებისა და ქ. თბილისის პრემიერის 2003 წლის 30 ივნისის ¹624 განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციამ არაერთხელ მიმართა ქ. თბილისის მერიას და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს, რათა უზრუნველეყოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარება. საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა 2004 წლის 14 სექტემბრის ¹819-¹830 განკარგულებებით, პირდაპირი განკარგვის წესით საბინაო კოოპერატივის 35 წევრს გადასცა მიწის ნაკვეთები. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულებულ იქნა ნაწილობრივ და იმ დროისათვის ქ. თბილისის მთავრობას ევალებოდა ქ. თბილისში, ...-ში, ...-ის გზის მიმდებარე ფერდობზე არსებულ მიწის ნაკვეთზე საზღვრებისა და მოცულობის დადგენა, საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განკარგულების პროექტის წარდგენა აღნიშნული მიწის ნაკვეთის კომპენსაციის სახით მოსარჩელეთათვის გადაცემის შესახებ. ხსენებული მიწის ნაკვეთი გადანაწილდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის 15 წევრზე, რომელთაგან 7 წევრი ამ საქმეზე მოსარჩელე იყო.
მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 12 დეკემბრის ¹10-6 გადაწყვეტილებისა და საქართველოს მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილების მოთხოვნათა შესასრულებლად, საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციამ 2005 წლის 22 დეკემბრის ¹ც-04/452 წერილით კვლავ მიმართა ქ. თბილისის მერიას და წარუდგინა ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის ¹05.07.124 დადგენილებით არარა აქტად იქნა აღიარებული ამავე ორგანოს მიერ 2003 წლის 5 ივნისს მიღებული ¹08.38.185 დადგენილება. აღნიშნული დადგენილებით ქ. თბილისის მთავრობამ დააკმაყოფილა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის თხოვნა და დამტკიცდა ამ ასოციაციისათვის გადასაცემი მიწის ნაკვეთის ნუსხა. ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის ¹05.07.124 სადავო დადგენილების თანახმად, ამავე ორგანოს 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილების არარა აქტად გამოცხადების საფუძველი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის «ბ" ქვეპუნქტი, ანუ ხსენებული აქტი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს _ ქ. თბილისის მთავრობის მიერ, რადგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასაცემი ობიექტების ნუსხას საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ამტკიცებდა. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობისა და მუნიციპალურ საწარმო «...-ში" ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, ამ პირთა თანხმობისას, სწორედ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, 2001 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტისთვის უნდა წარედგინათ წინადადებები მათთვის გარკვეული საპრივატიზაციო ქონების (მიწის ფართობები) პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ, რომლის დროსაც ბინის სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა ჩაითვლებოდა გადაცემული მიწის ფართობების ღირებულებად. მოპასუხეს უნდა მოეძია გადასაცემი მიწის ნაკვეთები და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარედგინა წინადადებები მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ.
მოსარჩელეთა მტკიცებით, არარად გამოცხადებული ზემოაღნიშნული აქტი იყო აღმჭურველი აქტი და მას მოჰყვა სამართლებრივი შედეგები. შესაბამისი მიწის ნაკვეთები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემული ჰქონდა 35 პირს. ამდენად, მოსარჩელეებს _ დაინტერესებულ მხარეებს გააჩნდათ კანონიერი ნდობა, რომ მოპასუხე გააგრძელებდა დანარჩენი 20 პირის მიმართაც იმავე მოქმედებას. ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილება იყო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი და არ არსებობდა მისი არარა აქტად გამოცხადების სამართლებრივი საფუძვლები. ქ. თბილისის მერია წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებული იყო, ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 12 დეკემბრის ¹10-6 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹18.38.185 დადგენილების მოთხოვნათა შესასრულებლად, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად შეემუშავებინა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიწის ნაკვეთების გადაცემაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტები. ქ. თბილისის მთავრობის მიერ მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა ზღუდავდა მოსარჩელეების უფლებას და მათ აყენებდა ზიანს, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსარჩელეები ვერ იღებდნენ კუთვნილი საკომპენსაციო თანხის შესაბამის ქონებას (მიწის ნაკვეთს). ამდენად, ქ. თბილისში, ...-ში, ...-ის გზის მიმდებარე ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით მიღება მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას წარმოადგენდა, რაც დადასტურებული იყო ყველა ზემოხსენებული ნორმატიული აქტითა და ფაქტობრივი გარემოებით, კერძოდ, ამ კოოპერატივის თითოეულმა წევრმა 15 წლის წინ დაფარა ბინის მთლიანი ღირებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის ¹05.07.124 დადგენილების ბათილად ცნობა და ამ დადგენილების მოქმედების შეჩერება; საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას დავალებოდა, ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილების მე-3 პუნქტისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 12 დეკემბრის ¹10-6 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობისათვის წარედგინა მოსარჩელეებზე პირდაპირი განკარგვის წესით მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია; ქ. თბილისის მთავრობას დავალებოდა, მოემზადებინა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარედგინა მოსარჩელეებზე მიწის ფართობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად წინადადებები, რომლებშიც უნდა ყოფილიყო ინფორმაცია ქ. თბილისში, ...ში, ...-ის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე და ...-ის IV მ/რ-ში მოსარჩელეებზე გადასაცემი მიწის ნაკვეთების საერთო ფართისა და მისი ღირებულების შესახებ, ასევე _ მოსარჩელეებზე გადასაცემი საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთების პრივატიზებაში მონაწილე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა რეკვიზიტები, აგრეთვე _ ინფორმაცია საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთების პრივატიზებაში მონაწილე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა მიმართ არსებული სახელმწიფო საშინაო ვალის (საკომპენსაციო თანხის) ოდენობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მაისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეზე მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური, ხოლო მესამე პირთა სიიდან _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახური.
მოგვიანებით, მოსარჩელეებმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და დამატებით აღნიშნეს, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცდა მიწის ნაკვეთი, მდებარე ...-ში, ...-ის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე (დაახლოებით 25 ათასი კვ.მ), ხოლო იმავე დადგენილების მე-7 პუნქტით _ ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ის ბოლოში არსებული მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 25 ათასი კვ.მ).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების _ ლ. ლ.-ისა და მ. ჩ.-ის ნაწილში სარჩელი განუხილველი დარჩა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოპასუხის _ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის ¹05.07.124 დადგენილება «კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციისათვის გადასაცემი მიწის ფართობების ნუსხის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილების არარა აქტად აღიარების თაობაზე; მოპასუხეს _ ქ. თბილისის მერიას დაევალა ქმედების განხორციელება _ მოსარჩელეებისთვის _ ც. ქ.-ის, რ. ფ.-თვის, დ. ჯ.-თვის, ნ. დ.-თვის, ზ. ლ.-თვის, ო. პ.-თვის, ქ. შ.-თვის, ნ. კ.-თვის, შ. ნ.-თვის, მ. ი.-თვის, ლ. ლ.-თვის, ი. ლ.-თვის, ტ. წ.-ისა და ე. ლ.-თვის ქ. თბილისში, ...-ში, .-ის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 ათასი კვ.მ და ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ის ბოლოში 7 ათასი კვ.მ მიწის ფართობების პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება და წარდგენა, ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 12 დეკემბრის ¹10-6 გადაწყვეტილებით დამტკიცებული პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის გამგეობის 2005 წლის 12 მარტის სხდომის ¹12 ოქმით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები _ ც. ქ.-ი, რ. ფ.-ა, დ. ჯ.-ი, ნ. დ.-ე, ზ. ლ.-ე, ო. პ.-ი, ქ. შ.-ე, ნ. კ.-ი, შ. ნ.-ე, მ. ი.-ე, ლ. ლ.-ე, ი. ლ.-ე, ტ. წ.-ი და ე. ლ.-ი წარმოადგენდნენ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს, რომელთაც დაადგინეს, რომ დამტკიცებულიყო ქ. თბილისში, ...-ში, ...-ის გზის მიმდებარე ფერდობზე და ...-ის მე-4 მ/რ-ის ბოლოში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზებაში მონაწილე წევრთა სია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ მოსარჩელეები და აღნიშნული სიით დადგენილიყო თითოეული მათგანის ბინის საშუალო ფართი, მათი მდებარეობა და სახელმწიფო ვალის ოდენობა მათ მიმართ. კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრიდან ამონაწერით დადგენილი იყო, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების მიერ წამოწყებული მშენებლობა იმ დრომდე დაუმთავრებელი იყო, რომლის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანება აღრიცხული იყო სახელმწიფო საშინაო ვალად. საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციამ 2005 წლის 23 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთავრობას და მოითხოვა განცხადებაზე დართული ნუსხების შესაბამისად, მოსარჩელეებისათვის ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ის ბოლოში და ...-ში, ...-ის გზის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის მიზნით, წინადადებების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენა, რაც მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობამ არ დააკმაყოფილა. «სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის «ზ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უდავო იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებისა, რომლითაც დამტკიცდა «კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამა" და «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს წარმოეშვათ კანონისმიერი ვალდებულება იმ პირთა წრის წინაშე, რომლებიც წარმოადგენდნენ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოშობილი ვალდებულების კრედიტორებს, ანუ პირებს, რომლებსაც იმ დრომდე გააჩნდათ მათ მიერ კოოპერატიული ბინათმშენებლობის მიზნით გადახდილი თანხების ანაზღაურების ან მათ ნაცვლად კომპენსაციის სახით სხვა ნივთის მიღების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 12 დეკემბრის ¹10-6 გადაწყვეტილებით დამტკიცდა «საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობისა და მუნიციპალურ საწარმო «...-ში" ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობის შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის წესი". აღნიშნული წესის თანახმად, განისაზღვრა ამ ურთიერთობის მონაწილე პირთა წრე და მათი უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, ქ. თბილისის მთავრობასა და არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურს დაევალათ ყოველწლიურად, 2005 წლის ბოლომდე, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მოძიება და მათი ნუსხის დამტკიცება, აგრეთვე, ამ ნუსხის საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციისათვის გადაცემა. ხსენებული წესის მე-13 მუხლით დადგინდა, რომ სახელმწიფო ქონების (მიწის) პირდაპირი ფორმით გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად, ქ. თბილისის მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენდა წინადადებებს. ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹18.38.185 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციისათვის გადასაცემი მიწის ნაკვეთების ნუსხა, რომელშიც მე-7 პუნქტად შეტანილ იქნა ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ის ბოლოში არსებული 25000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ...-ში, ...-ის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე _ 16000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის ¹05.07.124 დადგენილებით არარა აქტად იქნა აღიარებული ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილება. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება და მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის ¹05.07.124 დადგენილება იყო კანონსაწინააღმდეგო და იგი ცნობილი უნდა ყოფილიყო ბათილად, რადგან ამ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არასწორად იქნა გადაწყვეტილი ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილების არარა აქტად აღიარების საკითხი _ ამ დადგენილების არარა აქტად აღიარება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების დებულებათა საწინააღმდეგოდ. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" და «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონების მეშვეობით, საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებათა ნაწილობრივ შესრულების მიზნით, განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა კომპეტენციების გამიჯვნა საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების სახეობათა მიხედვით _ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იყო ერთმანეთისაგან გამიჯნული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებათა ფარგლები. 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილების მიღებისას ქ. თბილისის მთავრობას არ განუხორციელებია ისეთი უფლებამოსილება, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა. აღნიშნული დადგენილების გამოცემისას ქ. თბილისის მთავრობა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, წარმოადგენდა ასეთი შინაარსის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ ყოფილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა _ ქ. თბილისის მთავრობა არ შეჭრილა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებათა სფეროში.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის ¹05.07.124 დადგენილება ეწინააღმდეგებოდა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტსა და «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ»' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტს, აგრეთვე, უშუალოდ იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 27 დეკემბრის ¹1-3/915 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს, რომლის საფუძველზეც იგი იქნა გამოცემული, რის გამოც ხსენებული დადგენილება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან. მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობა ვალდებული იყო, ამ სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის _ საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ მოსარჩელეებისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიწის ნაკვეთების გადაცემის თაობაზე მოპასუხესთან, უკვე წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მოემზადებინა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების განკარგვის შესახებ წინადადებები წარედგინა საქართველოს პრეზიდენტისთვის. მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობის მიერ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც ნამდვილად აყენებდა პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელეთა უფლებას, მოეთხოვათ და მიეღოთ მათ მიერ კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის მანამდე გადახდილი თანხების ადეკვატური კომპენსაციები მიწის ნაკვეთების პირდაპირი შესყიდვის ფორმით მათთვის გადაცემის გზით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადის 2005 წლის დასასრულისთვის ამოწურვის გამო, მოსარჩელეებს უარი უნდა თქმოდათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციამ 2005 წლის 23 დეკემბერს მიმართა განცხადებით ქ. თბილისის მთავრობას და მოითხოვა მოსარჩელეებისთვის ქ. თბილისში, ...-ში, ...-ის ქუჩის მიმდებარედ და ...-ის მე-4 მ/რ-ის ბოლოში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის მიზნით წინადადებების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენა. კანონით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო უმოქმედობა _ საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადებათა წარუდგენლობა მოპასუხე მხარეს არ ათავისუფლებდა კანონით დაკისრებული ვალდებულებისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი ქ. თბილისის მერიასა და მოსარჩელეებს _ დ. ჯ.-ს, ო. პ.-ს, ლ. ლ.-ს, ი. ლ.-სა და ტ. წ.-ს შორის; მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება დ. ჯ.-ის, ო. პ.-ის, ლ. ლ.-ის, ი. ლ.-ისა და ტ. წ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის მეორე განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის ¹05.07.124 დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში იყო შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის შესაბამისი განჩინების საფუძველზე. ხსენებული დადგენილების ბათილად ცნობის შედეგად იურიდიული ძალა მიეცა ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილებას. შესაბამისად, მითითებული დადგენილებით მოხდა მიწის ნაკვეთების მიზნობრივი გამოყოფა მისი დანართის მიხედვით. ქ. თბილისის მთავრობას დაევალა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის თითოეულ წევრზე გადასაცემი მიწის ფართობების სრული პაკეტების მომზადება და შესაბამისი წინადადებების დროულად წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის. ამდენად, ქ. თბილისის მერიას კანონისმიერი ვალდებულება ეკისრებოდა, განეხორციელებინა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ქმედება და ვალდებულების შესრულებისთვის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვა არ შეიძლებოდა გამხდარიყო ვალდებულების შესრულებისგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძველი. აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი არგუმენტები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი, საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
კასატორის განმარტებით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევა, რომლის შედეგადაც საქმეზე არასწორი განჩინება იქნა მიღებული. ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 14 მარტის ¹05.07.124 დადგენილებას, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, თან ერთოდა გადასაცემი მიწის ნაკვეთების ნუსხა და ამ ნუსხის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა და მასში არ იყო მითითებული ინფორმაცია მიწის ნაკვეთების ფართობების შესახებ. საქმეშიც არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება აღნიშნული მიწის ნაკვეთების ფართობების შესახებ. გაურკვეველია, თუ რომელი მტკიცებულების საფუძველზე მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ ქ. თბილისის მერიას მოსარჩელეებისთვის უნდა გადაეცა ქ. თბილისში, ...-ში, ...-ის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე 16000 კვ.მ და ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ის ბოლოში 7000 კვ.მ მიწის ნაკვეთები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი _ მას უნდა მიეთითებინა, თუ რომელი ფაქტები მიიჩნია დადგენილად და რომელი მტკიცებულების საფუძველზე, ანუ უნდა დაედგინა, თუ რა ფართობების მიწის ნაკვეთების გამოყოფა იყო სახეზე და რომელი მტკიცებულების მიხედვით, რაც არ გაუკეთებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით. გარდა ამისა, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა 9 მოსარჩელის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში კონკრეტულად არ მიუთითა, თუ რა ფართობების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით უნდა წარედგინა წინადადებები ქ. თბილისის მერიას შემდგომში მათი 9 მოსარჩელისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის მიზნით, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს გამოკვეთილად უნდა მიეთითებინა, თუ რას ნიშნავდა 9 მოსარჩელის სარჩელის ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება და კონკრეტულად, რა ფართობების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით უნდა მოემზადებინა ქ. თბილისის მერიას წინადადებები, ასევე არ განუსაზღვრავს, თუ მიწის ნაკვეთის რა ფართობს შეადგენდა იგი თითოეული მოსარჩელისთვის. შესაბამისად, როდესაც ქ. თბილისის მერიასთან დავა შეწყვიტა ხუთმა მოსარჩელემ, ბუნებრივია, მათი ე.წ. «წილი" მიწის ნაკვეთების ფართობები უნდა გამოკლებოდა საერთო ფართობს და ასახულიყო სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში, რაც არ მომხდარა.
კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინებიდან არ ჩანს, სააპელაციო სასამართლომ ცნო თუ არა დადგენილად ის ფაქტი, რომ 9 მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთის კონკრეტული ფართობები. ხსენებული განჩინების მიღებისას სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ნორმების კიდევ ერთი დარღვევა, რომლის შედეგადაც საქმეზე არასწორი განჩინება იქნა მიღებული, კერძოდ, ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილებით მიწის ნაკვეთის მიღების მოთხოვნის უფლება გააჩნდა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას და იგი წარმოადგენდა სათანადო მოსარჩელეს, რადგან მოთხოვნის უფლება მას გააჩნდა და არა ფიზიკურ პირებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია, თუ ვის ჰქონდა მოთხოვნის უფლება, მან კი ძალაში დატოვა ის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა იმ პირების სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც წარმოადგენდნენ არასათანადო მოსარჩელეებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 28 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 17 ივლისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2008 წლის 2 ოქტომბერს, 12.00 საათზე.
მოცემული საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კერძოდ, 2009 წლის 25 თებერვალს, მოსარჩელეების _ ე. ლ.-ის, ნ. კ.-ის, მ. ი.-ის, შ, ნ.-ის, ნ. დ.-ის, რ. ფ.-ის, ც. ქ.-ის, ქ. შ.-ისა და ზ. ლ.-ის წარმომადგენელმა ლ. ლ.-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო ქ. თბილისის მერიასა და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს _ ე. ლ.-ს, ნ. კ.-ს, მ. ი.-ს, შ. ნ.-ს, ნ. დ.-ს, რ. ფ.-ს, ც. ქ.-ს, ქ. შ.-სა და ზ. ლ.-ს შორის 2009 წლის 25 თებერვალს გაფორმებული მორიგების აქტი.
2009 წლის 5 მარტს ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა და ე. ლ.-ის, ნ. კ.-ის, მ. ი.-ის, შ. ნ.-ის, ნ. დ.-ის, რ. ფ.-ას, ც. ქ.-ის, ქ. შ.-ისა და ზ. ლ.-ის წარმომადგენლებმა თ. რ.-მ და ლ. ლ.-მ განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც მიუთითეს, რომ მათ მიერ 2009 წლის 25 თებერვალს წარმოდგენილი მორიგების აქტი შეიცავდა ხარვეზს _ მასში არ იყო მითითებული იმ 3346 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელსაც ქ. თბილისის მერია მოსარჩელეებს გადასცემდა სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადების ავტორებმა საქმის განხილვის გადადება, 2009 წლის 25 თებერვალს დამტკიცებული მორიგების აქტის დაბრუნება მოითხოვეს და წარმოადგინეს 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული დაზუსტებული მორიგების აქტი. მხარეთა შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
«ერთი მხრივ, ქ. თბილისის მერია, წარმოდგენილი ქ. თბილისის მერის _ გ. უ.-ს სახით და მეორე მხრივ, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრები, ლ.-ი ე.ი, კ.-ი ნ., ი.-ე მ., ნ.-ე შ., დ.-ე ნ., ფ.-ა რ., ქ.-ი ც., შ.-ე ქ., ლ.-ე ზ. (შემდგომში «მოსარჩელეები»), მათი წარმომადგენლების თ. რ.-ისა და ლ. ლ.-ის სახით შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. «მოსარჩელეები» უარს აცხადებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებზე, კერძოდ: პირველი _ ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მთავრობის 14.03.2006 წლის ¹05.07.124 დადგენილება «კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის გადასაცემი მიწის ფართობების ნუსხის დამტკიცების შესახებ», იმავე თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილების არარა აქტად აღიარების თაობაზე; მეორე _ დაევალოს ქ. თბილისის მერიას მათთვის ქ. თბილისში, ...-ში, ...-ის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე 16000 კვ.მ და ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მკრ-ის ბოლოს 7000 კვ.მ მიწის ფართობების პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადებების მომზადება და წარდგენა;
2. Qქ. თბილისის მერია, კისრულობს ვალდებულებას სასამართლოში მოსარჩელეებთან საქმის მორიგებით დამთავრების შემდეგ, ქ. თბილისში, ...-სა და ...-ის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე 3346 კვ.მ მიწის ნაკვეთის (შემდეგში _ «მიწის ნაკვეთი») ქ. თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში დარეგისტრირებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ქ. თბილისის მერია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოამზადებს და წარუდგენს წინადადებებს საქართველოს მთავრობას «მიწის ნაკვეთის» «მოსარჩელეთა» საერთო საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასაცემად (თითოული «მოსარჩელის» წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვროს დანართის შესაბამისად);
3. «მიწის ნაკვეთის» «მოსარჩელეთა» საერთო საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს ერთი თვისა გაფორმდეს ნასყიდობის ხელშეკრულება «მოსარჩელეებსა» და ქ. თბილისის მერიას შორის;
4. «მოსარჩელეები» კისრულობენ ვალდებულებას, გადაიხადონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი «მიწის ნაკვეთის» ნორმატიული ღირებულება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
5. მოსარჩელეთა მიმართ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალი ჩაითვალოს დაფარულად, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის დღიდან.»
დანართი: 3346 კვ.მ მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრებაში მოსარჩელეებს გადაეცემათ სახელმწიფო ვალის პროპორციულად.
1. სსკ 651 ლ.-ი ე. 222,3/3346
2. სსკ 645 კ.-ი ნ. 469,6/3346
3. სსკ 645 ი.-ე მ. 469,6/3346
4. სსკ 645 ნ.-ე შ. 278,0/3346
5. სსკ 626 დ.-ე ნ. 374,2/3346
6. სსკ 606 ფ.-ა რ. 567,4/3346
7. სსკ 646 ქ.-ი ც. 196,5/3346
8. სსკ 645 შ.-ე ქ. 469,6/3346
9. სსკ 650 ლ.-ე ზ. 299,8/3346
ქ. თბილისის მერიასა და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს _ ე. ლ.-ს, ნ. კ.-ს, მ. ი.-ს, შ. ნ.-ს, ნ. დ.-ს, რ. ფ.-ს, ც. ქ.-ს, ქ. შ.-სა და ზ. ლ.-ს შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული მორიგების აქტი ხელმოწერილია ქ. თბილისის მერიის მხრიდან ქ. თბილისის მერის _ გ. უ.-ს, ხოლო ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრების _ ე. ლ.-ის, ნ. კ.-ის, მ. ი.-ის, შ. ნ.-ის, ნ. დ.-ის, რ. ფ.-ს, ც. ქ.-ის, ქ. შ.-ისა და ზ. ლ.-ის მხრიდან მათი წარმომადგენლების _ თ. რ.-ისა და ლ. ლ.-ის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო ქ. თბილისის მერიასა და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს _ ე. ლ.-ს, ნ. კ.-ს, მ. ი.-ს, შ. ნ.-ს, ნ. დ.-ს, რ. ფ.-ს, ც. ქ.-ს, ქ. შ.-სა და ზ. ლ.-ს შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებულ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს აღნიშნული აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ხოლო იმავე კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ქ. თბილისის მერიასა და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს _ ე. ლ.-ს, ნ. კ.-ს, მ. ი.-ს, შ. ნ.-ს, ნ. დ.-ს, რ. ფ.-ს, ც. ქ.-ს, ქ. შ.-სა და ზ. ლ.-ს შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული მორიგების აქტი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები და, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს ქ. თბილისის მერიასა და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს _ ე. ლ.-ს, ნ. კ.-ს, მ. ი.-ს, შ. ნ.-ს, ნ. დ.-ს, რ. ფ.-ს, ც. ქ.-ს, ქ. შ.-სა და ზ. ლ.-ს შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
1.1. «მოსარჩელეები» უარს აცხადებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებზე, კერძოდ; პირველი _ ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მთავრობის 14.03.2006 წლის ¹05.07.124 დადგენილება «კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის გადასაცემი მიწის ფართობების ნუსხის დამტკიცების შესახებ» იმავე თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.38.185 დადგენილების არარა აქტად აღიარების თაობაზე; მეორე _ დაევალოს ქ. თბილისის მერიას მათთვის ქ. თბილისში, ...-ში, ...-ის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე 16000 კვ.მ და ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მკრ-ის ბოლოს 7000 კვ.მ მიწის ფართობების პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადებების მომზადება და წარდგენა;
1.2 ქ. თბილისის მერია, კისრულობს ვალდებულებას სასამართლოში მოსარჩელეებთან საქმის მორიგებით დამთავრების შემდეგ, ქ. თბილისში, ...-ისა და ...-ის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე 3346 კვ.მ მიწის ნაკვეთის (შემდეგში _ «მიწის ნაკვეთი») ქ. თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში დარეგისტრირებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოამზადოს და წარუდგინოს წინადადებები საქართველოს მთავრობას «მიწის ნაკვეთის» «მოსარჩელეთა» საერთო საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასაცემად (თითოული «მოსარჩელის» წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვროს დანართის შესაბამისად);
1.3 «მიწის ნაკვეთის» «მოსარჩელეთა» საერთო საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არა უგვიანეს ერთი თვისა, გაფორმდეს ნასყიდობის ხელშეკრულება «მოსარჩელეებსა» და ქ. თბილისის მერიას შორის;
1.4 «მოსარჩელეები» კისრულობენ ვალდებულებას, გადაიხადონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი «მიწის ნაკვეთის» ნორმატიული ღირებულება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
1.5 მოსარჩელეთა მიმართ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალი ჩაითვალოს დაფარულად, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის დღიდან.
დანართი: 3346 კვ.მ მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრებაში მოსარჩელეებს გადაეცემათ სახელმწიფო ვალის პროპორციულად.
სსკ 651 ლ.-ი ე. 222,3/3346
სსკ 645 კ.-ი ნ. 469,6/3346
სსკ 645 ი.-ე მ. 469,6/3346
სსკ 645 ნ.-ე შ. 278,0/3346
სსკ 626 დ.-ე ნ. 374,2/3346
სსკ 606 ფ.-ა რ. 567,4/3346
სსკ 646 ქ.-ი ც. 196,5/3346
სსკ 645 შ.-ე ქ. 469,6/3346
სსკ 650 ლ.-ე ზ. 299,8/3346
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება ე. ლ.-ს, ნ. კ.-ს, მ. ი.-ს, შ. ნ.-ს, ნ. დ.-ს, რ. ფ.-ს, ც. ქ.-ს, ქ. შ.-სა და ზ. ლ.-ს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება;
3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
4. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
5. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის _ მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით);
6. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.