ბს-482-455(კ-09) 21 ოქტომბერი, 2009წ
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი – საქართველოს პარლამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ,,...» (მოსარჩელე)
დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინება
კასატორთა მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
,,...» 2008 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ და მოითხოვა კრედიტორული დავალიანების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ,,...» სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს პარლამენტს ,,...» სასარგებლოდ დაეკისრა 22800 (ოცდაორიათას რვაასი) ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის (2005 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 30-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფს გარკვეულ თანხას პარტიების ორგანიზაციული და სხვა საქმიანობისათვის. გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. გამოყოფილი თანხა მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი, ხოლო 31-ე მუხლის თანახმად თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება პროპორციულად, ყოველთვიურად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა 2000 წლის 16 მაისამდე მო ქმედ ,,პარლამენტის წევრის ამომრჩეველთან ურთიერთობის ხელის შეწყობის ღონისძიებათა და პარლამენტის წევრის სტატუსის განმტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილების მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად პარტიული სიებით ან ბლოკებით არჩეულ პარლამენტის წევრთა ამომრჩეველთან ურთიერთობის სათანადო ორგანიზაციისათვის პარლამენტში მათი რაოდენობის პროპორციულად, თითოეული წევრისათვის გამოიყოფა და შესაბამისი პარტიის ანგარიშზე ირიცხება ყოველთიურად 100 ლარი.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე, რომლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნა, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ის ფაქტი, რომ ,,...» 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იყო პარტიული სიით არჩეული დეპუტატებისაგან, სასამართლოს განმარტებით საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და სასამართლოსგან დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს. აღნიშნული საკითხი არც მხარეების მიერ გამხდარა სადავო სასამართლო პროცესებზე.
სასამართლოს განმარტებით საქმის მასალებით დადასტურებულია და მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მხრიდან აღიარებულია ,,...» მიმართ არსებული დავალიანების 22800 ლარის არსებობის ფაქტი, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს პარლამენტს ,,...» სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების 22800 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო ხსენებული დასკვნების გაბათილება, რის გამოც მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის ¹281 განკარგულების შესაბამისად 2006 წლის 28 ივნისიდან 28 ივლისამდე მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის კრედიტორების რეგისტრაცია, რის შესახებაც ინფრომაცია გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და გაზეთებში: 2006 წლის 28 ივნისის ,,...», 2006 წლის 10 და 11 ივლისის ,,...». კასატორის გამნმარტებით გამომდინარე იქიდან, რომ ,,...» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის ¹281 განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია ხელახალი რეგისტრაციისათვის, იგი ვერ მოხვდა იმ კრედიტორული დავალიანებების შესახებ ნუსხაში, რომელიც გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
კასატორმა განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის ბალანსზე არსებობს ,,...» მიმართ არსებული დავალიანება 22 800 ლარის ოდენობით.
კასატორმა აღნიშნა, რომ 2008 წლის 18 ივნისს ,,...» განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა კუთვნილი დავალიანების გადახდა. კასატორის განმარტებით ,,...» გაგზავნილ წერილებში აღნიშნულია, რომ დავალიანების შესახებ მონაცემები გადაგზავნილი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და დავალიანების ანაზღაურება მოხდებოდა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის ¹281 განკარგულების შესაბამისად.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოქმნილი დავალიანების დაგროვება, ისევე როგორც ყველა საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების გამოწვეული იყო საბიუჯეტო დეფიციტით და შესაბამისი თანხების მიუღებლობით. ამდენად როგორც საქმეზე თანდართული-პარლამენტის აპარატის ბუღალტერიის მიერ გაცემული ცნობაშია დაფიქსირებული, ,,...» მიმართ გასაცემი თანხა კასატორის მიერ აღიარებულია, მაგრამ აღნიშნული თანხის გადახდა პირდაპირ და უშუალო კავშირშია ფინანსთა სამინისტროს მხრიდან პარლამენტის ანგარიშზე ამ თანხების ჩარიცხვასთან, რაც დღემდე არ მომხდარა, მათი მრავალგზის მოთხოვნის მიხედავად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ,,...» 1998 წლის 6 თებერვალს რეგისტრირებულია (რეგისტრაციის ნომერი 0011) საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის 2007 წლის 5 ოქტომბრის წერილით საქართველოს პარლამენტს ერიცხება ,,...» მიმართ დავალიანება 22800 ლარი, რომელიც წარმოიშვა 1998 წლის ივლის-ნოემბერში _ 9500 ლარი და 1999 წლის აპრილ-ოქტომბერში _ 13300 ლარი და მისი დაფარვა განხორციელდება ფინანსთა სამინისტროს მიერ წინა პერიოდის დავალიანებების დასაფარად საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფის შემთხვევაში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,...» 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტში წარმოდგებოდა პარტიული სიით არჩეული დეპუტატებისაგან.
«მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის თანახმად (2005 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით), სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფს გარკვეულ თანხას პარტიების ორგანიზაციული და სხვა საქმიანობისათვის. გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. გამოყოფილი თანხა მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი, ხოლო 31-ე მუხლის თანახმად, თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება პროპორციულად, ყოველთვიურად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა 2000 წლის 16 მაისამდე მოქმედი «პარლამენტის წევრის ამომრჩეველთან ურთიერთობის ხელის შეწყობის ღონისძიებათა და პარლამენტის წევრის სტატუსის განმტკიცების შესახებ» საქართველოს პარლამენტის დადგენილების მე-4 პუნქტი; ამ ნორმის თანახმად პარტიული სიებით ან ბლოკებით არჩეულ პარლამენტის წევრთა ამომრჩევლებთან ურთიერთობის სათანადო ორგანიზაციისათვის პარლამენტში მათი რაოდენობის პროპორციულად, თითოეული წევრისთვის გამოიყოს და შესაბამისი პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხოს ყოველთვიურად 100 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.