¹ბს-486-459(კ-09) 28 სექტემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-იანი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრი განჩინება
დავის საგანი - დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 30 ივლისს მ. მ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1993 წლიდან 2008 წლის 15 აპრილამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ, სამხედრო საჰაერო ძალების 322662-ე სამხედრო ნაწილში ... თანამდებობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, მიუღებელი დარჩა 1998-2000 წლების ხელფასი – 1574,51 ლარი და 2006-2008 წლის სანივთე ქონების კომპენსაცია – 652,97 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ხელფასის – 1574,51 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 652,97 ლარის, სულ –2227,48 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 1316,64 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის 652,97 ლარის, სულ – 1969,61 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-იანის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. მ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 1316,64 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 652,97 ლარის, სულ – 1969,61 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები, ხოლო ასეთი ხასიათის ერთ-ერთი დამატებითი უფლება და გარანტია სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლში, რომლის თანახმად, ამავე კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
საქმეში მოიპოვება ცნობა, რომელიც საქართველოს თავადაცვის სამინისტრომ გასცა მოსარჩელზე, სადაც მითითებულია თუ რა ოდენობის სახელფასო დავალიანება, კვების ულუფა და სანივთე ქონების კომპენსაცია ერგებოდა ყოფილ მოსამსახურეს მ. მ-იანს. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულით აღიარებულ იქნა დავალიანება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.
ამასთან, სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეყტო უფლების დარღვევის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი ადგენს საქართველში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.
,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე – ნ. მ-იანი იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და წარმოადგენდა საჯარო მოხელს და შესაბამისად მასზე უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები.
,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთ პირებს წარმოადგენენ სამხედრო მოსამსახურეები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კი ამ კანონის მოქმედება ვრცელდება პირველ და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოხელეებზე, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კანონის მე-9 და 37-ე მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, დადგენილია, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებული საბიუჯეტო დავალიანებები და კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 26 დეკემბრის ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ასევე აღიარებდა წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ამ შეთანხმებით გამოიყენონ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანების დასაფარავად.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
რაც შეეხება სანივთე ქონების კომპენსაციას, სასამართლოს განმარტებით, ხელფასი თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება სოციალური უზრუნველყოფის სახისგან – სასურსათო ულუფისგან და სანივთე ქონებისგან, რომელიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჯიმშია მოქცეული და ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნება და როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლით _ საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
აქედან გამომდინარე, კანონიერია საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინება, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს.
საყურადღებოა, განისაზღვროს, მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას. აღნიშნული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის განცხადება _ ნების გამოვლენა _ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი _ ბრძანების სახით), მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობის და მათი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენს მოსარჩელესა და სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად სრულიად არ არის საჭირო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის _ ხელშეკრულების არსებობა.
აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეებს კონკრეტული შინაარსისა და სტილის მქონე დოკუმენტის გაფორმებას ხელშეკრულების დადებისას. ხელშეკრულებათა ფორმები და სტილი შეიძლება იყოს განსხვავებული და შესაბამისად, წერილობითი განცხადება და ბრძანება თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, ერთობლიობაში წარმოადგენს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
აღნიშნული მიდგომა სახელმწიფოს მიერ ასევე ფაქტობრივად აღიარებულია "შრომის კოდექსის" მე-6 მუხლის მე-3 ნაწილითაც _ პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.
ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურზე ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა, უდავოა, უფრო მეტიც, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით, უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა, ანუ: ა) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის ვალდებულებას მიეცა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.
სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ხელფასი.
როგორც ცნობილია, სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2008 წელს.
ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.
რაც შეეხება 2006 წლის ფორმის ტანსაცმლის სანაცვლოდ გასაცემელი თანხის მოთხოვნას, კასატორის განმარტებით, როგორც ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი მიუთითებს, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანომდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია», შესაბამისად, სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის მოსარჩელე აღარ სარგებლობდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსით და მას აღარ ჰქონდა სანივთე ქონების კომპენასციის მოთხოვნის უფლება.
Aასევე უსაფუძვლოა 2006-2008 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნაც, ვინაიდან ,,სამხედრო სტატუსის შესახებ» საქრთველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი (ახალი რედაქციით) 2007 წლის მაისიდან აღარ ითვალისწინებს სამხედრო მოსამასახურეთა მიმართ ფორმის ტანსაცმელის ნაცვლად ფულადი კომპენასციის გაცემას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონირება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. მ-იანი მსახურობდა სამხედრო საჰაერო ძალების ¹2262 სამხედრო ნაწილში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილ ¹22662-ის ¹375 ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს: 1998 წლის ხელფასს – 132,24 ლარს, კვების კომპენსაციას – 236,00 ლარს, მატერიალურ დახმარებას – 32,04 ლარს, ჯილდოს – 66,44 ლარს, სულ – 466,72 ლარს. 1999 წლის ხელფასს – 192,24 ლარს, კვების კომპენსაციას – 354 ლარს, მატერიალური დახმარებას – 32,04 ლარს, ჯილდოს – 128,16 ლარს, სულ – 706,44 ლარს. 2000 წლის ხელფასს – 132,28 ლარს, კვების კომპენსაცის – 236,00 ლარს, ჯილდოს – 33,07 ლარს, სულ – 401,35 ლარს; სულ – 1316,64 ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილ ¹22662-ის ¹374 ცნობის თანახმად, კი მოსარჩელეს ასევე მიუღებელი აქვს 2006-2008 წლების სანივთე ქონების კომეპენსაცია - 652,97 ლარი.
"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა («საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილ ¹22662-ის მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმედეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება კვების კომპენსაციის _ 669,38 ლარის მ. მ-იანის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მ. მ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას დანარჩენ ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში განჩინება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. მ-იანის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის – 669,38 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 647,26 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის 652,97 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.