Facebook Twitter
ბს-492-465 (კ-09) 24 ივნისი, 2009წ

ბს-492-465 (კ-09) 24 ივნისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ა-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მესამე პირი _ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ვალის გადახდის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ჩ-ძემ, ვ. ს-ძემ, მ. ა-ძემ და მ. ა-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 27 ივნისის ¹724 ბრძანების ბათილად ცნობა და ვალის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის

2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ. ჩ-ძის, ვ. ს-ძის, მ. ა-ძის და მ. ა-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 27 ივნისის ¹724 ბრძანება და მოპასუხე დაევალა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების და მტკიცებულების დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მ. ა-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ჩ-ძის, ვ. ს-ძის, მ. ა-ძის და მ. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ძემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.