ბს-49-49(კ-09) 26 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ფ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 12 ივნისს თ. ფ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე შპს ,,...-ს” მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1994 წელს მას მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის გამოც დაკარგა შრომის უნარი და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიამ 1995 წლის 12 აპრილს დაუდგინა ინვალიდობის მეორე ჯგუფი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი ყოველწლიურად გადიოდა სამედიცინო შემოწმებას და მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, კომისია არ უდგენდა მას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს უვადოდ და მისი დადგენა გადაჰქონდა ყოველი მომდევნო წლისათვის.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიაზე შემოწმებას გადიოდა 12 წლის განმავლობაში, 2007 წელს კი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი საერთოდ არ დაუდგინეს, რის გამოც სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ზესტაფონის განყოფილებამ 2007 წლის 1 ნოემბრიდან შეუწყვიტა პენსიის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის მოსარჩელის საპენსიო საქმეში არსებული დოკუმენტაციის შესაბამისად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის უვადოდ განსაზღვრა და სოციალური სუბსიდიების სააგენტოში წარსადგენად სათანადო დოკუმენტაციის გაცემის დავალდებულება მოითხოვა, რათა აღდგენოდა პენსიის გაცემა 2007 წლის 1 ნოემბრიდან.
მოპასუხე შპს ,,...-მ” სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ 2007 წლამდე მოსარჩელისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს ისინი არ განსაზღვრავდნენ, ეს ევალებოდათ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროებს, რომლებიც 2007 წლის იანვრამდე ფუნქციონირებდნენ.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 აპრილის და 2008 წლის 4 მარტის ¹61/ნ ბრძანებების შესაბამისად მოსარჩელის დაავადება არ ითვალისწინებდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მნიშვნელოვან დაქვეითების მუდმივად დადგენას.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილად ჩაითვალა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება თ. ფ.-თვის სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების ნაწილში; თ. ფ.-ს დაუბრუნდა მის მიერ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი; დანარჩენ ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. ფ.-ი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებული იყო, რადგან დავა სოციალურ საკითხს უკავშირდებოდა, მას კი საქმის რაიონულ სასამართლოში განხილვისათვის გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარის ოდენობით, რაც უკანონო იყო და მისი უკან დაბრუნება უნდა მომხდარიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 20 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 26 მარტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.