საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-501-472(კ-09) 22 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
2008 წლის 21 აგვისტოს ნ. ჯ-ძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ამავე კომისიის 2008 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2008 წლის 21 ივლისს ჩაჰბარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება 2008 წლის 17 ივლისის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული აქტი მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ 1990 წელს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, 2 წლის ვადით, გამოეყო 0.346 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც კოლმეურნეობის საკუთრებას წარმოადგენდა. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მან გააგრძელა აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა საკუთრების უფლება, 2007 წლის 19 დეკემბერს გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა და მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 17 ივლისის საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მის სახელზე გაცემული ¹1195 საკუთრების უფლების მოწმობა და ამ მოწმობის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე შეტყობინება არ მიუღია, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, თუ რის საფუძველზე გაიცა მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, რის გამოც, მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული აქტი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწაყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაცო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით ნ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჯ-ძემ. კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ კასატორი ნ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებულ საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ 2009 წლის 16 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილები კასატორ ნ. ჯ-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 4 მაისს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2009 წლის 14 მაისს. კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2009 წლის 16 აპრილის
განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება კასატორი ნ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ნ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.