ბს-503-474(2კ-09) 11 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრისა და ო. მ-ძის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 7 დეკემბერს საქართველოს თავდაცავის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ო. მ-ძის მიმართ და მოითხოვა საკონტრაქტო პირობების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურება 2542,50 ლარის ოდენობით.
2006 წლის 3 მარტს სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ო. მ-ძემ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მხარეთა შორის 2005 წლის 30 მარტს დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახიველად გადაეგზავნა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს.
საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ქობულეთის რაიონული სასამართლოს, რომლის 2007 წლის 6 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ო. მ-ძეს დაეკისრა 2542,50 ლარის გადახდა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით ო. მ-ძის საჩივრის საფუძველზე, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 06 ივისის დაუსწრებელი გადაწყვტილება და განახლდა საქმის წარმოება.
2007 წლის 15 დეკემბერს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა მოპასუხისაგან ჯარიმის სახით 14000 ლარისა და ზიანის ანაზღაურების სახით 2542,50 ლარის გადახდა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ო. მ-ძეს დაეკისრა 2542 ლარის გადახდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ.
აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-ძემ და მოითხოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით ო. მ-ძის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინებით ო. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ო. მ-ძეს დაეკისრა ზარალის – 2542, 50 ლარის ანაზღაურება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა ჯარიმის სახით 14000 ლარის მოპასუხე ო. მ-ძეზე დაკისრების თაობაზე; ო. მ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინიტროს სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება.
გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო. მ-ძემ და მოითხოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქმე, ხელშეკრულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ო. მ-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე უარის თქმისა და ო. მ-ძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
აღნიშული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა ასევე ო. მ-ძემ, რომლითაც მოითხოვა განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მის შეგებებულ სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის განჩინებით ო. მ-ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარსა და ო. მ-ძის შეგებებულ საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ო. მ-ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარსა და შეგებებულ საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრისა და ო. მ-ძის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარსა და ო. მ-ძის შეგებებულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარსა და ო. მ-ძის შეგებებულ საკასაციო საჩივარს უარი ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.