Facebook Twitter

¹ბს-505-476(კ-09) 22 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ დ. ქ-ავა

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 29 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დ. ქ-ავას მიმართ და მოითხოვა მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგი თანხების გადახდის დაკისრება: ჯარიმის – 14000 ლარის, სანივთე დავალიანების _ 391,42 ლარის, ზიანის – 10345,84 ლარისა და პრიგასამტეხლოს – 2007 წლის 17 იანვრიდან სადავო თანხების გადახდამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად 14000 ლარის 0,2%-ის ოდენობით შემდეგი საფუძვლით:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹593 ბრძანებით დ. ქ-ავა 2005 წლის 15 მარტიდან გაიწვიეს სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ¹298 ბრძანებით დ. ქ-ავა დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. დ. ქ-ავა შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის დღიდან იყო სამხედრო მოსამსახურე. სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, «სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება». სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს გამოყოფილი ასიგნები და მათი მიზნობრივად გამოყენება სამინისტროს ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას, კვების, სანივთე უზრუნველყოფის, წვრთვნისა და აღჭურვის განხორციელებისათვის წინასწარ გეგმავს ფულად სახსრებს, იგი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხა განკარგოს დანიშნულებისამებრ, ანუ უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციული სამხედრო პერსონალით.

მოსარჩელის მოსაზრებით, მხარეებს შორის დადებული კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4-წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით სამინისტროს აუნაზღაუროს კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის თანხები.

დ. ქ-ავას სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენს ერთ წელსა და 10 თვეს. შესაბამისად, მასზე ვრცელდება კონტრაქტის 9.3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სამინისტროს აუნაზღაუროს კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის თანხა _ ერთ წლამდე და ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ სამსახურის დარჩენილი ვადის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით, რომელიც დაიანგარიშება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად. მოპასუხის ბოლო თვის ხელფასი შეადგენდა 493,68 ლარს. კონტრაქტის 7.3 და 7.4 მუხლებით გათვალისწინებული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადაში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეს თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, 2007 წლის 17 იანვრამდე. კონტრაქტის 7.4 მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 14000 ლარის 0,2%-ის ოდენობით 2007 წლის 17 იანვრიდან მოთხოვნილი თანხების გადახდამდე. კონტრაქტის 7.1 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების უსაფრთხოებასა და მოვლაზე. იგი მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრე სამინისტროა. მოპასუხეს კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ არ დაუბრუნებია სანივთე უზრუნველყოფით მიღებული ქონება. შესაბამისად, სანივთე დავალიანება შეადგენს 391,42 ლარს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დ. ქ-ავას მომზადებაზე დახარჯული თანხა შეადგენს 10345,84 ლარს (იხ. ს.ფ. 2-13).

თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ ცნო მოპასუხე დ. ქ-ავამ შემდეგი მოტივით:

მოპასუხის მითითებით, მას არ დაურღვევია თავდაცვის სამინისტროსთან 2005 წლის 15 მარტს დადებული კონტრაქტის 9.1.4; 7.3 პუნქტები და არ შეუქმნია კონტრაქტის შეწყვეტის პირობები, არ გააჩნია სანივთე დავალიანება.

მოპასუხის განმარტებით, 2006 წლის აპრილში გამოძახებული იყო განგაშზე, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო დროულად ვერ შესძლო გამოცხადება, რის გამოც დაუქვითეს ხელფასი. 2006 წლის ოქტომბრამდე ღებულობდა 15%-ით დაქვითულ ხელფასს. 2006 წელს დ. ქ-ავას გამოუცხადეს მადლობა და დააწინაურეს, კერძოდ, დაინიშნა ... ბატარეის ... ქვემეხის გათვლის მეთაურად. 2007 წლის 2 იანვარს დ. ქ-ავას მიეცა შვებულება სამი დღე, მაგრამ ამ უკანასკნელმა ოჯახური პირობების გამო ნაწილში დროულად გამოცხადება ვერ შესძლო, რის შედეგადაც იგი დაითხოვეს.

მოპასუხის მოსაზრებით, სამხედრო ნაწილის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2007 წლის 16 იანვრის ¹06670 დადგენილებით უკანონოდ იქნა დათხოვნილი შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის მოტივით, იგი არ იყო კანონით დადგენილი წესით მიწვეული სამანდატო კომისიის სხდომაზე (იხ. ს.ფ. 39-50).

2008 წლის 19 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, კონტრაქტის პირობების შესაბამისად დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 14000 ლარის, სანივთე დავალიანების – 391,42 ლარის, ზიანის _ 10345,84 ლარისა და პირგასამტეხლოს – 14000 ლარის 0,2%-ის გადახდა ყოველდღიურად 2007 წლის 17 იანვრიდან მითითებული თანხების გადახდამდე (იხ. ს.ფ. 56-57).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დ. ქ-ავას დაეკისრა ზიანის – 10345,84 ლარის, სანივთე დავალიანების – 391,42 ლარის, ჯარიმის – 14000 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა ზიანის, სანივთე დავალიანებისა და ჯარიმის ნაწილში, მაგრამ არ გაიზიარა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ რადგან საქმეში არ მოიპოვებოდა დ. ქ-ავას სამუშაოდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ¹298 ბრძანების მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 77-78).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დ. ქ-ავას არ ჩაჰბარებია მისი დათხოვნის შესახებ ბრძანება, რადგან კონტრაქტის 7.3 პუნქტი ცალსახად ადგენს კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღიან ვადაში ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ იწყება პირგასამტეხლოს ვადის დენა, რაც ცნობილი იყო მოპასუხისათვის. საქმეში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის ¹2 ოქმი, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ დ. ქ-ავამ უარი განაცხადა შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის შესახებ, მას განემარტა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებდა კონტრაქტის პირობების დარღვევით დათხოვნას (იხ. ს.ფ. 81-90).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ დ. ქ-ავას წარმომადგენელმა და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 111-114).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დ. ქ-ავას დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 14000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველთვიურად 2008 წლის 5 მაისიდან ძირითადი თანხის გადახდამდე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 15 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. ქ-ავას შორის დაიდო ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 5 თებერვლის ¹298 ბრძანებით დ. ქ-ავა დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2007 წლის 16 იანვრიდან.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს განმატება, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება სამხედრო მოსამსახურეს წარმოეშვება იმ შემთხვევაში, როცა მას კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდება ბრძანების ასლი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ დ. ქ-ავას საერთოდ არ ჩაჰბარებია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ასლი, რაც პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების უპირობო საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა 2008 წლის 29 აპრილს, სარჩელს დართული ჰქონდა თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ¹298 ბრძანების ასლი დ. ქ-ავას შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მოპასუხეს გადაეგზავნა სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, რომლებიც დ. ქ-ავას ჩაჰბარდა 2008 წლის 5 მაისს.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ. ქ-ავამ დაარღვია მასა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2005 წლის 15 მარტს დადებული ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურის გავლის შესახებ, რის გამოც არსებობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ქ-ავას ასევე ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «ზ» ქვეპუნქტით, 65.2 მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418.2, 419-ე მუხლებით და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსი უშვებს ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების ერთდროულად არსებობის შესაძლებლობას. ის გარემოება, რომ სამხედრო მოსამსახურეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, არ უკარგავს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სარჩელით ითხოვდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას 14000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველთვიურად ძირითადი თანხის გადახდამდე. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2008 წლის 19 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება მოპასუხისათვის 14000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას, რაც სსსკ-ის 83.2 მუხლის შესაბამისად დაუშვებელია საქმის წინასწარი სასამართლოს განხილვისათვის მომზადების შემდეგ მოპასუხის წინასწარი თანხმობის გარეშე. რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე დავის საგნის გაზრდას არ დაეთანხმა მოპასუხე (იხ. ს.ფ. 123-130).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გაადწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილება სრულად შემდეგი მოტივით:

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა არა ყოველდღიური, არამედ ყოველთვიური ოდენობით.

კასატორის მითითებით, თავდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ რაიონულ სასამართლოში ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებული და ყოველი ვადაგადაცილებული თვის ნაცვლად ითხოვდა პირგასამტეხლოს გადახდას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. ამასთან, კონტრაქტის პირობებით ცალსახად არის განსაზღვრული რა დრომდე უნდა მომხდარიყო საჯარიმო თანხის გადახდა, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ პირგასამტეხლოს ვადის დენის დაწყება. საქმეში წარმოდგენილი მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის ¹2 ოქმის თანახმად, დ. ქ-ავამ უარი განაცხადა შეიარარებული ძალების რიგებში საკონტრაქტო სამსახურის გაგრძელებაზე. მას განემარტა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს კონტრაქტის პირობების დარღვევით დათხოვნას შეიარაღებული ძალებიდან, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოპასუხემ იცოდა, 2007 წლის 16 იანვარს კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ, რის გამოც უპირობოდ გახდა ვალდებული შეესრულებინა კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები. დ. ქ-ავას თანხა უნდა გადაეხადა 2007 წლის 17 იანვრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 140-148).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ დ. ქ-ავამ იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება და საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია (იხ. ს.ფ. 167-172).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 174-178).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 404.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და მას არა აქვს მინიჭებული საპროცესო კომპეტენცია იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაუსაჩივრებელ ნაწილში და შეაფასოს მოთხოვნის დაკმაყოფილების მართლზომიერებასა და კანონიერებაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ ნაწილში, რომლითაც დ. ქ-ავას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 14000 ლარის 0,2%-ის ოდენობით არა ყოველდღიურად, არამედ ყოველთვიურად ძირითადი თანხის გადახდამდე. შესაბამისად, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების დაკისრების ნაწილში საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტრომ რაიონულ სასამართლოში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება მოითხოვა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თავდაცვის სამინისტრო სარჩელით ითხოვდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას 14000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველთვიურად ძირითადი თანხის გადახდამდე და მოსარჩელის წარმომადგენელმა მხოლოდ რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე – 2008 წლის 19 სექტემბერს დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდად, რაც დაუშვებელია სსსკ-ის 83.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელემ სარჩელის წარდგენის შემდეგ, მაგრამ საქმის წინასწარი განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე, 2008 წლის 19 ივნისს განცხადება წარადგინა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 14000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად 2007 წლის 17 იანვრიდან ძირითადი თანხის გადახდამდე (იხ. ს.ფ. 56-57). აღნიშნულის შემდეგ, რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საქმე Dჩაითვალა მომზადებულად და დაინიშნა მთავარი სხდომა (იხ. ს.ფ. 59).

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება მოხდა მთავარ სხდომაზე. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნის გაზრდად და მიუთითა, რომ მოპასუხე მოსარჩელის მიერ დავის საგნის გაზრდას არ დაეთანხმა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ამგვარი საპროცესო მოქმედების შესახებ არ არის მითითებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმში (იხ. ს.ფ. 66-67). შესაბამისად, გაურკვეველია, რის საფუძველზე მივიდა სააპელაციო სასამართლო ამგვარ დასკვნამდე.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაში სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ფორმულირება წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას თუ დაზუსტებას მით უფრო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა მხარეებს შორის 2005 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (კონტრაქტი), კერძოდ, ხელშეკრულების 7.4 მუხლი, რომლითაც პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის პირობებში მისი ანაზღაურება დადგენილია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ს.ფ. 24).

საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვადის დენის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელე ითხოვდა პირგასატეხლოს ანაზღაურებას 2007 წლის 16 იანვრიდან, სამხედრო ნაწილის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2007 წლის 16 იანვრის სხდომის ჩატარების თარიღიდან, როდესაც, მოსარჩელის მითითებით, დ. ქ-ავამ უარი განაცხადა შეიარაღებული ძალების რიგებში საკონტრაქტო სამსახურის გაგრძელებაზე და ამ უკანასკნელს განემარტა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებდა კონტრაქტის პირობების დარღვევით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნას. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ამ დროიდან მოპასუხისათვის ცნობილი იყო კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ, რის გამოც იგი უპირობოდ ვალდებული გახდა შეესრულებინა კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში, რაზეც არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს, ხოლო ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული პროცესუალური უფლებამოსილება თავად მიიღოს მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს ჩაჰბარდა თუ არა კანონით დადგენილი წესით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობას უკავშირებს კონტრაქტის შეწყვეტის შედეგად ჯარიმის გადახდისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ამოწურვის შედეგად კონტრაქტით გათვალისწინებული თანხების გადაუხდელობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს როდის წარმოეშვა მოპასუხე დ. ქ-ავას პირგასამტეხლოს გადახდის კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა იმსჯელოს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის მუხედავად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოტივები შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის შესახებ და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაადგინოს ობიექტური გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.