Facebook Twitter
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-506-477(2კ-09) 10 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შ. ვ-ძის, ო. მ-ძის, მ. ჩ-შვილის, ი. ა-ძისა და ხ. ჩ-იდის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე დ. ბ-ძის მიმართ, მესამე პირები: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, მოპასუხეები: აჭარის ა/რ მთავრობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური.

2008 წლის 27 მაისს დ. ბ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2008 წლის 18 აპრილის ¹36 ბრძანების ბათილად ცნობისა და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2007 წლის 18 ივლისს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაზეთ ,,...’’ გამოაცხადა აუქციონი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე ყოფილი მოძრავ-მექანიზებული კოლონა ¹45-ის 421,1 კვ.მ ადმინისტრაციული შენობისა და მასზე მიმაგრებული 934 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით. 2007 წლის 16 აგვისტოს აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა დ. ბ-ძე, რის თაობაზეც შედგა ოქმი, 2007 წლის 6 ოქტომბერს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და დ. ბ-ძეს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. 2007 წლის 28 დეეკემბერს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დ. ბ-ძის სახელზე გასცა საკუთრების მოწმობა, რის საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის საკუთრებად. პრივატიზაციასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით შ. ვ-ძის, ო. მ-ძის, მ. ზ-ძის, მ. ჩ-შვილის, ი. ა-ძისა და ხ. ჩ-იდის მიერ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან წარდგენილ იქნა საჩივარი. აჭარის ა/რ მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის ¹36 ბრძანებით დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ,,ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე ყოფილი მოძრავ-მექანიზებული კოლონა ¹...-ის 421,1 კვ.მ ადმინისტრაციული შენობისა და მასზე მიმაგრებული 934 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ’’ აჭარია ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 17 ივლისის ¹803 ბრძანება, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 16 აგვისტოს სააუქციონო ვაჭრობის ოქმი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს ¹925 ბრძანება, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და დ. ბ-ძეს შორის 2007 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი და დ. ბ-ძის მიმართ გაცემული 2007 წლის 28 დეკემბრის ¹717-ა საკუთრების მოწმობა.

მოსარჩელე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2008 წლის 18 აპრილის ¹36 ბრძანებას უკანონოდ მიიჩნევდა, რადგან სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას არ მიეკუთვნებოდა. აჭარია ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2008 წლის 18 აპრილის ¹36 ბრძანებით სხვა აქტებთან ერთად ბათილად იქნა ცნობილი აჭარია ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და დ. ბ-ძეს შორის 2007 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რის უფლებამოსილება აჭარია ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს არ გააჩნდა. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ საჩივრის ავტორები არ იყვნენ დაინტერესებული მხარეები, რადგან გასაჩივრებული აქტებით არ დარღვეულა მათი უფლებები და აქტების ბათილად ცნობით ისინი სადავო ქონებაზე ვერანაირ უფლებებს ვერ მოიპოვებდნენ. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას სასამართლოს წარმოებაში იყო სარჩელი იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული გარემოება არ გამოურკვევია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ შ. ვ-ძე, ო. მ-ძე, მ. ზ-ძე, მ. ჩ-შვილი, ი. ა-ძე და ხ. ჩ-იდი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ბ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით დ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე აჭარის ა/რ მთავრობამ და მესამე პირებმა _ შ. ვ-ძემ, ო. მ-ძემ, მ. ზ-ძემ, მ. ჩ-შვილმა, ი. ა-ძემ, ხ. ჩ-იდმა საკასაციო საჩივრები წარადგინეს.

კასატორი აჭარია ა/რ მთავრობა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას ითხოვდა.

კასატორები _ შ. ვ-ძე, ო. მ-ძე, მ. ზ-ძე, მ. ჩ-შვილი, ი. ა-ძე და ხ. ჩ-იდი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი დაგაწყვეტილებით დ. ბ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვდნენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ კასატორების _ შ. ვ-ძის, ო. მ-ძის, მ. ზ-ძის, მ. ჩ-შვილის, ი. ა-ძისა და ხ. ჩ-იდის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებულ საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორებს დაევალათ მათთვის ხარვეზის შესახებ 2009 წლის 21 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მანანა ზოსიძის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილები კასატორების _ შ. ვ-ძეს, ო. მ-ძეს, მ. ჩ-შვილს, ი. ა-ძესა და ხ. ჩ-იდს ჩაჰბარდათ 2008 წლის 5 მაისს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2009 წლის 15 მაისს. კასატორებმა მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება კასატორების _ შ. ვ-ძის, ო. მ-ძის, მ. ჩ-შვილის, ი. ა-ძისა და ხ. ჩ-იდის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შ. ვ-ძის, ო. მ-ძის, მ. ჩ-შვილის, ი. ა-ძისა და ხ. ჩ-იდის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.