ბს-512-483(კ-09) 13 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. ნ-ოვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე.
შ. ნ-ოვმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა «ლაგოდეხის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ქირის შემოღების შესახებ» ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 2005 წლის 15 თებერვლის ¹2/15 დადგენილების ბათილად ცნობა და მისი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლეების მიერ მოცემულ საქმეზე თვითაცილების შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 2007 წლის 11 ივნისის წერილით ადმინისტრაციული საქმე შ. ნ-ოვის სარჩელის გამო, განსახილველად გადაეგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. ნ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 2005 წლის 15 თებერვლის ¹2/15 დადგენილება და მისი მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრა მისივე ძალაში შესვლის დღიდან.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ნ-ოვმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შ. ნ-ოვის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან, კერძოდ, გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების საფოსტო (შპს «სკს») ბარათიდან ირკვევა, რომ შ. ნ-ოვს (მის მეუღლეს _ ლ. ნ-ოვს) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მისამართზე _ სიღნაღის რაიონი, სოფ. ..., ჩაჰბარდა 2009 წლის 27 თებერვალს (ს.ფ. 127), შ. ნ-ოვმა კი აღნიშნულ განჩინებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით შეიტანა 2009 წლის 30 მარტს (ს.ფ. 134), ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა შ. ნ-ოვისთვის ამოიწურა 2009 წლის 27 მარტს (პარასკევი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შ. ნ-ოვმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა _ შ. ნ-ოვის საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს შ. ნ-ოვის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.