Facebook Twitter

ბს-521-492(კ-09) 11 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 15 მარტს მ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. გ-შვილის სარჩელი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა, უზრუნველეყო მ. გ-შვილის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და ამ მიზნით გამოეყო მისთვის 1160 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. იმ პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროში ფუნქციათა უწყებრივი გადანაწილების გათვალისწინებით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ჩაება. 2003 წლის 4 აპრილს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ მოსარჩელის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად გაიცა ¹364/03/V საგარანტიო წერილი 1478,53 ლარზე სს “...” წარსადგენად, რადგან აღნიშნულმა ცენტრმა, სახელმწიფო სტანდარტზე მითითებით, იმ პერიოდისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულება ასე განსაზღვრა. მოსარჩელემ აღნიშნული საგარანტიო წერილი დაუყოვნებლივ წარადგინა სს “...”. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 5 მაისის განჩინებით კი დაკმაყოფილდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იმ პერიოდში, ობიექტური მიზეზების გამო, მისთვის ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა. 2004 წლის შემოდგომაზე მოსარჩელემ მიმართა სს “...”, თუმცა სამედიცინო დაწესებულებამ უარი განაცხადა 2003 წელს გაცემული საგარანტიო ფურცლით მომსახურებაზე, იმ მოტივით, რომ ამგვარი დაფინანსება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფუნქციებში აღარ შედიოდა და ოპერაციის ღირებულებაც გაზრდილი იყო. 2005 წლის 10 ივნისს მ. გ-შვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა საკუთარი ხარჯებით გაეკეთებინა ოპერაცია.

მოსარჩელის განმარტებით, ის გარემოება, რომ ობიექტური მიზეზების გამო, მისთვის ოპერაციის გაკეთება იმავე წელს ვერ მოხერხდა, არ ნიშნავდა იმას, რომ მოპასუხე საერთოდ გათავისუფლდა აღნიშნული ვალდებულებისაგან. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მოსარჩელის მიერ ოპერაციისათვის გაღებული თანხა 2136 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნით მოსარჩელემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ ქირურგიული ოპერაციისთვის გაღებული თანხის _ 2136 ლარის ანაზღაურება დაკისრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მაისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ჩაება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მაისის სხდომაზე მ. გ-შვილმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და საბოლოოდ მოითხოვა მის მიერ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის გაღებული თანხის _ 976 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მ. გ-შვილის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის გაღებული თანხის _ 976 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება მ. გ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით თავდაპირველი მოპასუხე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოთი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. გ-შვილის წერილობითი შუამდგომლობა და განსახილველ საქმეზე მ. გ-შვილის შეგებებულ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით შეწყდა საქმის წარმოება შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-შვილმა. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.