Facebook Twitter
ბს-523-494(კ-09) 18 ივნისი, 2009წ

ბს-523-494(კ-09) 18 ივნისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 13 სექტემბერს კასპის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე გ. მ-ძემ მოპასუხეების კასპის რაიონის გამგეობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა საწარმოო ტრამვის გამო ზიანის ანაზღაურება 1993 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის ოქტომბრამდე - 22,88 ლარის ოდენობით, ხოლო 2005 წლის ოქტომბრიდან ყოველთვიურად 160 ლარის გადახდევინება.

კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2005 წლის 16 ნოემბერს მოსარჩელემ წარადგინა დამატებითი სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებს დაკისრებოდათ საწარმოო ტრამვის გამო ზიანის ანაზღაურება 1993 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის დეკემბრამდე 7008 ლარისა და ასევე მკურნალობის, მკურნალობასთან დაკავშირებული ტრანსპორტისა და დამატებით კვების ხარჯების – 1500 ლარის ანაზღაურება.

კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს: კასპის რაიონის გამგეობასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ დასახიჩრების შედეგად მიყენებული ზიანის დავალიანების - 7008 ლარისა და 2005 წლის 1 დეკემბრიდან ყოველთვიურად 48 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მოითხოვა კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიცავალა სათანადო მოპასუხით სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოთი.

გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მოპასუხედ დარჩა სოციალური სუბსიდიების სააგენტო, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქმეში ჩაბმულ იქნა მე-3 პირად ასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ძემ და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს კასპის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით გ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. მ-ძის საკასაციო საჩივარი.

2009 წლის 28 აპრილს სოციალური მომსახურების სააგენტომ შესაგებლით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. მ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.