ბს-524-495(კ-09) 28 ოქტომბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს კონტროლის პალატა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ა-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ა-შვილმა 2007 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და მოითხოვა საქართველოს კონტროლის პალატის 2007 წლის 29 ივნისის ¹148/17 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით მოსარჩელის მონაწილეობით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის-საქართველოს კონტროლის პალატის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –2007 წლის 29 ივნისის ¹148/17 წერილი; შესაბამისად, მოპასუხეს – საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა მოსარჩელის- ლ. ა-შვილის 2007 წლის 16 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით მოსარჩელის მონაწილეობით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება; საჩივართან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევის, შესწავლისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად ახალი გადაწყვეტილების (ახალი ადმინისტრაციულ_სამართლებრივი აქტის) მიღება მოსარჩელის ადმინისტრაციულ საჩივრის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის ¹604 ბრძანების, 2007 წლის 18 იანვრის ¹11 ბრძანების, 2007 წლის 22 თებერვლის ¹53 ბრძანების საფუძველზე საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2006 წლის 11 დეკემბრიდან 2007 წლის 13 მარტამდე დროის შუალედში ჩატარებულ იქნა თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2004 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზია, რის შედეგადაც შედგენილ იქნა 2007 წლის 12 მარტის ¹51/47 აქტი; რევიზიის აქტი შეეხო სამსახურზე დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების შესრულების მდგომარეობას, გამოყოფილი ასიგნენებისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების მიღებისა და გამოყენების მდგომარეობას, სალაროსა და საბანკო ოპერაციების წარმოების წესს, ძირითადი ფონდებისა და მატერიალური ფასეულობების მიღების, გამოყენების და განკარგვის კანონიერებას და ა.შ. აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს შემმოწმებლებმა მისცეს სამართლებრივი შეფასება, მიუთითეს მთელი რიგი სამართლებრივი ნორმების დარღვევა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ რევიზიის აქტი უშუალოდ შეეხო ლ. ა-შვილის ინტერესებს, ვინაიდან იგი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2007 წლის 12 მარტის ¹51/47 რევიზიის აქტი ლ. ა-შვილს ჩაბარდა 2007 წლის 20 მარტს, ხოლო მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა 2007 წლის 16 აპრილს, რომლითაც მოითხოვნილ იქნა 2007 წლის 12 მარტის ¹51/47 რევიზიის აქტის ბათილად ცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ა-შვილმა თავის ადმინისტრაციულ საჩივარში ჩამოაყალიბა სამი შუამდგომლობა; კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ ა) მოპასუხეს ადმინისტრაციული წარმოებისას ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მმართვის საქალაქო სამსახურიდან და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციიდან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან გამოეთხოვა და გამოეკვლია ყველა დოკუმენტი, რომელზეც აპელირებდა შემმოწმებელთა ჯგუფი; ბ)განხილვაზე მოწვეული ყოფილიყო სამსახურის ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების თანამშრომლები: ზ. ლ-ძე, ზ. თ-ძე, თ. ბ-შვილი, ღ. გ-შვილი, ს. გ-ძე, ა. ა-ია; გ)საჩივრის განხილვამდე მოპასუხეს უზრუნველეყო მოსარჩელისათვის შემოწმების მთელი მასალის გაცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ა-შვილის ადმინისტრაციული საჩივარი და საერთოდ არ იმსჯელა მის მიერ ჩამოყალიბებულ შუამდგომლობებზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატას გააჩნდა საჩივარში ჩამოყალიბებული შუამდგომლობების განხილვის ვალდებულება, ხოლო მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში უნდა დაესაბუთებინა მიღებული გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა უნდა მომხდარიყო საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ორგანიზებულ ზეპირ სხდომაზე, ასეთი სხდომის ჩატარება სავალდებულოა იმ ორი გამონაკლისის შემთხვევის გარდა, რომლებზედაც მითითებულია ზემოაღნიშნულ მუხლში და რომელთაგანაც არცერთს ადგილი არ ჰქონია მოცემულ სადავო შემთხვევაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ. ა-შვილს არ განუცხადებია თანხმობა იმის თაობაზე, რომ მისი საჩივარი საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განხილული ყოფილიყო ზეპირი მოსმენის გარეშე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი- 2007 წლის 29 ივნისის ¹148/17 წერილი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი იმ მოტივით, რომ იგი გამოიცა მისი მომზადებისა და გამოცემისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნის დაუცველად, მათ შორის –ზეპირი სხდომის ჩატარების გარეშე; აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს ევალებოდა ზეპირი სხდომის ჩატარება, რომელიც, როგორც წესი უნდა ყოფილიყო ღია და საჯარო, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა კანონით დადგენილი მოთხოვნები, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის უცილო საფუძველია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილი მოთხოვნები, რის საფუძველზეც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა იმავე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვითაც რომც განხორციელებულიყო ლ. ა-შვილის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, მიღებული იქნებოდა იგივე შედეგი, რაც 2007 წლის 29 ივნისის ¹148/17 წერილით იქნა მიღებული, რადგან მოსარჩელე ადმინისტრაციული საჩივრით სადავოდ ხდიდა 15 საკითხს, კონტროლის პალატამ კი თხუთმეტივე საკითხი განიხილა სრულყოფილად და ამომწურავი პასუხი გასცა.
კასატორი აღნიშნავს, რომ კონტროლის პალატა ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურში ახორციელებდა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოპლექსურ რევიზიას, რომლის პროცესშიც დეტალურად იქნა შესწავლილი ის საკითხებიც, რაც შემდგომში მოსარჩელის მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული. მართალია, რევიზიის მიმდინარეობისას მოსარჩელე არ წარმოადგენდა შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს, თუმცა რევიზიის პერიოდი შეეხო მისი ხელმძღვანელობის პერიოდსაც, მაგრამ ყველა დოკუმენტი ინახება და უნდა ინახებოდეს იმ დაწესებულებაში, რომელშიც მიმდინარეობს რევიზია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულ იქნა თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2004 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზია, რის შედეგადაც შედგენილ იქნა 2007 წლის 12 მარტის ¹51/47 აქტი (ტომი I, ს.ფ. 55-119).
ლ. ა-შვილმა საქართველოს კონტროლის პალატის 2007 წლის 12 მარტის კომპლექსური რევიზიის ¹51/47 აქტზე იმავე ორგანოში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რადგან იგი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსად. ლ. ა-შვილმა კონტროლის პალატაში წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში ყურადღება გაამახვილა 15 საკითხზე (ტ.I,სფ.16-27).
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2007 წლის 29 ივნისის ¹148/17 წერილით არ დაკმაყოფილდა ლ. ა-შვილის ადმინისტრაციული საჩივარი; როგორც ამ წერილის შინაარსით ირკვევა, საქართველოს კონტროლის პალატამ პასუხი გასცა ლ. ა-შვილს მის საჩივარში დასმული თხუთმეტი საკითხის მიხედვით (ტ.Iსფ.8-13). ლ. ა-შვილმა სასარჩელო განცხადებით საქართველოს კონტროლის პალატის 2007 წლის 29 ივნისის ¹148/17 წერილი მიიჩნია სადავოდ.
საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ ლ. ა-შვილის ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე; მაგრამ სააპელაციო პალატამ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქართველოს კონტროლის პალატის 2007 წლის 29 ივნისის ¹148/17 წერილის ბათილად ცნობის შესახებ იმ მოტივით, რომ იგი გამოიცა მისი მომზადებისა და გამოცემისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნის დაუცველად (მათ შორის –ზეპირი სხდომის ჩატარების გარეშე), რომ კონკრეტულად არ შეამოწმა ამ წერილის შინაარსის საფუძვლიანობა; არ მიუთითა ის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც დადგენილი იქნებოდა ლ. ა-შვილის უშუალო მონაწილეობით რომ განხილულიყო მისი საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე; ამ ნორმის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა ზემოაღნიშნული ნორმა, რადგან სასამართლომ არ დაასაბუთა რატომ იყო შეუძლებელი, თვითონ გამოეკვლია საქმის გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.